Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა "რუსეთის საქმესთან" დაკავშირებული მორიგი დოკუმენტები


დონალდ ტრამპი (უმცროსი), აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრამდე. 12 ივნისი, 2019
დონალდ ტრამპი (უმცროსი), აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრამდე. 12 ივნისი, 2019

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განაგრძობს ე.წ. რუსეთის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებას. ამჯერად გამოქვეყნდა ფედერალური გამოძიების ბიუროს სამუშაო დოკუმენტების ის ნაწილი, სადაც „მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვების“ ოქმებია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე.

დამატებით გამოქვეყნებულ 356 გვერდს შორის არის რუსული სამშენებლო ჰოლდინგის, კროკუს ჯგუფის (Crocus Group) მენეჯერის, ირაკლი ყაველაძის დაკითხვის ოქმიც, რომელიც 2016 წლის ივნისში, „ტრამპ ტაუერში“ დონალდ ტრამპ უმცროსისა და ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიას გახმაურებულ შეხვედრას თარჯიმნობდა.

ყაველაძის გარდა შეხვედრას 7 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, დონალდ ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი, პოლ მანაფორტი.

როგორც რედაქტირებული დოკუმენტებიდან ჩანს, ყაველაძე მიულერის საგამოძიებო ჯგუფს დაწვრილებით მოუყვა შეხვედრის დეტალებს.

ყაველაძის ჩვენების მიხედვით, მას თავდაპირველად აუხსნეს, რომ შეხვედრა შვილად აყვანის სამართლებრივ საკითხებზე უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლოს გაარკვია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს ჰილარი კლინტონისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის მიღების მოლოდინი ჰქონდათ.

2016 წლის 6 ივნისს რუსმა ბიზნესმენმა არას აგალაროვმა, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორი იყო, დაურეკა ყაველაძეს და სთხოვა „ტრამპის ორგანიზაციიდან ვინმე წარმომადგენელთან“ შეხვედრაზე დასწრება. ყაველაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მეტი ამ შეხვედრის შესახებ არასმა არაფერი აცნობა, თუმცა მეორე დღეს ისევ დაურეკა და ჰკითხა, ხომ არ იცოდა რაიმე მაგნიტსკის აქტის შესახებ. ყაველაძემ უპასუხა, რომ აქტის შესახებ იცოდა და შვილად აყვანის საკითხებზეც, რაც ამ აქტსაც უკავშირდებოდა; ამის შემდეგ მან აგალაროვისგან მიიღო 3-4-გვერდიანი სინოფსისი შეხვედრის თემების შესახებ და ნატალია ვესელნიცკაიას სავიზიტო ბარათი. მალევე ყაველაძემ გაიგო, რომ ტრამპის კამპანიის გავლენიანი პირები, მათ შორის, უმცროსი ტრამპი, კუშნერი და მანაფორტი დაესწრებოდნენ შეხვედრას, რამაც გააკვირვა და ვითარების გადამოწმება აგალაროვის ასისტენტთან, რომან ბენიამინოვთან სცადა. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ „ვესელნიცკაიას ჰქონდა ნეგატიური ინფორმაცია ჰილარი კლინტონზე და შეხვედრის მიზეზიც ეს იყო“.

ყაველაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას „კუშნერი გაღიზიანებული ჩანდა; ის გაბრაზებული იყო და თქვა კიდეც, აქ რას ვაკეთებთო?!“. მალევე უმცროსმა ტრამპმა იკითხა, ჰქონდა თუ არა ვინმეს დამსწრეთაგან ჰილარის შესახებ რამე ინფორმაცია; მოგვიანებით ყაველაძემ არას აგალეროვს მოახსენა, რომ „შეხვედრა დროის ფუჭი ფლანგვა“ აღმოჩნდა.

2017 წელს უმცროსმა ტრამპმა გამოაქვეყნა თავისი ელექტრონული მიმოწერა, სადაც დადასტურებული იყო შეხვედრა ნატალია ვესელნიცკაიასთან. შეხვედრამდე მას მართლაც უთხრეს, რომ რუს ადვოკატს ჰილარი კლინტონზე კომპრომატები ჰქონდა, თუმცა შეხვედრა უნაყოფო აღმოჩნდაო, თქვა ტრამპმა. თავად ვესელნიცკაიაც უარყოფს კლინტონის მამხილებელი დოკუმენტების არსებობას.

სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის ჯგუფმა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებაზე მუშაობა 2019 წლის მარტში დაასრულა; ორწლიანმა გამოძიებამ მოსკოვის ჩარევის მცდელობები დაადასტურა, თუმცა ტრამპის საარჩევნო შტაბსა და კრემლს შორის პირდაპირი კავშირის კვალი ვერ აღმოაჩინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG