Accessibility links

გახარიას ტოპ 5 ბოდიში


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

სულ მცირე ხანია რაც საუბარი დაიწყო გახარიას გადაყენებაზე, მისი წინამორბედების გადაყენებასაც როგორც წესი ასეთი ჭორები უძღოდა წინ, რომელსაც ვინ ავრცელებს კაცმა არ იცის, შესაძლოა სულაც ხელისუფლება ავრცელებდეს და ასე ამზადებდეს საზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის.

გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ყოველთვის კარგია როცა პოლიტიკოსს მისი გაკეთებული კარგი საქმეებით იხსენებ, მაგრამ გიორგის შემთხვევაში მხოლოდ ბოდიშები მახსენდება. იქნებ ჯობდა ჯერ დაესრულებინა პოლიტიკური კარიერა და ბოლოს ერთი დიდი ბოდიში მოეხადა ყველასთვის?!

როგორც მისალმების შემთხვევაში ხდება. სადმე საერთო სივრცეში როცა შეაბიჯებ სადაც ბევრი ნაცნობია და ყველა შენ შემოგყურებს, სათითაოდ ხომ არ ჩამოუვლი მისასალმებლად, უბრალოდ იტყვი ერთ საერთო სალამს და ვიღაცები ალბათ გიპასუხებენ კიდეც.

გახარიას შემთხვევაში კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სათითაოდ ჩამოგვიარა ყველას მოსაბოდიშებლად და სანამ სამ მილიონამდე ბოდიშს არ მოიხდის მანამდე საკუთარი ეროვნული და სულიერი მისიის დასრულებას მემგონი, რომ არ აპირებს.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა პრემიერის ტოპ 5 ბოდიში!


5. ნარინჯისფერი ქურთუკი.

ნასვამი ზვიად რატიანი ნარინჯისფერი ქურთუკის გამო გაიფინეს. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ამბობს. ეს კი ერთ-ერთი რეიდისას მოხდა. საერთოდ რეიდები ხშირია ქართული ოცნების პირობებში, მათ ყოველთვის საყვედურობდნენ ზედმეტ ლოიალურობას და კრიმინალის ზრდას სწორედ ამას აბრალებდნენ. გამოსავალს კი პარტია სწორედ რეიდების მოწყობაში ხედავდა.

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ღარიბაშვილის შ.ს.ს მინისტრობისას დაიწყო და გახარიამაც მშვენივრად გააგრძელა ტრადიცია. ზვიადის მიტყეპა იმიტომ გამოჩნდა და გახმაურდა, რომ პოეტია და ის ხალხიც კარგად იცნობს ტელეეკრანებზე, რომ ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე. ამიტომაც ატყდა წიოკი. თორემ პოლიციის მიერ ასე არაფრის გამო მიჯირყვნა რა გასაკვირია?!

არასწორი შეფასებები გაკეთდა მწერლების მიერ. ტურაშვილმა აქცენტი გააკეთა ზვიად რატიანის კარგ ადამიანობაზე, ბუღაძემ კი ისაუბრა იმაზე თუ რა გადასარევი პოეტია რატიანი. ორივე შეფასება ძალიან არაკომპეტენტური იყო მომხდარ მოვლენასთან მიმართებაში და ბოლომდე აცდა საკითხის პრობლემატურობას.

რეალურად საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორი ადამიანია ზვიად რატიანი, ან როგორი პოეტი ბრძანდება. დავუშვათ, რომ საზიზღარი ადამიანია, აი ისეთი ბურთსაც, რომ არ ეთამაშები და სიგარეტსაც, რომ არ მისცემ გაჭირვების ჟამს. დავუშვათ, რომ ამავე დროს არის საშინელი პოეტი, რომელსაც არავინ ბეჭდავს, არავინ კითხულობს და თუ თავად კითხულობს არც არავინ უსმენს.

ნუთუ ამ შემთხვევაში ექნებოდა პოლიციას უფლება, რომ ეს უჟმური კაცი და ცუდი პოეტი ნარინჯისფერი „კურტკის“ გამო გაელახა?
მაშინ როცა აქცენტს ვაკეთებთ კარგ კაცობაზე და კარგ პოეტობაზე, ისე გამოდის, რომ თუ ხალხი არ გიცნობს და კარგი პოეტიც ვერ ხარ თავისუფლად შეიძლება „კურტკის“ ზედმეტად მხიარული ფერის გამო შემოგცხონ, მაგრამ კარგი ლექსი თუ დაგიწერია ნურასუკაცრავად! ეგრე სად არის?! ეს კაცი პოეტია!

წიოკის ჩასახშობად გახარია გამოისახა კულტურის სამინისტროში. მშვიდი იყო, როგორც სჩვევია ხოლმე. მაშინ მისი პირველი ბოდიში მზადდებოდა , მის სტილს ჯერ კიდევ არ იცნობდნენ და იქნებ სანდომიან ადამიანადაც მიიჩნიეს, მაგრამ იყო მაინც პატარა კონფლიქტები. დათო ტურაშვილი, რომ ეგზომ ემოციური ადამიანია ყველას კარგად მოეხსენება და მაშინაც იმ დოზით იკაჩავა რა დოზასაც გული უქაჩავდა. ან შეიძლება გადააჭარბა კიდეც იმიტომ, რომ საავადმყოფოში გააქანეს.

ალბათ ბევრი ილოცა გახარიამ ნეტა არაფერი დაემართოს თორემ ამასაც მე დამაბრალებენ და მერე რა წყალში გადავვარდე.. მომიწევს რატიანივით ქვეყნიდან წასვლაო.

საბედნიეროდ ჯანმრთელობა ყველამ შეინარჩუნა. გახარიამ კი პირველი ბოდიში დატოვა. შეიძლება მაინც და მაინც ბოდიში არ უთქვამს, მაგრამ საკუთარი სტრუქტურის ზღვარგადასულობას ნამდვილად გაუსვა ხაზი.

რიგითი პოლიციელი, რომ რამეს აშავებს სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, კაცად ვერ გამიზრდიაო!



4. ვარსკვლავის დაბადება.

მოდი დავიწყოთ ბოდიშით. - ბოდიში!

ამ დროს ის ხალხი, რომელიც გახარიას უკვე იცნობდა კულტურის სამინისტროში შეხვედრიდან ისტერიულად ცდილობდა ახალგაზრდებამდე ხმა მიეწვდინათ, რომ ამ კაცის ბოდიში არაფერს შეცვლიდა. ეგ კაცი მსოფლიო ჩემპიონია ბოდიშებში! იმდენჯერ მოგიბოდიშებს რამდენჯერაც გაგისწორდება. თანაც ხმა და მეტყველების უნარიც ზუსტად ისე აქვს შერჩეული, რომ მის ნათქვამ ბოდიშს მოუხდეს. ისე ცხელ-ცხელი ღვეზელებივით ჩამოარიგებს ამ ბოდიშებს, რომ ადამიანს მოგინდება ნეტავ კიდევ მოიხადოსო.

იადონო! კიდევ ერთხელ გამაგონე ხმა გრძნეული!

ხელისუფლებაში თანხმდებიან, რომ მაშინ გახარიამ გაიმარჯვა, აი მოგებით კი ვერაფერი მოიგო. პირიქით ხალხის დიდი ნაწილის ნდობა საბოლოოდ დაკარგა და გამარჯვებას რას ეძახიან რთული სათქმელია. ალბათ იმას, რომ „იმ“ კაცს ზემოთ მაგრად ეამა ეს ყველაფერი და პოსტი შეინარჩუნა, მერე კი საერთოდ პრემიერად დააწინაურეს. ესეც გამარჯვება!

ეს , რომ ერთი დიდი სპექტაკლი იყო ბევრჯერ დაწერილა და აღარ განვმეორდები, მაგრამ კარგ დამწერს კარგი შემსრულებელი სჭირდება. გახარია კი ჟან პოლ ბელმონდოა! ოღონდ ვიწრო ჭრილში, რაღაცები გამოსდის ხოლმე. მაგალითად თვალის ჩაკვრა კამერის წინ, ხელის თითის ქნევა მუქარის ტონით, შეიძლება ფეხის თითსაც იქნევს ამ დროს, მაგრამ ჩვენთვის ვერ არის ეგ ხილული ამბავი.

..და რასაკვირველია ბოდიში.

დიდი თანამდებობის მქონე პირები წასვლის შემდეგ ყოველთვის ტოვებენ ამბებს, სიტყვებს, ქმედებებს რომელთა გამოც ისინი ახსოვთ. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ გახარია სწორედ ბოდიშით დარჩება ისტორიას.

ეგ ის კაცი არ არის ბოდიშებს, რომ იხდიდა? კი, ეგ არის.



3. გახარია და ზიგმუნდ ფროიდი.

აქციის დარბევისას, როცა გახარიამ ცნობილი ზედმეტსახელი „თვალთხარია“ მოირგო, საფრთხე შეექმნა მის ისტორიაში დარჩენის საკითხს, უფრო სწორად საფრთხე შეექმნა ბოდიშით დარჩენის საკითხს რადგან შეიძლება თვალთხარიობამ ყველაფერი გადასწონოს.

აბა როგორი მოსასმენი ან წასაკითხი იქნება სამომავლოდ , რომ აქციის მონაწილეებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად თვალები დათხარეს, მერე კი თავდაუზოგავი ბრძოლა მოუხდათ იმისათვის, რომ დაზარალებულებად ეცნოთ.

კინოსცენარია.

ბოლოს, რომ მაკო ან გიორგი გამოჩნდება ფოტოსურათზე და თეთრით შავზე ტიტრებად მივიღებთ ცნობას. - მათ მიაღწიეს სამართალს , ისინი სცნეს დაზარალებულებად! თუ ჰოლივუდურ დრამატიზმს და ქართულ რეალობას შევუხამებთ ამ აღიარებისას მაკო ოთხმოცს მიტანებული უნდა იყოს, გიორგი კიდე ოთხმოცდაათს. ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ცრემლი უნდა მოადგეთ ჯანსაღ თვალებზე, ძალიან უნდა გაბრაზდნენ, გახრია უნდა დაგუგლონ და სულ თავ-პირი შეულახონ მძიმე სიტყვით.

და რა შუაშია ზიგმუნდი, ენაცვალოს ჩემი თავი.

მაშინ როცა აქციის დარბევა მოხდა გახარია პარლამენტში იმყოფებოდა და ჟურნალისტები მისგან ინტერვიუს იღებდნენ. ამ დროს გახარიამ გადატენა და იმდენი ბოდიში გვესროლა თვლას ვერ აუხვიდოდი.. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში.. ასე გაუთავებლად. (https://coub.com/view/1wikax - მეტი ლინკი ვერ ვიპოვე) კომიკური სანახავი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიაში გარკვეული ხალხი უფრო ღრმა წიაღსვლებს გააკეთებდა ამის შემხედვარე.

ჯერ ერთი ეს იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებული ადამიანის ამოძახილი, ის ითხოვდა შველას. ბოდიშს ხომ მისთვის არა ერთხელ მოუტანია მაშველის რგოლი და დახრჩობისგანაც გადაურჩენია. ამ შემთხვევაში კი როცა ემოციურად თავს ვერ აკონტროლებდა და ვერც ჩრდილოეთში განსწავლული კაცის დაყენებულმა იერმა უშველა, უცბად გადმოყარა ბოდიშები. მიუხედავად იმისა, რომ მისგან ბოდიშს არავინ ითხოვდა. რა თქმა უნდა შეეძლო ჟურნალისტები სხვა სიტყვით შეეჩერებინა, მაგრამ ჩვენ აქ და ზიგმუნდმა სადღაც სხვაგან ვიცით, რომ ამ დროს მისი გონება მხოლოდ ბოდიშით იყო მოცული.

მეორეს მხრივ კი საქმე გვაქვს არაცნობიერთან. თუ მცირედით მაინც ლამაზად დავხატავთ გახარიას პორტრეტს. თავდახსნის მცდელობასთან ერთად ეს იყო რეალურად ნათქვამი ბოდიში მაკოსა და გიორგის მიმართ, რომელსაც პირდაპირ ვერ იტყვის, რადგან ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი პარტიისთვის, ამის უფლება კი არა აქვს.

თან მისი ბოდიშები აღარ ჭრის და ასე არაფრის გამო პარტია ბოდიშს არ გაასროლინებს. ამიტომ არაცნობიერად მოიბოდიშა, თანაც იმდენჯერ რამდენი ადამიანიც იყო აქციაზე.



2. ბიუსტის ბოდიში.

ჩემი ფავორიტი ახალგაზრდა ხელოვანების უკვე ლეგენდარული ნამუშევარი. უამრავი დასამახსოვრებელი ექსპონატი აქვთ შექმნილი, მაგრამ გახარიას ბიუსტი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. თავის დაუვიწყარი ბოდიშით!

ბიუსტი კი არა ნამდვილი ძეგლია!

ისტორიული მოვლენის იდეალური ხორცშესხმა, რომელიც დანაშაულის ადგილზე დაიდგა. დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ადგილს. ასე გვასწავლიდნენ ძველი დეტექტივების ავტორები და აგერ გახარიაც დაუბრუნდა.

ბიუსტი იდეალურად გამოხატავს გახარიას კომიკურობას, მისი ამ ძლევამოსილი სიტყვის გაუფერულებას და მარცხს. მისი ბოდიში უკვე მარცხთან ასოცირდება, ყოველ ჯერზე როცა ღილაკს მიაჭერ ხელს და ბიუსტიც მისი ორეულის მსგავსად წარბშეუხრელად გპასუხობს ბოდიშს , შენ ხვდები, რომ ის დამარცხდა.

ალბათ სწორედ ამიტომ გაქრა. გააქრეს. ისე როგორც აქრობენ ნივთმტკიცებას დანაშაულის ადგილიდან.

მერე მგონი ისევ იპოვეს, თუ ვეღარ იპოვეს, არ ვიცი, მაგრამ მისტიურად კი აორთქლდა დანაშაულის ადგილიდან.მოგვიანებით შეიძლება რომელიმე მუზეუმშიც ვიხილოთ , სადაც ჩვენი ისტორიიდან შემორჩენილი ნივთები შეინახება. ისევე როგორც საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი მასალები ინახება.

მაგალითად შევარდნაძის ჩაის ჭიქა.
მიშას გაბერილი ყვითელი კურტკა.
ბიძინას პინგვინის ფიტული.
გუბაზ სანიკიძე კოსმოსურ სკაფანდრში, რომელიც მთელ მუზეუმს ჰაერში კრუგავს.

წამყვანი ნივთი კი გახარიას ბიუსტი იქნება.

შეიძლება წლების გასვლასთან ერთად ის ღილაკი გაფუჭდეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ყოველ მომდევნო თაობას ეცოდინება ვინ არის ეგ კაცი და ერთმანეთს იმასაც შეახსენებენ, რომ ლეგენდის თანახმად გახარიას სული, სადღაც განსაწმენდელში დღემდე ბოდიშებს იხდის.



1. პანკისის ბოდიში.

აქაც მოხვდათ სპეცრაზმელებს , ისევე როგორც ოცი ივნისის აქციის დროს. საერთოდ მოხერხება უნდა იმ ამბავს, რომ შენ დანაყოფს გაავებული ხალხი ქვებს , ან ქვებით გატენილ ბოთლებს ესროდეს, სახეს ახევდეს, ასისხლიანებდეს, მაგრამ დამნაშავე მაინც შენ იყო.

ასე ავტორიტეტს კარგავ როგორც საზოგადოებაში, ისე საკუთარ სტრუქტურაშიც. აბა რომელი სპეცრაზმელი იქნება კმაყოფილი იმით, რომ ორი ტონა ქვა დააყარეს თავზე, მათი უფროსი კი მაინც ბოდიშებს იხდის.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ გადაწყვეტილებებია ძალიან არა სწორად მიღებული. სხვანაირად შეუძლებელია თან ნაცემი იყო და თან დამნაშავე. ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როცა პარლამენტში ან მთავრობაში რომელიმე უუნარო ან გონებრივად ზარმაცი ადამიანი სიტუაციაში ვერ გარკვევა, შეცდომას შეცდომაზე დაუშვებს და ამის შედეგად ყველა ფრონტზე აგებს.

მერე კი ერთადერთ იმედად ისღა რჩებათ, რომ პიარშიკების დემაგოგიით როგორმე თავი იმართლონ. უცნაური ამბავია ასე ყველა ფრონტზე წაგებული, რომ მაინც წინ მიიწევს. ესეც იმის მანიშნებელია, რომ ამ წამგებიან გადაწყვეტილებებში იმ კაცის წვლილიც ძალიან დიდია მთავარ გადაწყვეტილებებს ვინც იღებს.

აბა სხვა შემთხვევაში ხომ გახარიაც უკვე წარსული იქნებოდა?! მაგრამ რადგან ჯერ კიდევ აწმყოა , ნიშნავს იმას, რომ იქ ზევით ვიღაც მადლიერია. სულ ზევით არა, მიწიერ სიმაღლეებზე მაქვს საუბარი. მადლიერება კი იქიდან მოდის, რომ მისი ლაფსუსები აგერ ამ კაცმა გადაფარა თავის აზიდული წარბით და გადატენილი ბოდიშით.

ჩემი გიმნაზიელი ძმაკაცი უჩა მახსენდება. სკოლიდან გამოსული თავის ნაცნობს შენიშნავს, შორიდან დაუწყებს ერთობ ფამილარულად და შინაურულად მოფერებითი ხასიათის ლანძღვას, რავახარ შენ ისეთო და ასეთოო, ნელ-ნელა მიახლოებისას კი აღმოაჩენს, რომ არ არის ეს ბიჭი მისი ნაცნობი. არადა ყველაფერი აგინა რისი გინებაც შეიძლებოდა.

სიტუაციიდან მაინც მარტივად გამოძვრა.
მხარზე ხელი მიუთათუნა და ძალიან სერიოზული სახით უთხრა - ვაჰ, ბოდიში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG