Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვის სავარძელი და საახალწლო ღამე რიაზანოვის ფილმის გარეშე


ავტორი: გიორგი ერიშვილი

წლევანდელი საახალწლო ღამე გამორჩეული იყო იმით, რომ საქართველოს მრავალი ათეული სატელევიზიო არხიდან, მხოლოდ ერთზე გადიოდა ელდარ რიაზანოვის ფილმი „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.

წინა წლებში კი, მოგეხსენებათ,არხები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამ ფილმის დემონსტრირებაში.

წელს, არც მეტი - არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩამჯდარი გავრილოვის დამსახურება გახლდათ, რომ აერიდნენ რუსული ფილმის დემონსტრირებით ახალი წლის მილოცვის საახალწლო ტრადიციას.

სამაგიეროდ, იქნებ შემთხვევითიც არ იყოს, რომ წელს რუსულმა მართლმადიდებლურმა საიტმა „პრავოსლავიე. რუ“-მ სწორედ ამ ფილმის შემოქმედებითი ანალიზით მიულოცა თავის მკითხველებს ახალი წელი.

პროტოდიაკონ ვლადიმერ ვასილიკის წერილში გატარებული გახლდათ რიგი ყურადსაღები დასკვნებისა, რაც არამარტო კინემატოგრაფის, არამედ პოლიტიკის ენაზეც შეიძლება იყოს საინტერესო.

მაგალითად, იმის თაობაზე, რომ მთავარ გმირებს არა ჰყავთ მამები, რაც სიმბოლურად იმის მანიშნებელია, რომ ფილმში აღწერილ პერიოდში რუსი ერი ზოგადად უმამობას განიცდის; რომ მთავარი გმირი ქალი წლების მანძილზე ხვდებოდა მამაკაცს, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა; რომ ეს ქალი საბოლოოდ ორიდან ირჩევს იმ პარტნიორს, რომელთანაც ბოლოს და ბოლოს ჰპოვებს ნდობასა და სიყვარულს!

ხოლო, თუ ჩვენ ამ განზოგადებულ ფენომენოლოგიაში კერძო სახელს დავუწყებთ ძებნას, იოლად ამოვიცნობთ სტალინის ფენომენს, ვის გარეშეც დარჩენილი რუსეთი ობლად გრძნობს თავს და მოწადინებით ეძებს ბელადის ჩამანაცვლებელ პიროვნებას.

ეს რომ სასულიერო პირის სუბიექტური ანალიზი არ არის, ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ იპოლიტის როლში ელდარ რიაზანოვს ჩაფიქრებული ჰყავდა ოლეგ ბასილაშვილი, რომელიც მამის გარდაცვალების გამო 1975 წელს იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ შეთავაზებაზე.

აი, ქართული წარმოშობის ბასილაშვილს რომ ეთამაშა ეს როლი, მაშინ უფრო ადვილად გაიშიფრებოდა როლის სიმბოლური მნიშვნელობა და იოლად გაირკვეოდა, რატომ უნდა მიეტოვებინა ბარბარა ბრილსკას პერსონაჟს იპოლიტი!

რაც შეეხება თავად ბარბარა ბრილსკას, მისი როლი კიდევ უფრო ზუსტად მიანიშნებს ფილმში ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ქვეტექსტების რაობაზე.

ნიშანდობლივია, რომ არათუ ახალი წლის ღამეს, საერთოდაც არცერთ სხვა დღეს პოლონეთში ეს ფილმი არ უჩვენებიათ!

გასაკვირია? სულაც არა!პოლონელი ბარბარა ბრილსკას რუს ანდრეი მიაგკოვთან დაკავშირებით (შესაბამისად - ნადიასა და ჟენიას როლები) გამჭვირვალედ იკითხება პოლონეთის რუსეთთან მარადიული კავშირის საფრთხე და, ცხადია, პოლონელებს სრულიადაც არ აწყობთ მსგავსი პერსპექტივა!

ეს, ქართველებს გვჩვევია დაუდევრობა და მხატვრულ ნაწარმოებში ამოსაცნობი ქარაგმის ფეხებზე დაკიდება და, ამადაც იყო, რომ ყოველ ახალ წელს ჩვენი ოჯახის მეკვლედ გვყავდნენ რუსული ეკრანის გმირები.

ბარაქალა გავრილოვს, რომ, თუ მისი მიზეზით ზოგ ქართველს თვალის ჩინი წაერთვა, დანარჩენებს ცოტათი მაინც აგვეხილა და პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომით გვიხსნა საახალწლო ღამის დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG