Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდამტეხი მოვლენა - ახალი თავდაცვითი თანამშრომლობის შესაძლებლობა საქართველოსთვის


ლევან ბოძაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

27 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ევროკავშირი პარტნიორ მესამე ქვეყნებს ახალი მექანიზმით რთავს უსაფრთხოების ერთიან პოლიტიკაში. 5 ნოემბერს ეს გადაწყვეტილება და მისი განხორციელების ძირითადი პირობები ძალაში შევიდა. 10 ნოემბრს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს მასში და რომ ის კარგი საშუალებაა ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა სამხედრო სფეროში, მათ შორის ინტეროპერაციულობის გაზრდის თვალსაზრისით.

საქმე ეხება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ე.წ. მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) მექანიზმს, რომელიც პირველად ევროკავშირის ისტორიაში ფორმალურად 2017 წელს ამოქმედდა, ხოლო მეორე - ისტორიული - გადაწყვეტილება ევროკავშირის პარტნიორ მესამე ქვეყნებს აძლევს საშუალებას მასში მონაწილეობა მიიღონ. სწორედ ამ მონაწილეობის თაობაზე განაცხადა მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე, რაც ასევე გარდამტეხი მოვლენაა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

რა არის PESCO

ეს არის თავდაცვითი თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის თავდაცვითი პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. პესკოს პორტფოლიო მოიცავს სამხედრო ტრენინგსა და წვრთნებს, კიბერთავდაცვით შესაძლებლობათა განვითარებას, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი სისტემების განვითარებას და სხვა მრავალ სამხედრო კომპონენტს. პესკო წარმოადგენს ევროკავშირის უმთავრეს მექანიზმს ევროკავშირის ე.წ. მყარ ძალად (hard power) ტრანსფორმაციისთვის. პესკოს ამოქმედება არის ევროპის პასუხი ტრამპის იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამჟამად პესკოში ევროკავშირის 25 წევრი ქვეყანაა ჩართული, 5 ნოემბრიდან კი მესამე ქვეყნებისთვისაც ხდება შესაძლებელი ექსკლუზიური მიწვევის საფუძველზე შეუერთდნენ ამ თავდაცვითი თანამშრომლობის მექანიზმს. მათ შორის ეს შესაძლებლობა გაჩნდა საქართველოსთვისაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი პესკოში მონაწილეობა საქართველოსთვის

პესკო არ წარმოადგენს მხოლოდ თავდაცვით სფეროში საპროექტო თანამშრომლობის ფორმატს. ის უმთავრესად არის ევროკავშირის თავდაცვითი არეალის მექანიზმი, რომელში მონაწილეობაც მესამე ქვეყნისათვის ნიშნავს ევროკავშირის თავდაცვით სისტემაში ჩართვას. ევროკავშირის 2016 წელს მიღებულ გლობალურ სტრატეგიაში წერია: “ევროკავშირი უნდა გახდეს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი…”, რაც ისტორიულ ცვლილებას ნიშნავს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფანჯარას საქართველოსთვის თავდაცვითი თანამშრომლობისა და დაცულობის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პესკო ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

რა პროცედურებია საჭირო პესკოში გასაწევრიანებლად

მესამე ქვეყანა - ვთქვათ, საქართველო - უგზავნის პესკოს რომელიმე პროექტის კოორდინატორ ქვეყანას ან ქვეყნებს მოთხოვნას პესკოს შესაბამის პროექტში ჩასართავად. განაცხადი უნდა მოიცავდეს დეტალურ მასშტაბსა და ფორმას, თუ როგორ აპირებს საქართველო ამ პროექტში მონაწილეობას. განაცხადის შემდეგ ქვეყნები განიხილავენ საქართველოს მოთხოვნას და, თუ ის შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს, მოთხოვნა გადაეგზავნება ევროკავშირის საბჭოს, რომელიც ერთსულოვნად გადაწყვეტს ქვეყნის მოწვევის საკითხს პესკოში ჩასართავად.

პესკოში ჩართვის მინიმალური კრიტერიუმები ასეთია:

1. ქვეყენა, რომელიც ითხოვს ჩართვას, უნდა იზიარებდეს ევროკავშირის ღირებულებებს;

2. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს;

3. ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს დადებული შეთანხმება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი სტრატეგიული ცვლილებების პირობებში, რომელიც დადგა მთიან ყარაბაღში ბოლო ომის დასრულების შედეგად, მაშინ, როდესაც საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა, ხოლო საფრთხის დონე რუსეთის გაძლიერების ფონზე გაიზარდა, საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ახალი თავდაცვითი თანამშრომლობის ფორმატი. ამის საშუალებას, ჩვენს ბედად, სულ რამდენიმე დღის წინ, სწორედ 5 ნოემბერს, მიღებული გადაწვეტილება იძლევა. ეს გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ „თავი შევაფაროთ“ ევროკავშირის თავდაცვით სისტემას, ვიდრე გაწევრიანების კონტურები რეალური გახდება, არამედ შევიქმნათ ახალი სამხედრო თანამშრომლობისა და განვითარების საშუალება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ინტენსიური მუშაობა საქართველოს პესკოში ჩასართავად.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG