Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლევან მურუსიძე არის ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემის სახე საქართველოში"


ადვოკატ გიგი სისვაძისა და მისი თანამოაზრე კოლეგების მიერ დაწყებულია კამპანია სახელწოდებით - „აიცილე მურუსიძე!“. ადვოკატები ე.წ. ოდიოზური მოსამართლეების მიმართ იყენებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლს, რომელშიც განმარტებულია, რა შემთხვევაში არ შეიძლება მოსამართლემ განიხილოს საქმე. კერძოდ, ლაპარაკია ერთ-ერთ პუნქტზე, რომელშიც ვკითხულობთ: "მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში“. ამ განმარტების ბოლო ნაწილს ეყრდნობა ადვოკატი გიგი სისვაძე, როცა მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მოსამართლის აცილების სამართლებრივ საფუძველზე მსჯელობს. ადვოკატმა რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა: "ლევან მურუსიძე არის ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემის სახე საქართველოში, რომელიც აბრკოლებს თავისუფალი, დემოკრატიული მართლმსაჯულების განვითარებას. აი, ამ სახედ ჩამოყალიბდა ლევან მურუსიძე ჩემთვის. მე მისი პროფესიონალიზმის შესახებ დისკუსიაში არ შევდივარ. მე ვაკვირდები სამოსამართლეო ღირსების საკითხს. სასამართლო სისტემა კეისრის ცოლივით უმწიკვლო უნდა იყოს". გიგი სისვაძე კამპანიის სამიზნედ მოიაზრებს მოსამართლეთა ჯგუფს, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები და ეჭვები: "მე რომ სხდომაზე შევდივარ, ეჭვი არ უნდა მქონდეს, რომ ვიღაც ავტორიტეტთან ან მის დაქვემდებარებულთან ვარ... ვფიქრობ, როგორც კი ეს ადამიანები ჩამოშორდებიან სისტემას, სასამართლო თავისი დინამიკით ბევრად ეფექტურად, ბევრად სწრაფად მოახერხებს, რომ გახდეს დამოუკიდებელი და თავისუფალი". კამპანიის დაწყების შემდეგ გამოხმაურებებმა გიგი სისვაძე კიდევ უფრო დაარწმუნა მის საფუძვლიანობაში: "ამ კამპანიამ ლუსტრაცია მოახდინა ამ მოსამართლეების. თუ შენ უმწიკვლო ხარ, თუ შენ არ გადარდებს და არ გეხება, რატომ ხედავ საფრთხეს ამაში?" ადვოკატი თვლის, რომ მას და მის კოლეგებს აცილებაზე შუამდგომლობის გამოყენებით შეუძლიათ ის, რაც საზოგადოების არც ერთ სხვა ჯგუფს, რადგან ისინი მართმლმსაჯულების პროცესის მონაწილეები არიან: გიგი სისვაძე თვლის, რომ კლანის მიღმა მყოფი მოსამართლეებისთვის ძალიან ძნელია ბრძოლა: "ამ კლანს ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული სასამართლო სისტემაში. მე ვიცნობ ღირსეულ მოსამართლეებს, ვაფასებ მათ ღვაწლს მართლმსაჯულების განხორციელებაში, თუმცა, ასეთი მოსამართლეები „თეთრი ყვავები“ არიან სასამართლო სისტემაში. ასეთ ადამიანებს არ აძლევენ ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას, არ მისცემენ განვითარების საშუალებას. ეს ადამიანები არიან კლანისგან განდგომილები". გიგი სისვაძე მათ პასუხად, ვინც კამპანიის ფარგლებში ადვოკატთა დაჯარიმებას მოითხოვს, ამბობს: "თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ ეჭვი უსაფუძვლოა, შეუძლია არ დააკმაყოფილოს, მაგრამ რატომ უნდა დააჯარიმო? იმიტომ, რომ ადამიანმა აზრი გამოხატა თავისუფლად და თავისი ეჭვის შესახებ თქვა? სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ეჭვი გააქარწყლოს და პირდაპირ ღირსების საკითხია ამ ეჭვის გაქარწყლება". ადვოკატი მზად არის ეთიკის კომისიის ფარგლებშიც ამტკიცოს თავისი და მისი თანამოაზრეების მიერ კამპანიის ფარგლებში აცილების შუამდგომლობის გამოყენების მართებულობა: "ჩემი საკითხი, ჩემი აცილება, ჩემი კამპანია წაიღონ ადვოკატთა ეთიკის კომისიაზე. მზად ვარ ამისთვის. განვიხილოთ საკითხი - რამდენად დავარღვიე ეთიკის ნორმები, თუ მექნება შესაძლებლობა, რომ პროცესზე გავიდე სერგო მეთოფიშვილთან. მასთან და ლევან მურუსიძესთან არასდროს მქონია საქმე ჩანიშნული. პირველად მომეცა შესაძლებლობა და არ შემეძლო ეს შანსი ხელიდან გამეშვა. თუ დამაჯარიმებს სერგო მეთოფიშვილი, სიამოვნებით გავასაჩივრებ და ვიმსჯელებ ამაზე. ისინი გაცდნენ სამართლებრივ საზღვრებს და ჰგონიათ, რომ სადამსჯელო ღონისძიებები უნდა განახორციელონ საზოგადოების მიმართ". რადიო თავისუფლების კითხვაზე რამდენ ხანს გააგრძელებენ თანამოაზრე ადვოკატები თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვის პარალელურად კონკრეტულ მოსამართლეთა კამპანიურ აცილებას, გიგი სისვაძე პასუხობს: "სანამ სული მედგმება პირში, ფეხზე ვიდგები, მე ყოველთვის ვიქნები უსამართლობის, არასწორი მართლმსაჯულების და არადამოუკიდებელი სასამართლოს წინააღმდეგ. ჩემი მიზანია, ფეხი შევდგა ისეთი სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც მისხალი ეჭვი არ მექნება მოსამართლის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლბისა და თავისუფლების მ

XS
SM
MD
LG