შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასული წლის ოქტომბერში რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს
დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ჯღარკავა.
სამართალდამცველებმა დავით მუმლაძის მკვლელობიდან მალევე 5 პირი დააკავეს, მათ შორის - ორი მოქმედი პოლიციელი, ერთიც ყოფილი სამართალდამცველი.
ძებნა გამოცხადდა ზურაბ ჯღარკავაზე, რომლის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ძიება სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მუმლაძე გასული წლის ოქტომბერში მოკლეს. მისი ცხედარი რუსთავის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში იპოვეს. ოქტომბერშივე ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა იანვრის მეორე ნახევარში დაიწყება.
დაწერეთ კომენტარი