Accessibility links

მეკობრეების მიერ გატაცებული 4 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 20 თებერვალს, ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, მეზღვაურების გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

20 თებერვალს, ღამით, ბერძნული კომპანიის კუთვნილ, ლიბერიის დროშით მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან და 10 მეზღვაური გაიტაცეს. 4 ქართველის გარდა, ტყვეობაში იყვნენ უკრაინელები და ფილიპინელები. ტანკერს ტვირთი ნიდერლანდიდან ნიგერიაში მიჰქონდა.

მეზღვაურების გათავისუფლებამდე, მოლაპარაკებების პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 20 თებერვლამდე, ამ რეგიონში ქართველი მეზღვაურის გატაცების ბოლო შემთხვევა ჰქონდათ 2019 წლის ნოემბერში. შეიარაღებულმა პირებმა მაშინ გაიტაცეს 4 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე. მის გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას 40 დღე დასჭირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG