Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს რეზოლუციის პოლიტიკური არითმეტიკა


81+2-4=79 მომხრე

16+2-3=15 მოწინააღმდეგე

1+44=45 თანაავტორი

სომხეთმა წელს პირველად აღარ მისცა ხმა საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ, საუდის არაბეთმა, პირველად ბოლო წლების განმავლობაში შეიკავა თავი მხარდაჭერისგან.

რატომ?

გაეროში საქართველოს ელჩი, კახა იმნაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორივე ქვეყნის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, თუმცა მისთვის წელს მთავარი ის 44 ქვეყანაა, გაეროს 5-ივე რეგიონიდან, რომელიც რეზოლუციას თანაავტორად შეუერთდა და პოლიტიკური წონა შემატა.

დოკუმენტი რომლის ოფიციალური სახელწოდებაა:რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” არსებობის 11 წლის მანძილზე პირველად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 45 ქვეყნის სახელით იყო წარდგენილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისსაყრელად.

ქვეყნების ჩამონათვალი, და ვინ როდის გახდა რეზოლუციის თანა-სპონსორი იხილეთ აქ.

4 ივნისს ნიუ-იორკში გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 62-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

81+2-4=79

წელს რეზოლუციის მხარდამჭერებს შარშანდელთან შედარებით დაემატა ორი ქვეყანა (სინგაპური და პანამა), თუმცა მოაკლდა 4 (ანტიგუა და ბარბუდა, ლიბერია, სან-ტომე და პრინსიპი, საუდის არაბეთი);

16+2-3=15

რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს დაემატა კომოროსი, სირია.

მოაკლდა - სამხრეთ სუდანი, სომხეთი, ფილიპინები.

გარდა იმისა, რომ ყოველ წელს რუსეთი აგრესიულად ლობირებს საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ, ხოლო საქართველო, მეგობრებთან ერთად ასევე აქტიურ კამპანიას აწარმოებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად, ხანდახან გაეროს გენ-ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერის არითმეტიკაში მცირე ცვლილებას შემთხვევითობები ან დამთხვევებიც განსაზღვრავს.

მაგალითად, რეზოლუციის მხარდამჭერი ანტიგუა და ბარბუდას წარმომადგენლობა წელს კენჭისყრის დღეს ნიუ-იორკში არ იყო: საკუთარ ქვეყანაში პლასტმასის წინააღმდეგ ფესტივალზე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მასპინძლობდნენ; ასევე არ იყვნენ დარბაზში ლიბერიის მისიის წარმომადგენლები;

რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად ევროკავშირის ერთმა ქვეყანამაც არ მისცა ხმა კენჭისყრისას რეზოლუციას; აღმოჩნდა, რომ დარბაზში მხოლოდ სტაჟიორი იყო, რომელსაც ხმის მიცემის ინსტრუქცია არ ჰქონდა;

წელს შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ სომხეთის მისია კენჭისყრას არ დაესწრო; ერევანი წლების განმავლობაში მის წარმომადგენლობას გაეროში ხმის რეზოლუციის წინააღმდეგ მიცემის ინსქტრუქციას აძლევდა.

რა მოხდა წელს?

პირველი ორუცნობიანი განტოლება: სომხეთში ფაშინიანის მოსვლის შემდეგ რუსეთის გავლენა სუსტდება თუ სომხეთის დამოკიდებულება იცვლება გაყინული კონფლიქტების მიმართ?

"ვინაიდან სომხეთს სურს ახალი დინამიკა დაიწყოს აზერბაიჯანთან ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო, ეს ნაბიჯიც ამის ჭრილშია", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ვანო აბრამიშვილი, "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი.

დევნილების დაბრუნების საკითხი ყარაბაღსაც ეხება, სწორედ ამ რეგიონის გარშემო აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო, სომხეთი მხარს არ უჭერს რეზოლუციას.

აბრამიშვილის აზრით, ერთი მხრივ, თავშეკავება იყო პოზიტიური ჟესტი საქართველოს მიმართ. მეორე მხრივ, სომხეთის პოსტ რევოლუციური ხელისუფლება დეკლარირებულ მცდელობას, მეტი სამშვიდობო დინამიკა შეიტანოს მთლიანად რეგიონში კონფლიქტების მიმართულებით.

ბოლო წლების განმავლობაში პირველად საუდის არაბეთმა მხარი აღარ დაუჭირა რეზოლუციას.

მეორე ორუცნობიანი განტოლება: რამ იმოქმედა საუდის არაბეთის გადაწყვეტილებაზე, დები ელ-სუბაიების ისტორიამ თუ ქართველი ულტრა-ნაციონალისტების ანტი-არაბული, ანტი-იმიგრანტული განწყობების მომძლავრებამ?

საუდის არაბეთს საქართველოსთან ურთიერთობაზე ოფიციალური უკმაყოფილება არ გამოუხატავს.

"ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს საუდელი დების შემთხვევა [რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ], თუმცა ამ შემთხვევაში საქართველო მოიქცა სწორად", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან აღმოსავლეთმცოდენეობის პროფესორი, გიორგი სანიკიძე და აგრძელებს, რომ ბოლო წლებში საუდის არაბეთთან საქართველოს ურთიერთობა უმჯობესდება, რაც ორივე ქვეყანაში საელჩოს გახსნაში გამოიხატება.

ცოტა რამ რეზოლუციის შესახებ:

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით გამოწვეულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

2017 წლიდან საქართველოს გაეროს კიდევ ერთ სტრუქტურაში, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გააქვს მეორე რეზოლუცია სადაც შეშფოთებაა გამოხატული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG