პარასკევს, 24 მაისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ცრემლმორეულმა ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ ბრექსიტით - ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყვანის პროცესით - განცდილი მარცხის გამო 7 ივნისს თანამდებობას ტოვებს. ამით დაიწყო ახალი პრემიერის ძიების პროცესი - პრემიერის, რომელმაც ევროკავშირისგან გამოყოფა უფრო უმტკივნეულოდ უნდა განახორციელოს.
პოსტზე მოსვლისას ტერეზა მეის „ახალ რკინის ლედის“ უწოდებდნენ, მაგრამ პრემიერის თანამდებობას ის, ფაქტობრივად, დამარცხებული და მწვავედ გაკრიტიკებული ტოვებს. მეისთვის ბრექსიტი გახდა ჯერ წარმატების, შემდეგ კი პოლიტიკური მარცხის საფუძველი.
ამ ეტაპზე მეის წასვლა ბრექსიტის კრიზისს მხოლოდ აღრმავებს. ახალი ლიდერი, რომელიც ივლისის ბოლოს დაინიშნება, დიდი ალბათობით, უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას მოინდომებს, რაც ზრდის ევროკავშირთან კონფრონტაციის გამწვავებისა და შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ალბათობას.
მეის პოტენციურ შემცვლელებს შორის ყველაზე ძლიერ კანდიდატად ბორის ჯონსონი განიხილება - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მზად უნდა იყოს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებისთვის, რათა ბლოკს „კარგი შეთანხმების“ შეთავაზებისკენ უბიძგოს.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმაც.
24 მაისს ტერეზა მეიმ თქვა, რომ ტოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს. გამოსვლის დროს ის ემოციური იყო, ბოლო მომენტში ცრემლებიც მოერია.
ამას არ ვაკეთებ ცუდი განზრახვით, ვაკეთებ უზარმაზარი და სამუდამო მადლიერებით შესაძლებლობისთვის მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს...ტერეზა მეი
„მალე დავტოვებ სამსახურს, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო“, - თქვა დაუნინგ სტრიტზე განთავსებული ოფიციალური რეზიდენციის წინ ტერეზა მეიმ. „მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი, თუმცა ნამდვილად არა უკანასკნელი“, - დასძინა მან.
„ამას არ ვაკეთებ ცუდი განზრახვით, ვაკეთებ უზარმაზარი და სამუდამო მადლიერებით შესაძლებლობისთვის მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, - თქვა ჩვეულებრივ თავდაჭერილმა, მაგრამ ამჯერად აცრემლებულმა მეიმ.
ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ დროს მოიპოვა, როცა ბრიტანეთში 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ პოლიტიკური მღელვარება იყო. მეის პოსტის დატოვება მოუხდა თავისი უმთავრესი პირობის შეუსრულებლად - რომ დიდ ბრიტანეთს ბლოკიდან გამოიყვანდა და გახლეჩილ საზოგადოებას შეარიგებდა.
„ის, რომ ბრექსიტი ვერ განვახორციელე, ჩემთვის არის და ყოველთვის იქნება დიდი სინანულის საგანი“, - თქვა მეიმ და დასძინა, რომ მის შემცვლელს მოუწევს შეთანხმების მიღწევა 2016 წლის რეფერენდუმის შედეგის პატივსაცემად.
მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების ლიდერმა, ჯერემი კორბინმა თქვა, ახალმა პრემიერ-მინისტრმა არჩევნები უნდა ჩაატაროს, რათა „ხალხმა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალიო“.
როგორც ბიბისი წერს, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პირველ ეტაპზე მეის - ისევე, როგორც ბრიტანეთის პოლიტიკოსების დიდ უმრავლესობას - კარგად გაცნობიერებული არც ჰქონდა, რას ნიშნავდა ქვეყნის გამოყვანა კავშირიდან, რომელში ინტეგრაციაც მან თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოახდინა.
შესაძლოა, - ამბობენ ანალიტიკოსები, - პარტიულ ფუნქციონერ მეის არ აღმოაჩნდა საკმარისი ხედვა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ასევე უნარი შეეწყვიტა კომპრომისების ძიება იქ, სადაც მათი მიღწევა შეუძლებელი იყო. მაგრამ მისი მარცხის მთავარ მიზეზად მაინც მის ჩიხში აღმოჩენას მიიჩნევენ. მეი აღმოჩნდა ვითარებაში, რომელშიც მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება მწვავე აღშფოთებას იწვევდა ბრექსიტით გახლეჩილი პოლიტიკური ელიტის ან ერთი, ან მეორე მხრიდან.
პრემიერმინისტრობის პერიოდში მეიმ რამდენიმე კრიზისს გაუძლო ბრექსიტთან დაკავშირებით კომპრომისული შეთანხმებების მიღწევის წარუმატებელი მცდელობების გამო. 2019 წლის 19 იანვარს დეპუტატებმა გადამწყვეტი უარი უთხრეს მეის მიერ მიღწეულ ბრექსიტის შეთანხმებას - ხმები 432-202-ზე გაიყო, რაც ყველაზე მძიმე მარცხი იყო თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში. შემდეგ ლეიბორისტების ლიდერმა, ჯერემი კორბინმა, მეისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოიწვია, რომელსაც მეი მაშინ გადაურჩა და პოსტი შეინარჩუნა.
პოსტიდან მეის წასვლის მომენტში ბრიტანეთში საზოგადოება დაყოფილია, პოლიტიკური ელიტა კი ჩიხშია შესული ევროკავშირის დატოვების საკითხის გარშემო - როდის, როგორ, ან საერთოდ თუ უნდა დატოვონ ბლოკი. ამ ეტაპზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 31 ოქტომბერია დანიშნული.
მეის შემცვლელობის კანდიდატთა უმრავლესობას ევროკავშირიდან გამოსვლა უფრო მკაცრი პირობებით სურს. ევროკავშირი კი ამბობს, რომ აღარ დააყენებს განხილვაზე ბრიტანეთთან ნოემბერში მიღწეულ შეთანხმებას.
ესპანეთი ამბობს, რომ ახლა უკვე, დიდი ალბათობით, გარდაუვალია ე.წ. მძიმე ბრექსიტი, ანუ ბლოკთან კავშირის სრულიად გაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ შეთანხმება არ შეიცვლება. ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა, რომ მეის გადადგომის შესახებ ცნობას ხვდება „პირადი სიხარულის გარეშე“.
ევროკავშირს 31 ოქტომბერს დავტოვებთ. შეთანხმებით, ან მის გარეშე...ბორის ჯონსონი
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვნიმაც ხაზი გაუსვა ბლოკის პოზიციას, რომ ბრექსიტის უკეთესი შეთანხმება არ იქნება: „ეს მოსაზრება, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი უფრო მკაცრი მომლაპარაკებელი იქნება ... და ევროკავშირთან ბრიტანეთისთვის უკეთეს შეთანხმებას მიაღწევს... - ევროკავშირი ასე არ მუშაობს“, - უთხრა მან ირლანდიის ერთ-ერთ რადიოსადგურს.
ამ ეტაპზე ბორის ჯონსონს ყველაზე მეტი შანსი აქვს გახდეს ტერეზა მეის შემცვლელი. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ბუკმეკერთა ბაზრებზე 40-მა პროცენტმა დადო ფსონი მისი გაპრემიერების ალბათობაზე.
თავად ჯონსონმა შვეიცარიაში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოხატა პოზიცია და კონსერვატიულ პარტიაში ბრექსიტის მომხრეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ევროკავშირს 31 ოქტომბერს დავტოვებთ. შეთანხმებით, ან მის გარეშე“.
ჯონსონმა დასძინა, ბლოკის დატოვების შემდეგ ბრიტანეთი შეძლებს ევროპასთან „თავისუფალი ვაჭრობის ფანტასტიკური ურთიერთობის“ დამყარებას და, ამავე დროს, თავისუფალი ვაჭრობის გლობალური დამცველიც იქნებაო.
სხვა კანდიდატებს შორის განიხილავენ დომინიკ რააბს, ბრექსიტის მომხრეს და ბრექსიტის ყოფილ მდივანს - მას ფსონის დამდებთა 14 პროცენტი უწინასწარმეტყველებს გაპრემიერებას. განიხილებიან ასევე გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი, თემთა პალატის ყოფილი ლიდერი, ანდრეა ლედსომი, თავდაცვის მინისტრი, პენი მორდონტი და კიდევ რამდენიმე კანდიდატი.
კონსერვატორი კანონმდებლებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერი მალე დაინიშნოს, რათა ქვეყანა გამოვიდეს ბრექსიტთან დაკავშირებული ჩიხიდან. მმართველი პარტია აცხადებს, რომ სწრაფად გადადგამს საამისო ნაბიჯებს.
დაწერეთ კომენტარი