Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: ყველამ იცის რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რაც გაგვაჩნია


"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობა, პარლამენტის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ის თემები გააცნო, რაზეც მისი თქმით, უმრავლესობა მსჯელობდა.

დეპუტატის თქმით მმართველი პარტიის წევრებმა ილაპარაკეს მომავალი წლის ბიუჯეტზე და სოციალურ პროექტებზე, ასევე უმრავლესობაში მყოფმა პროფესიით ექიმებმა გადაწყვიტეს გააკეთონ განცხადება საოკუპაციო ძალების მიერ დაპატიმრებულ ექიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით და შეეხენ აქტივისტების და ოპოზიციის მოთხოვნებს ე.წ. არჩევნების გერმანულ მოდელთან დაკავშირებით. გია ვოლსკის თქმით, ამ თემაზე სამსჯელოდ მათ ბევრი დრო არ დაუხარჯავთ, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას რაც გაგვაჩნია და უფრო მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტები ახსნიან.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანებმა ვინც ეს თემა წამოწიეს, კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე, მიუხედავად ამისა, ცდილობენ, რომ ეს ნაპერწკალი როგორმე გადააქციონ ისეთ პროცესად, სადაც რეალობა, კანონი ჩაიკარგება ემოციებსა და სკანდალურობაში"- თქვა დეპუტატმა.

გია ვოლსკიმ ილაპარაკა სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და მის მონაწილეებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ ქვეყანას და მათი დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირონ.

"მე ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება. მე ერთი პასუხი მაქვს: ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელში, პროპორციულში თუ შერეულში, რომელიც იქნება, უპირატესობა, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია, არ არის განპირობებული არც ბიძინა ივანიშვილის და არც იმ პროექტების მიერ, რასაც ის ახორციელებს. ჩვენი მესიჯი იქნება ამ ხალხის მიმართ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. რაც უნდა თქმა, რომ ჩემი დამოკიდებულება არის საკმაოდ ლოიალური, მეგობრული, მაგრამ ეს აგრესია, რაც მოდის მათგან, არ არის სწორი. მე ასე მგონია და უამრავ ხალხს ასე ჰგონია." - თქვა გია ვოლსკიმ, რომელმაც ქართულ ოცნებასთან გამართულ აქციებზე და იმაზე, რომ ეს ხმაური მათი გუნდის წევრებს შორის გაღიზიანებას იწვევს, რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG