Accessibility links

გიორგი გახარია ისევ პარლამენტში მიდის - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 მაისს


პრემიერი დღეს ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხებს

გიორგი გახარიას დღეს ისევ პარლამენტში ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე მივა და ისევ კორონავირუსის კრიზისზე ისაუბრებს. ინტერპელაციის წესით მას ოპოზიციის კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ფორმატი იდეალური არაა, თუმცა ოპოზიცია მას აუცილებლად გამოიყენებს.

„გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა. სწორედ ამიტომ ურჩევნია ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს. სინამდვილეში კი, არ სცემს ამ კითხვებს პასუხს ან პირდაპირ ცრუობს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა შემდეგ შესაძლებლობას, როგორი ცუდი ფორმატიც არ უნდა იყოს, გამოვიყენებთ, რომ ის საკითხები დაისვას და კიდევ ერთხელ გახდეს ნათელი, რაზე არ აქვს პასუხი და რაზე ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, ან სადაც გაჭრის ეს წნეხი, ვაიძულოთ დათმობებზე წავიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი ორი დღის წინაც იყო. 27 მაისის ანგარიში და კითხვა-პასუხი 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ადევნე თვალი ლაივს რადიო თავისუფლების ფეისბუკ გვერდზე.

სულ ცოტა დრო რჩება არჩევნების ბედის გადაწყვეტამდე

ერთი მეორეს უნდა დაელოდოს. საარჩევნო კოდექსის შეცვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს ახალი საარჩევნო სისტემის (120/30) ამსახველ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუკი პირველი საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, მეორეც ავტომატურად კარგავს აზრს და შემდეგ უკვე, ძნელი წარმოსადგენი ხდება 2020 წლის არჩევნების ბედიც.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის (მარტში) პარლამენტში დარეგისტრირდა. ტექსტი ზუსტად ასახავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმებულ ახალ საარჩევნო სისტემას.

ახალი სისტემით გათვალისწინებულია, მაგალითად, შემდეგი საკითხები:

  • 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება;
  • მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს. 30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში;
  • ამოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.

ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

რა ეტაპზეა პროცესი პარლამენტში და როდის შეიძლება გაიმართოს კენჭისყრის პროცედურები - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რა შეღავათი წესდება იპოთეკურ სესხებზე და რა სარგებელს იღებენ მშენებლები

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობამ გადაწყვიტა, იპოთეკური სესხები მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს და ასე შეუწყოს ხელი სამშენებლო ბიზნესს გადარჩენასა და თანამშრომლების შენარჩუნებაში. სამშენებლო სექტორის 4-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა. პროექტის ბიუჯეტი ჯამში 434 მლნ ლარია ლარია.

პირველი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ვინც აიღებს იპოთეკურ სესხს, სახელმწიფო სესხის პროცენტის ნაწილს (4%) 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. მთავრობის განმარტებით, სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 7 პროცენტამდე დაეცემა. სახელმწიფო ჩაერთვება იმ შემთხვევაში თუ სესხის მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება.

როგორც მთავრობამ განმარტა, იპოთეკური სესხის აღების პირველ ეტაპზე, გადახდილი თანხის ძირითადი ნაწილი სესხის პროცენტს ხმარდება, შედარებით მცირე კი „ძირი თანხის“ დაფარვას.

სახელმწიფო შეწყვეტს თანამონაწილეობას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტს ჩამოცდება.

წაიკითხე მეტი.

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

დღეიდან მუშაობას განაახლებს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა გადაადგილებისას მოგიწევთ რამდენიმე დეტალის გათვალისწინება. მაგალითად, არ შეიძლება ტრანსპორტით სარგებლობა პირბადის გარეშე. გარდა ამისა, გამორთული იქნება კონდიცირება, რაც კიდევ ერთი დირექტივაა ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

ზახაშვილის თქმით, შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, რეკომენდებულია, რომ ონლაინრეჟიმში მუშაობა გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებისთვისაც ამ ფორმით საქმიანობა ზარალის მომტანი არ არის.

„ზოგადად, პანდემიის პროცესში ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია, მუშაობის პროცესი გაგრძელდეს და განხორციელდეს ონლაინრეჟიმში, ისე, რომ ეს არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს მათი მოვალეობისა და ფუნქციის შესასრულებლად, რეკომენდებულია, რომ მათ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. იმ თანამშრომელთა ნაკადისთვის, რომელთაც შეუძლიათ და მათი საჭიროება აძლევთ შესაძლებლობას, რომ ონლაინ იმუშაონ“, - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი.

წაიკითხე მეტი.

მინეაპოლისის მერი პოლიციელის მიმართ საქმის აღძვრას მოითხოვს შავკანიანი მამაკაცის სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით

აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისის მერი გამოვიდა მოწოდებით, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას თეთრკანიანი პოლიციელის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ვიდეოჩანაწერზე ჩანს, მუხლს აჭერს კისერზე ძირს მწოლიარე შავკანიან მამაკაცს დაკავებისას. ამ დროს შავკანიანი მამაკაცი რამდენჯერმე იმეორებს, რომ ვეღარ სუნთქავს.

ჯორჯ ფლოიდი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფლოიდის სიკვდილს ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოჰყვა 26 მაისს, იხსენებენ და ამ ინციდენტს ადარებენ სხვა არაერთ, შავკანიანების სიკვდილის შემთხვევებს პოლიციელების მიერ დაკავებისას.

„რატომ არ არის საპატიმროში კაცი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი მოკლა?“, თქვა მინეაპოლისის მერმა, ჯეკობ ფრაიმ ბრიფინგზე. „თქვენ რომ ჩაგედინათ ეს, ან მე, ახლა გისოსებს მიღმა ვიქნებოდით“.

ფრაიმ მოუწოდა შტატის გენერალურ პროკურორს, „ბრალი წაუყენონ პოლიციელს ამ საქმეში“, მაგრამ არ დაუზუსტებია, რა ტიპის ბრალი უნდა წაუყენოს მას.

ინციდენტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაავალა FBI-ს და იუსტიციის უწყებას, დააჩქარონ გამოძიება. „ჩემი გული ჯორჯის ოჯახთან და მეგობრებთან არის. მართლმსაჯულება აღსრულდება!“, დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

წაიკითხე მეტი.

უნდა გვქონდეს თუ არა ანტისხეულების იმედი COVID19-თან ბრძოლისას?

რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი სახელად COVID-19, ამის დადგენა რეალურად ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას, ანუ იგივე ანტისხეულებზე დაფუძნებულ კვლევას შეუძლია. თუკი ჩატარებული ტესტის შედეგად, ადამიანის სისხლში აღმოჩნდება იმუნოგლობულინი G, ეს ნიშნავს, რომ მან ვირუსი უკვე გადაიტანა. ანუ, გადაიტანა სრულიად უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით, ექიმისთვის არ მიუმართავს და ის, როგორც კოვიდინფიცირებული, არ დაფიქსირებულა ოფიციალურ სტატისტიკაში.

როგორც უცხოეთში ჩატარებული მსგავსი ტიპის კვლევები ცხადყოფს, კოვიდინფიცირებულთა, უფრო ზუსტად კი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ვირუსი ისე გადაიტანეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ინფიცირებულთა ოფიციალურად დარეგისტრირებული რიცხვი.

სეროპრევალენტობის კვლევა 22 მაისს დაიწყო საქართველომ. როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, კვლევის საბოლოო შედეგები 30 მაისს უნდა გახდეს ცნობილი.

ამ ეტაპზე, სეროპრევალენტობის კვლევა თბილისში, თელავსა და ბოლნისში ჩატარდა. მასში თბილისიდან 1000 ადამიანია ჩართული. თელავიდან და ბოლნისიდან კი 150-150. წინასწარი მონაცემებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა 6-10 ადამიანს, ანუ 0,6% - 1%-ს.

წაიკითხე მეტი.

მოდი, ცოტა ხანს გავერთოთ და ვიდეოები ვნახოთ, სადაც ტექნოლოგიის სრულიად დაუჯერებელი და აბსურდული გამოყენებაა ნაჩვენები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG