Accessibility links

გერმანიაში მცხოვრები სოფო ტაბატაძე სისხლში ტყვიის მატებას თბილისში ყოფნას უკავშირებს


თბილისი

ავტორი: თორნიკე მანდარია

თბილისში თვენახევრიანი ყოფნის შემდეგ გერმანიაში მცხოვრებმა სოფო ტაბატაძემ აღმოაჩინა, რომ მის ორგანიზმში ტყვიის მაჩვენებელმა მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება საგანგაშო არ არის, ახლა მის სისხლში დასაშვებზე დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი ტყვიაა.

მაინტერესებდა ამ თვე-ნახევარში თუ შეიცვლებოდა რაიმე. ცვლილებები გამოჩნდებოდა. ჩვეულებრივად ვიკვებებოდი თბილისში, წყალსაც ონკანიდან ვსვამდი. ჩემი ცხოვრების წესიდან არაფერი შემიცვლია...
სოფო ტაბატაძე

სოფო ტაბატაძემ ბერლინში, სამედიცინო ლაბორატორიაში სისხლში ტყვიის შემცველობა ორჯერ შეიმოწმა. 7 სექტემბერს, თბილისში წამოსვლამდე და 12 ნოემბერს, უკან დაბრუნებისთანავე.

“მაინტერესებდა ამ თვე-ნახევარში თუ შეიცვლებოდა რაიმე. ეს ისეთი დროა, ცვლილებები გამოჩნდებოდა. ჩვეულებრივად ვიკვებებოდი თბილისში, წყალსაც ონკანიდან ვსვამდი. ჩემი ცხოვრების წესიდან არაფერი შემიცვლია”, - ამბობს სოფო ტაბატაძე, რომელმაც იცოდა საქართველოში ტყვიის საფრთხეებზე წამოჭრილი დისკუსიის შესახებ.

ამ “ექსპერიმენტის” შედეგად, სოფო ტაბატაძემ აღმოაჩინა, რომ მის ორგანიზმში ტყვიის ოდენობა 39,5-დან 43,7 მიკროგრამამდე გაიზარდა.

საქართველოში ტყვიით მოწამვლის საშიშროებაზე დისკუსია 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, მას შემდეგ რაც ქართულმა მედიამ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება გაავრცელა. დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოში დამზადებული ზოგიერთი სანელებელი დასაშვებზე მეტ ტყვიას შეიცავს.

ტყვია მძიმე, ტოქსიკური ლითონია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მცირე ოდენობითაც კი საზიანოა. ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს შესუნთქვით, საკვებით, სითხის მიღებით. ტყვიას შეიცავს საწვავი და საღებავი, ეს ნივთიერება შეიძლება აღმოჩნდეს კოსმეტიკაში და სათამაშოებში.

“ამერიკის ხმა” წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ, ანონიმურობის დაცვით, შემდეგი მონაცემები გადასცა: ბოლო წლების მანძილზე გაკეთებული სისხლის 390 ანალიზიდან, ტყვია დასაშვებ რაოდენობას 129 შემთხვევაში აღემატებოდა. საუბარია მხოლოდ ერთ ლაბორატორიაზე და ეს მონაცემები საქართველოს მოსახლეობაზე არ ვრცელდება.

ყველაზე ადეკვატური დაპირება არჩევნების წინ პროდუქტებში ტყვიის შემცველობის და ჰაერის შემოწმება იქნებოდა...
სოფო ტაბატაძე

საქართველოში ჰაერში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა ოფიციალურად არ დასტურდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირეა. ამავეს ამტკიცებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვის”თბილისში ჩატარებული ორთვიანი კვლევაც. კვლევის ავტორების აზრით, დედაქალაქის ჰაერს უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი შესწავლა სჭირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად დიდ კვლევაზე მუშაობს. კლასტერული კვლევა 14 ათასი ოჯახის ინტერვიუს, სასმელი წყლის ხარისხის შესწავლას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას მოიცავს. შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. პირველ მონაცემსა და რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პოლიტიკას შეიმუშავებს სახელმწიფო.

“ყველაზე ადეკვატური დაპირება არჩევნების წინ პროდუქტებში ტყვიის შემცველობის და ჰაერის შემოწმება იქნებოდა”, - წერს სოფო ტაბატაძე ფეისბუკზე და ექიმის რჩევას ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG