Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული "გუგლის სათვალე" აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება


ავტორი: ნოდარ ფხალაძე

აუტისტური სპექტრის მქონე პირებს ხშირად უჭირთ სხვების ემოციისა და ხასიათის გამოცნობა. მოსაუბრის სახეზე ღიმილი გულწრფელია თუ, უბრალოდ, თავაზიანობის ნიშანი? აწეული წარბები კონცენტრაციას ნიშნავს თუ ბრაზს? ადამიანი საუბრისას ღელავს თუ, უბრალოდ, მორიდებულია? როდესაც ძნელია ემოციის სწორად გამოცნობა, კონტაქტის დამყარებაც ძნელდება. ხშირად ზუსტად ამის გამო რჩებიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები უმეგობრებოდ, ამიტომაც უჭირთ სხვებთან ურთიერთობის დამყარება და საზოგადოებისგან გარიყულნი რჩებიან.

თუმცა შეიძლება ამ პრობლემიდან გამოსავალი მოინახოს. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საპილოტო ცდების შედეგად შეძლეს "გუგლის სათვალისა" და საჭირო აპლიკაციის მეშვეობით დახმარებოდნენ რამდენიმე ბავშვს საუბრისას ემოციებისა და ხასიათის ამოცნობაში.

ხელსაწყოზე დეტალური ინფორმაციის შესახებ ვესაუბრეთ ამ პროექტის თანადამაარსებელს, ნიკ ჰეიბერს.

აპლიკაციაში არსებული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ბავშვებს შეუძლიათ რეალურ დროშივე მიიღონ ინფორმაცია მოსაუბრე ადამიანის განწყობის შესახებ. აპლიკაციის ბაზაში არსებული წინარე ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამას შეუძლია ამოიცნოს, ადამიანის სახის ნაკვთების ცვლილებებიდან გამომდინარე, თუ როგორ ხასიათზეა ის და შემდგომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს სათვალეს.

ემოციის ამოსაცნობად სათვალეზე დამონტაჟებული კამერაა საჭირო. მისი მეშვეობით სისტემა ეძებს ადმიანის სახეს. როგორც კი კამერა მას დააფიქსირებს, სახის გარშემო აინთება მწვანე ოთკუთხედი, რომელიც ატყობინებს ბავშვს, რომ სახე ნაპოვნია. იმავდროულად, სისტემა უკვე ამთავრებს ემოციის ამოცნობას და ვიზუალური ან ხმოვანი შეტყობინების მეშვეობით აცნობებს ბავშვს, თუ რა ემოციას გამოხატავს მის პირდაპირ მდგომი ადამიანი.

აპლიკაციას სამი ძირითადი რეჟიმი აქვს. ე.წ. "თავისუფალი თამაშის" რეჟიმი საშუალებას იძლევა ჩვეულებრივად გამოიყენონ სათვალე სახეებისა და ემოციების ამოსაცნობად. ამის გარდა არსებობს ორი თამაშის რეჟიმი. პირველია "გამოიცანი ჩემი ემოცია", სადაც მშობელი რომელიმე ემოციას გამოხატავს და ბავშვმა ის უნდა გამოიცნოს. მეორე კი არის "დაიჭირე ღიმილი", როდესაც, პირიქით, ბავშვებმა უნდა იფიქრონ რომელიმე კონკრეტულ ემოციაზე და სხვებმა უნდა სწორად გამოიცნონ და გამოხატონ ის. ამ გზით მკვლევრები უკეთ არკვევენ, თუ როგორი წარმოდგენა აქვს ბავშვს გრძნობებსა და ხასიათზე.

კვლევისას 3-დან 17 წლამდე ასაკის 14-მა ბავშვმა მოსინჯა სათვალე სახლის პირობებში. კვირაში 20 ან მეტი სესია ტარდებოდა 10 კვირის განმავლობაში. მშობლებმა შეავსეს კითხვარი ამ სამკურნალო პროგრამის დაწყებისას და დასასრულს.

ამასთან ერთად, პროგრამა აანალიზებს, თუ რა ხარისხისაა ბავშვის პროგრესი სხვადასხვა თამაშში.

ამ ეტაპზე აპლიკაციას შეუძლია ამოიცნოს რვა მთავარი ემოცია: სიხარული, დარდი, ბრაზი, ზიზღი, გაოცება, შიში, უგულებელყოფა და ნეიტრალური.

მშობლებისთვის კი არსებობს ცალკე რეჟიმი, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ემოციები და ვიდეოჩანაწერები იყო მათი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

კვლევისას 3-დან 17 წლამდე ასაკის 14-მა ბავშვმა მოსინჯა სათვალე სახლის პირობებში. კვირაში 20 ან მეტი სესია ტარდებოდა 10 კვირის განმავლობაში. მშობლებმა შეავსეს კითხვარი ამ სამკურნალო პროგრამის დაწყებისას და დასასრულს.

14-დან 12-მა ოჯახმა აღნიშნა, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ ბავშვები უფრო მეტად კონტაქტურები გახდნენ. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 14-დან 6 მონაწილის აუტიზმის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა და "ძლიერიდან" "საშუალოზე" ან "საშუალოდან" "ნორმალურზე" ჩამოვიდა. ეს შედეგები კურსის დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა მდგრადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სათვალის მეშვეობით შესაძლებელია აუტიზმის მაჩვენებლის დროებითი შეკავებაც.

მშობლების თქმით, შესამჩნევად იზრდებოდა თვალის კონტაქტი საუბრისას. პროგრამის დასასრულს ასევე გაიზარდა ბავშვების ჩართულობა სოციალურ ურთიერთობებში, ემოციების გამოხატვასა და ამოცნობაში.

მკვლევრებმა ასევე გამოჰკითხეს მშობლები, თუ რამდენად სახალისო და მიმზიდველი იყო ეს საცდელი ექსპერიმენტი ბავშვებისათვის.

მშობლების თქმით, შესამჩნევად იზრდებოდა თვალის კონტაქტი საუბრისას. პროგრამის დასასრულს ასევე გაიზარდა ბავშვების ჩართულობა სოციალურ ურთიერთობებში, ემოციების გამოხატვასა და ამოცნობაში.

ცუდი იყო ის, რომ ექსპერიმენტში ცოტა მონაწილეობდა და პროცესში მკვლევართა ჯგუფი აწყდებოდა სირთულეებს. ყველაზე მეტად უძნელდებოდათ იმის დადგენა, თუ ზუსტად რა იწვევდა პროგრესს: ბავშვის ზრდა, სათვალის მოქმედება თუ რაიმე გადამწყვეტი ოჯახური ფაქტორი. ასევე პრობლემას ქმნიდა თავად სათვალის ბატარეა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები მუშაობენ მისი მოქმედების გახანგრძლივებასა და მოდელის ზოგად გაუმჯობესებაზე. მათ სურთ, რომ მალე შესაძლებელი გახდეს ამ სათვალეებით ოჯახების უზრუნველყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG