Accessibility links

გიორგი მშვენიერაძე - უფლებადამცველი


8 ივლისი, კვირა

დღიური არასოდეს დამიწერია.

დღეს კვირაა. შესაბამისად, ტელეფონის მაღვიძარა არ მაღვიძებს. ზოგადად კი გირჩევთ მაღვიძარაზე ის მელოდია დააყენოთ, რომლის წაღიღინებაც გაგიჭირდებათ. ნაკლებად შეიძულებთ მას.

თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა, მაღვიძარას მეზობლად მიმდინარე მშენებლობის ხმაური ენაცვლება. დამიჯერეთ, მაღვიძარა ჯობს. ამ ხმაურს "სნუზ" ფუნქცია არ აქვს და არც მელოდიურობა.

რადგან კვირაა, დილა 11 საათისთვის დაიწყო. შეტყობინებების შემოწმება ტელეფონში, შხაპი, ჩაცმა, სახლის ქვეშ კაფე #14 და ახლად გამომცხვარი კრუასანი. ყავას აქ იშვიათად ვსვამ, - ისეთი არ არის, მე რომ მომწონს.

შემდეგ გზა ოფისისკენ. აქვე გეტყვით, რომ 4 თვეა, ელექტრომობილი ვიყიდე და თითოეული მგზავრობა მაგარ სიამოვნებას მანიჭებს. ცოდნა, რომ სხვების ფილტვებსა და სისხლს არ ვწამლავ, კარგ განცდას იწვევს.

გალაკტიონის ხიდის ქვეშ კაფე „ადრენალინია“, დრაივით. აი, სად უნდა დალიო ყავა! შორიდან მცნობენ და ყოველ გაჩერებაზე მგონია, რომ ყავის მზადება ჩემთვის უკვე დაწყებული აქვთ და ფორმალურად მეკითხებიან:

- კაპუჩინო 2 შაქრით?

- კაპუჩინო 2 შაქრით.

კვირა დღეს იმ საქმეებისთვის ვიყენებ, რომლებისთვისაც სხვა დღეებში დროს ვერ ვპოულობ. დღეს კვლევა მაქვს დასასრულებელი და ლექციისთვის მასალები მოსამზადებელი. კვლევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სიტყვის თავისუფლებაზე გამახსენდა: გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დიდი სჯა-ბაასი გამართა პროტესტის გამოხატვის ჩემეულ ფორმაზე, - სასამართლოს მოსამართლე მურუსიძე, თემიდას მხრებზე შემოსმული, პრეზერვატივს როგორ დაახატაო. ბევრი ვიწვალე, თავზე შემოსმული რომ დამეხატა, - ეს უკეთ გამოხატავდა სათქმელს, - მაგრამ არ გამომივიდა. რამდენიმე წევრს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოუთხოვია ამ ფაქტზე. რამდენჯერაც გამახსენდება, მეცინება.

ეკა ჭითანავა პოლიციას წუხელ გამოკითხვაზე ჰყოლია, რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოში რუსეთის ფედერაციის დროშის ფრიალის გაპროტესტების გამო. ჩემი წარმოსახვა კოსმოსის დასასრულს უფრო იოლად წარმოიდგენს, ვიდრე მის მიერ ვინმეზე ფიზიკურ ძალადობას. ეკას რომ იცნობდეთ, დამეთანხმებით.

ფეისბუქზე მოკლე პოსტი დავდე: რუსი ტურისტის მიერ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის დროშის ფრიალი რომ გვაღიზიანებს, ძალიანაც ლოგიკურია, მაგრამ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციასაც ამართლებენ და რუსეთსაც გულშემატკივრობენ. სამწუხაროა, მაგრამ ასე ვართ ერი დეგრადირებული.

შენიშვნებიც მივიღე, მთელ ერზე ნუ განავრცობო, მაგრამ ადამიანები როცა ვბრაზდებით, შეფასებაში გადამეტება ვიცით ხოლმე.

დღე ტკბილი ძილის მსურველი შეტყობინებებით ან ზარებით სრულდება. ბავშვები, უკვე ერთი კვირაა, არ მინახავს.

9 ივლისი, ორშაბათი

ეს დღე სმიტებისაა. ლორასი, რაიანისა და პატარა კეილების. ისინი აქაურები იყვნენ, საქართველოს მოქალაქეები, და არა ამერიკელები, როგორც ჟურნალისტები წერენ. მათი ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაა და სამარცხვინო ლაქა ჩვენი აწმყოსი. არაფრის თქმა არ შეგიძლია ამ დროს ადამიანს, მხოლოდ მათი სურათის ცქერა და ფიქრი.

ადამიანების ნაწილი შესაძლო მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს, საჯაროდ ჩაქოლვას. არანაკლებ საშიშები არიან ის ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების აღსრულების ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას ცდილობენ, თუნდაც, ვერბალურად. კანონის უზენაესობის პატივისცემა - აი, რა აკლია ჩვენს საზოგადოებას. ამ ველურის ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნა არანაკლები ველურობაა.

ფატმა სერენ იაზგანთან - თურქეთის ახალ ელჩთან - ინტერვიუ ვნახე. ყველაფერში ვეთანხმები, გარდა რელიგიის საკითხებში სახელმწიფოს როლისა. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ტრენინგზე ვიყავი ბათუმში. ადგილობრივმა მსმენელმა წუხილი გამოთქვა, ძველ ბათუმში ქართულად წარწერებიც კი აღარაა კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებზეო. ტრენინგის შემდეგ 2 საათი ფეხით ვიარე ვიწრო ქუჩებში და ერთი შენობაც ვერ ვიპოვე, სადაც ქართული წარწერა უფრო დიდი ან იმავე ზომის არ იქნებოდა, ვიდრე უცხოენოვანი. მაკვირვებს, თუ როგორ ახერხებს რუსული პროპაგანდა ტვინების ასე ამორეცხვას.

10 ივლისი, სამშაბათი

“ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთის ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი, ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პეტროგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი”. - 1918 წელი, მიხეილ ჯავახიშვილი.

დღეს ამ წერილის გაზიარების დღეა. 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, მე-19-მე-20 საუკუნეების პუბლიცისტიკის გაციფრება დაგვეწყო. 300-მდე წერილი უკვე გავაციფრეთ: ილია, ვაჟა, აკაკი, იაკობი, სერგეი, ნიკო, ბარბარე, არჩილი, მიხეილი და კიდევ სხვები, ახლა კი ყოველ სამშაბათს თითოეულ მათგანს ვაქვეყნებთ. საბჭოთა განათლების სისტემამ სხვა ილია და ვაჟა გვასწავლა, სხვა იაკობი და ჯავახიშვილი. ამიტომ აუცილებელია ისინი ხელახლა გავიცნოთ და აღმოვაჩენთ, რომ როცა ქართულ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, ადამიანის უფლებების დაცვა ქართული ტრადიციაა, ინდივიდუალიზმისა და ადამიანის ავტონომიურობის აღიარებაც ჩვენი ტრადიციაა და ადამიანთა თანასწორობის დაცვაც.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და საქართველოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერაც, სავარაუდოდ, ჩადენილია დანაშაული, არაკონსტიტუციურად ცნობასა და ძალადაკარგულად გამოცხადებას ვითხოვთ. არადა, თითქოს რა მარტივი გასაგებია, რომ პოლიცია არ უნდა იძიებდეს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების აღიარებას საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლა სჭირდება.

2 საათზე “სტაფ-მიტინგი” გვქონდა. 3 საათი გაგრძელდა.

საღამოს დათუნას ველაპარაკე. 2 დღეში ასპინძაში რაგბის შეკრებაც სრულდება და თბილისს ჩამოვა, მაგრამ მე ვერ ვნახავ. როცა დავბრუნდები, თავად უკვე სოფელში იქნება წასული. საუბარი ტრადიციულად დავასრულეთ: “მიყვარხარ, მამუ, ჩემი ძმა ხარ!”

11 ივლისი, ოთხშაბათი

დილის 9.35-ზე უკვე prolog-ში ვარ შეხვედრაზე. GDI გასულ კვირას კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა და მომავლის გეგმები უნდა განვიხილოთ.

ცოტა ხნით რეალობას რომ მოვწყდეთ და წარმოვიდგინოთ: ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეს აქვს რწმენა, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად წავა სასამართლოში, სადაც დახვდება მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლე, რომელიც საქმეს განიხილავს დროულად. ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება უკეთესი პოლიცია, გვეყოლება უკეთესი პროკურატურა, გვეყოლება უკეთესი თვითმმართველობა და ა.შ., რადგან მათ ხელს არ აფარებს სასამართლო.

მე მაინც მჯერა, რომ შევძლებთ ამ ყველაზე ჩამყაყებული სისტემის შეცვლას. მერე რა, რომ ჯერ კიდევ წარმართულ დროში მართლმსაჯულების ღმერთი არ გვყოლია. მესმის, რომ მოსამართლეთა დიდ ნაწილს აკადემიური ცოდნის ნაკლებობა აქვს და უფრო ოსტატის მიერ გაზრდილ შეგირდებს მოგვაგონებენ, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე იურისტებს. ვხუმრობთ ხოლმე, რომ ჩვენი სასამართლო დღევანდელობის საგზაო პოლიცია - “გაიაო“. ისეთივე სირცხვილი, როგორც 2 ლარის მოლოდინში ჩასაფრებული ინსპექტორი ქუჩაში. 20 წლის წინ არც არავის ეგონა, რომ საქართველოში “გაის” რამე ეშველებოდა, მაგრამ ეშველა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

12 ივლისი, ხუთშაბათი

დილით 9 საათზე ოფისთან ტოიოტა ქამრით ბატონმა თეიმურაზმა მოგვაკითხა და ბაკურიანის გავლით ბათუმში წავედით. ბაკურიანში კოტე კორკელია შემოგვიერთდა. მომდევნო დღეებში ლექციები გვაქვს შსს-ს ადამიანის უფლებათა ახალი დეპარტამენტის ახალ თანამშრომლებთან. წინა ჯერზეც გვქონდა და იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. ამდენი განათლებული და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი შსს-ს ერთ დეპარტამენტში ძალიან მაგარია. იმედია, სისტემას თავად შეცვლიან და სისტემა არ შეცვლით მათ, რადგან ძალოვან უწყებაში მუშაობა ერთგვარი ბრძოლაა შენსა და სისტემას შორის.

კოტეს ნახვა ყოველთვის მიხარია. ქუთაისამდე ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ: ადამიანის უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების უახლეს გადაწყვეტილებებზე, სასამართლო სისტემაზე, კანონის უზენაესობაზე...

ქუთაისში “საფერეში” შევიარეთ. ღვინის ბარია, ჩემი ძმის ცოლი უძღვება ამ საქმეს. ბევრი რამ ჩემი ხელითაა გაკეთებული - თიხის ჭურჭლის ნაწილი, დეკორაციები, განათება - და მიყვარს იქაურობა. იმერულად წავიხემსეთ.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპასთან კავშირის ერთ-ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება ღვინოა. ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და საქართველო - ასეთია ღვინის ევროპული სარტყელი. თუ რაიმე ტრადიცია არის საქართველოში შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელი, პირველ რიგში სწორედ ღვინის ქართულად დაყენების ტრადიციაა.

ბათუმში საღამოს ჩავედით. მიყვარს ბათუმის თბილი, ნესტიანი ჰაერი. არ ვიცი, შეგინიშნავთ თუ არა, მაგრამ ბათუმში შესვლისას ბენზეში სხვანაირი სუნი დგას. ჰოდა, ეს სუნი მიყვარს. საღამოს მეგობრებთან ერთად ფეხით გავისეირნეთ, ცოტა ღვინო მოვწრუპეთ და ბევრი ვისაუბრეთ. მე ერთი-ორი იმერული ამბავი მოვყევი, ვიცინეთ.

13 ივლისი, პარასკევი

დილით ადრე გავიღვიძე. დღეს ჩემი ლექციის დღეა და უნდა შევემზადო. უკან დასაბრუნებელი მატარებლის ბილეთები ონლაინ შევიძინე. უცნაური დამთხვევაა: ბიზნესკლასი - 41 ლარად.

თანდილაში ყავა ავიღე, ლექციის მასალებს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე და პრეზენტაციები ჩავასწორე. ჩემი მზადების პარალელურად გვანცა წულუკიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმსაჯულების კოალიციის სახელით სარჩელი ჩააბარა. ამჯერად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების სხდომების დახურვას ვასაჩივრებთ. თებერვალში გამართული გასაუბრებებისას მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან 34-მა გასაუბრება დახურულ ფორმატში გაიარა. მათგან 31 მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა შეკითხვებს უსვამენ მოსამართლეობის კანდიდატებს, რა პასუხს სცემენ ისინი და მათგან ვის ნიშნავს საბჭო მოსამართლედ. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ ფიქრობს.

ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. ბევრი შეკითხვა, ბევრი დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ერთი ნაწილი განსაკუთრებით მოეწონათ და მონაწილეებმა გადაწყვიტეს საკუთარ სამუშაო ოთახებში გამოაკრან. თქვენც გაგიზიარებთ:

ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც თავად სურს, შეუძლია, მოსწონს. ამ თავისუფლებას ზღვარს უდებს მხოლოდ სხვათა ასეთივე თავისუფლება და ლეგიტიმური/კანონიერი ინტერესები. ადამიანისთვის იმანენტურია მოთხოვნილება განვითარებაზე, ინდივიდუალიზმზე, განსხვავებულობაზე, ბუნებრიობაზე, პირად სივრცეზე საკუთარი არჩევანის მიხედვით - სასურველ პირთა წრით, ურთიერთობებით, ქცევებით, მისწრაფებებით, მანერებით, ლექსიკით და ა.შ. სწორედ პიროვნების თავისუფალი განვითარების გარანტირებული შესაძლებლობა არის შანსი ინდივიდუალიზმისთვის, მრავალფეროვნებისთვის და, მაშასადამე, პროგრესისთვის. მხოლოდ თავისუფლება და პერსონალური ნების, არჩევანის თუ შესაძლებლობების მიხედვით პიროვნების განვითარება განაპირობებს ადამიანის ავტონომიურობას, თითოეულის განსხვავებულობასა და განუმეორებლობას, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი პიროვნულობის შეგრძნების, თვითრეალიზაციის და ამ გზით პირადი ბედნიერების ძიებისთვის, განცდისთვის, ისე საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისთვის.

ტრენინგის შემდეგ ფანფანში ვივახშმეთ. შავი ზღვის მიდიები ლურჯი ყველის სოუსში და 1 ჭიქა „წინანდალი“. ამიტომაც მიყვარს ბათუმი.

ლილემ დამირეკა, ნაჩუქარი ფულით 9 ახალი წიგნი უყიდია და გახარებულია. სესილიც არ ჩამორჩება. ბიძაჩემი ალექსი (მე ასე ვეძახი) დაჰპირებიათ, მომავალ ჩამოსვლაზე ქუთაისის სახლის მთელი ბიბლიოთეკა გადმოვალაგოთ და კატალოგი გავაკეთოთო. სიხარულით ხტოდნენ. მგონი, არაფერი უყვართ წიგნებსა და სიძველეებზე მეტად.

11 საათისთვის ჩავბარგდით და რკინიგზის სადგურს მივაშურეთ. ცოტა ადრე მივედით. შტადლერის მატარებელი ბაქანზე იდგა და ალაგებდნენ. იქვე ჩამოვსხედით და ვმსჯელობდით, პირველ სართულზეა, ნეტა, ჩვენი ადგილები თუ მეორეზეო. ამ დროს გვამცნეს, თბილისის მატარებელი მეორე ბაქანზე დგასო. აღმოჩნდა, რომ მგზავრობა არა შტადლერის, არამედ ძველი მატარებლით გვიწევდა. ჩემი ბრალია. აღარც მეგონა შტადლერის გარდა სხვა მატარებელი კიდევ თუ დადიოდა ამ რეისზე. ასე ხდება ხოლმე: როცა ადამიანი კარგად არ დააკვირდები, რას იძენ, ევროპული შტადლერის ნაცვლად ხელში მორყეული საბჭოთა მატარებელი შეგრჩება.

14 ივლისი, შაბათი

6.35 საათი. თბილისის ვაგზალი. მთელი ღამის უძილო და დანგრეული. ტაქსის ვაჩერებ და ფასს ვეკითხები. რაც გინდა, მომეცი, თორემ მერე ტელევიზორში გამომაცხადებო, მეხუმრა. კარგი კაცი ჩანდა. სახლში მივედი და დავიძინე. ნაშუადღევს გამეღვიძა. ძილის განრიგი ამერია. სამაგიეროდ, გვიან გაღვიძებულზე საშუალება მაქვს დავჯდე და იმ კვლევის წერას მივუბრუნდე, წინა კვირას რომ ვერ მოვრჩი. ქვევით ჩავედი, კაფე #14, 2 კრუასანი და მათივე ყავა. ჯანდაბას, ხანდახან აქაც დაილევა ყავა, თუ სხვაგან გასვლა გეზარება. წინ მთელი საღამოა…

ბავშვები, უკვე 2 კვირაა, არ მინახავს.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG