Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი გვახარია თვითიზოლაციაში: ისევ სასწაულის მოლოდინში (ფიქრები პირველი კვირის მიწურულს)


კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ მაისის შუა რიცხვებში კინოს ნომერი პირველი ფორუმი ვერ ჩატარდება. 19 მარტს, როცა მსოფლიოში უკვე ყველაფერი გადაიდო და გაუქმდა, გამოაცხადა, რომ ”კინო აღარ იქნება”. კანი კი არა, აგერ ჰოლივუდი ”დაიხურა”, მგონი. ყველა გადაღება შეჩერდა. ამავე დღეს, 19 მარტს, კალიფორნიის გუბერნატორმა, ფაქტობრივად, აუკრძალა ხალხს ქუჩაში გამოსვლა. არადა, სულ რაღაც 3 კვირის წინ გახლდით ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში. ცხოვრება დუღდა და კორონავირუსზე, მგონი, საერთოდ არ ლაპარაკობდა არავინ.

როგორ უნდა იცხოვროს ამ ხალხმა, არ ვიცი. სივრცეში გადაადგილება, ხეტიალი, უსაზღვროების ნაწილად თავის წარმოდგენა ხომ ნებისმიერი კინემატოგრაფისტის ცხოვრების სტილია. ერთი ინგმარ ბერგმანი იყო, მგონი, რომელმაც უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრება გადაწყვიტა, მარტოობასა და სიკვდილს ”თვალებში ჩახედა”. ბევრი თვლის, რომ შვედი რეჟისორის გამოცდილება სხვებმაც შეიძლება გაიზიარონ (რამდენი მიმბაძველი ჰყავს ინგმარ ბერგმანს, ეგ ხომ ვიცით). აგერ, გიგა ზედანიამ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სწორედ ბერგმანის ”მეშვიდე ბეჭედის” ნახვა გვირჩია. ”შუა საუკუნეებში ხალხს შავი ჭირის ეშინოდა, ჩვენს დროში კი ატომური ბომბი აშინებსო”, - უთქვამს ბერგმანს ”მეშვიდე ბეჭედის” გადაღების წინ, 1957 წელს. სიკვდილი ამ ფილმში ფეხდაფეხ მიჰყვება რაინდს (დამთხვევაა, ცხადია, მაგრამ, მაინც უნდა აღვნიშნო - რაინდის როლის შემსრულებელი მაქს ფონ სიუდოვი სწორედ კორონავირუსის პანდემიის დღეებში, 2020 წლის 8 მარტს, გარდაიცვალა), მაგრამ რაინდს არ უნდა სიკვდილი, სანამ სიცოცხლის საიდუმლოს არ ჩასწვდება, სანამ არ გასცემს პასუხს კითხვას, ”რატომ იცხოვრა?”. რაინდს სიკვდილის არ ეშინია - მას ეშინია სიცოცხლის, რომელსაც საზრისი არა აქვს.

ამ გადაცემაში მეც ჩავერთე. ბევრმა მისაყვედურა, რატომ შეაშინე ხალხიო. ეკა კვესიტაძეც შეაშფოთა სურათმა, რომელიც თბილისში დაბრუნებამდე, ბერლინში წარმოვიდგინე - გვამებად ქცეული პოტსტამის მოედანი, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა ჩინეთში, ”ბერლინალე” მაინც ჩაატარეს. ევროპამ, რომელიც აქამდე ჭკუას გვარიგებდა, ანგარიში ისწავლეთ, ემოციებს ნუ აჰყვებითო, თავადაც ვერ გათვალა, ვერ იწინასწარმეტყველა, რადგან არსებითად დიდად არ ანაღვლებდა ჩინეთის ამბები... ჩინეთის კი არა, იტალიაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვდებოდა, მაგრამ ორი კვირის წინ ბერლინი ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობდა, სან-ფრანცისკოს კაფეები და ბარები კი გადაჭედილი იყო ხალხით. ამის თქმა მინდოდა ეკასთან - ბერგმანის გმირისა არ იყოს, სიცოცხლის საზრისზე ფიქრს მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა სიკვდილი ძალიან ახლოსაა. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი განსაცდელის დროს ვაფასებთ სიცოცხლეს. ხომ გახსოვთ, რას გვირჩევდა ბლეზ პასკალი? სიკვდილის უნდა გეშინოდეს არა საფრთხეში, არამედ მაშინ, როდესაც არაფერი გვემუქრებაო.

თვითიზოლაციაში ვინც ხართ ჩემსავით, ანდა კარანტინში, მიმიხვდებით, რასაც ვამბობ. დღეს, შესაძლებელია, გაგაღიზიანოთ ნებისმიერმა ახალმა ამბავმა, რომელიც კორონავირუსს არ ეხება - კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობამ, შემოდგომაზე დაგეგმილმა არჩევნებმა, გიგა ბოკერიას დისკრედიტაციისთვის შექმნილმა ფეიკებმა, გახარიას ფანების პათეტიკურმა სტატუსებმა, საპატრიარქოს დაბნეულობამ... აბსოლუტურად ყველაფერმა. დღეს მხოლოდ ექიმებს ვუკრავთ ტაშს, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ მათი იმედი გვაქვს... და რაც უფრო მეტად გვიახლოვდება განსაცდელი, მით უფრო მეტად გვჯერა სასწაულის. ამიტომაც, არც თვითიზოლაციაში გატარებული ჩემი ყოფის აღწერით შეგაწუხებთ. ბევრი აკეთებს დღეს ამას. თვითიზოლაცია და კარანტინი ქართველებმა ტრენდად ვაქციეთ. მაგრამ სასწაულის შესახებ მაინც გიამბობთ. უფრო სწორად, კინოს გირჩევთ, რომელიც სასწაულს გვაზიარებს.

მუნჯი კინოს ისტორიის კურსს ყოველთვის სასწაულზე საუბრით ვიწყებ ხოლმე. სტუდენტებს ვეუბნები, რომ კინოხელოვნება, არსებითად, თავად წარმოადგენს სასწაულს, რადგან მკვდრის, ე.ი. გარდასული დროის, აღდგენა-გაცოცხლებას ახერხებს. უფრო მეტიც - მკვდარი მატერიის გაცოცხლებას, ”აღდგომას”. კინოს დაბადების პირველ ეტაპზე დროსთან ეს თამაში, დროის მუმიფიცირების შესაძლებლობა ფანტასტიკურ რიტუალებში გადაიზარდა - 1898 წელს ბრიტანეთის ფსიქიატრიული კვლევების საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს ფირზე აღებეჭდათ სულის სხეულისგან განშორების წამები. მეცნიერი ხალხი ამას სრულიად სერიოზულად ცდილობდა, რადგან დარწმუნებული იყო - კინოკამერა უკეთ ხედავდა ადამიანის თვალთან შედარებით... ამ ხალხს სჯეროდა, რომ ახალი ხელოვნება სამყაროს სულის უკვდავებაში დაარწმუნებდა და ”ღმერთს დაანახვებდა”.

კრიზისების დროს ყველა გიჟდება და რა მოხდება, ჩვენც გავიგიჟოთ თავი? აგერ, ხომ ხედავთ, გამოთვლებმა და რაციონალიზმმა არ გაამართლა დასავლეთში, სახელგანთქმული აღმოსავლური მედიცინა კი სრულიად უსუსური აღმოჩნდა ბუსუსებიანი ვირუსის წინააღმდეგ. ჰოდა, სანამ ჭკვიანი მეცნიერები სამყაროს გადარჩენაზე ფიქრობენ, გავიგიჟოთ თავი და სასწაულის ვირწმუნოთ. ამ წუთას 5 ფილმი მაგონდება:

  • ”ცხოვრება მშვენიერია” (ფრენ კაპრა, აშშ, 1946 ) მთავარი გმირის, ვალებში ჩავარდნილი ჯორჯ ბეილის (ჯეიმს სტუარტი), გადასარჩენად იბრძვის არა მარტო მთელი ქალაქი, არამედ მისი ანგელოზიც, რომელიც დედამიწაზე ფრთების წასაღებად ბრუნდება. დიდი ხანია, კინოკრიტიკოსებმა ”ცხოვრება მშვენიერია” აღიარეს საუკეთესო სურათად შობის თემაზე (ფინალური სცენა სწორედ შობის დღეებში თამაშდება). იუმორი, თვითირონია, რაღაცნაირი ხაზგასმული პირობითობა კაპრას შედევრს არა და არ აძველებს - კრიზისისა და უიმედობის დღეებში ჯორჯ ბეილის ისტორია საუკეთესოა სიმხნევის მოსაპოვებლად. ბოლოს და ბოლოს იჯერებ, რომ ყველას შეიძლება გვყავდეს ჩვენი მფარველი ანგელოზი.
  • ”სიტყვა” (კარლ თეოდორ დრეიერი, დანია , 1955) ”რომეო და ჯულიეტას” მორიგი ინტერპრეტაცია, რომელშიც ლარს ფონ ტრიერის, ანდრეი ტარკოვსკის, ინგმარ ბერგმანის საყვარელი რეჟისორი, ფინალში ქმნის სრულიად შეშლილ სანახაობას, წარმოდგენილს სულ რამდენიმე განტვირთული კადრით. ”სიტყვა”, ფაქტობრივად, ამ 15-წუთიანი ფინალისთვისაა გადაღებული, მთელი ფილმი კულმინაციური სცენის შემზადებაა. დრეიერი იმდენად ოსტატურად ახერხებს მაყურებლის მანიპულაციას, რომ ”ფინალური სიგიჟეც” კი სრულიად ბუნებრივად შეიძლება მოგვეჩვენოს. სადღაც ფინალისკენ ჩვენ უკვე მთლიანად გადაგვედება დრეიერის შედევრის ენა, რიტმი, განწყობა... ის, რასაც პროტესტანტი რეჟისორი ”სულიერ კინოს” უწოდებდა.
  • მწვანე შუქი” (ერიკ რომერი , საფრანგეთი, 1986) რომერის ფილმს ქვესათაური აქვს - ”არც არაფერი იცის მან, ვინც საკუთარი თავი არ იცის”. უფრო სწორად ეს ანდაზაა - ”მწვანე შუქი” ხომ ანდაზების ციკლის ბოლო ფილმია, რომელსაც, რომერის სხვა ფილმებისგან განსხვავებით, კომერციული წარმატებაც ჰქონდა. ეტყობა, ყველას სიამოვნებს, როცა რეჟისორი მხოლოდ კითხვებს სვამს და მაყურებელს საშუალებას აძლევს თავად გაერკვეს ფილმის საიდუმლოში. ”მწვანე შუქის” დამთავრების შემდეგ გრძნობ, რომ უფრო დაკვირვებული გახდი, რომ გსიამოვნებდა თვალის და ყურის ეს ვარჯიში. ამის მერე, შესაძლებელია, ის დაინახო სწორედ, რასაც ასე სასოწარკვეთილი ეძებდნენ ბრიტანელი ფსიქიატრები თავიანთ ”მისტიკურ სეანსებში” - ღმერთი და სული თუ არა, მწვანე შუქი მაინც, ის შუქი, რომელიც რაღაც ძალიან დიდის ნაწილად გაგრძნობინებს თავს და დაგაჯერებს, რომ მარტოობა ზოგჯერ დასჯა კი არ არის, არამედ მადლია.
  • ”ჰავრი” (აკი კაურისმიაკი, ფინეთი, 2011) ამ მართლა ძალიან კარგი ფინელი კაცის ირონია იმის მიმართ, რომ ევროპული საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდება უცხოს შიშისგან, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ კაურისმიაკის არ სწამს ამის შესაძლებლობის. ლამაზი ზღაპარი და სასტიკი რეალობა ისეა გადაჯაჭვული ”ჰავრში”, რომ რამდენჯერაც არ უნდა ნახოთ ეს ფილმი, მაინც ვერ მიხვდებით, სად გადის საზღვარი სინამდვილესა და ოცნებას შორის. ცრემლი, იცოცხლე, არ აგცდებათ. რობოტი უნდა იყო, კაურისმიაკის გმირებზე რომ არ აგეტიროს... არა, არა იმდენად გმირებზე, რამდენადაც ადამიანთა სოლიდარობის სახეზე, რომელსაც ფინელი რეჟისორი ქმნის. სოლიდარობა აქ სიკვდილს უმკლავდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უცხოს შიშის ინსტინქტებით ცხოვრობს, კაურისმიაკისთან ჩაკეტილ ხალხში მაინც უნდა გაიღვიძოს ადამიანობამ.
  • ”ბიჭი ველოსიპედზე” (ძმები დარდენები, ბელგია, 2012) 12 წლის სირილი ობოლ ბავშვთა ინტერნატში მოხვდა მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა. სირილი მამის ძებნას იწყებს, თუმცა არა ისე, როგორც, მაგალითად, ბავშვები თეო ანგელოპულოსის ფილმში ”პეიზაჟი ნისლში”, ანდა გოგონა ვიმ ვენდერსის სურათში ”ალისა ქალაქებში”. კინოს ისტორიაში მამის ძიების რიტუალი, როგორც წესი, რელიგიურ-მეტაფორული მნიშვნელობით იხატებოდა ხოლმე. ბელგიელი ძმების, ჟან-პიერ და ლუკ დარდენების, ფილმში სიმბოლოებსა და არქეტიპებს ცვლის სასტიკი, ზედმიწევნით ნატურალისტურად ნაჩვენები სოციალური რეალობა, რომელიც, თავის მხრივ, აიძულებს მამას უარი თქვას თავის შვილზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარდენების შედევრში ადგილი არ რჩება პოეზიისთვის, სასწაულისთვის. აკი გითხარით უკვე, კარგ კინოში მაყურებელი მლოცველის როლში მოგვევლინება ხოლმე - ილოცეთ და გადარჩებით! ძალიან, ძალიან მოინდომეთ და სირილი გადარჩება. სასწაული აუცილებლად მოხდება!
    90-იანი წლები იწურებოდა, მგონი. გოჩა გოშაძემ დამირეკა, ძალიან კარგმა ფსიქოლოგმა: ბორჯომში ბავშვები მიმყავს დევნილების ოჯახებიდან, სტრესის მოხსნაში ვეხმარები. რა ფილმებს მირჩევ, რომ ვუჩვენოო. მოფიქრება ვერ მოვასწარი, თვითონვე მითხრა, ჰიჩკოკის რეტროსპექტივა მოვამზადეო. ჰიჩკოკს, როგორც კარგ ფსიქოლოგს, სჯეროდა, რომ სტრესის მოსახსნელად სტრესი უნდა გაძლიერდეს... აი ისე, როგორც ”ქაჯანაში” - უნდა შეაშინო და ამ შიშისგან დაკარგული მეტყველება აღუდგინო ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ”შიშით დათრგუნო შიში”. რაც მთავარია, უნდა დაანახვო, რომ დღეს იმასაც კი უჭირს, ვისაც აქამდე არ უნდა სცოდნოდა, რა არის გაჭირვება. იმასაც კი ეშინია, ვისაც, შენგან განსხვავებით, განსაცდელი არც არასდროს განუცდია. ასეთი შიში ადამიანებს აერთიანებს, პლანეტას აერთიანებს - მაშინაც კი, როცა თავის გადასარჩენად ცალკეული ქვეყნები, ადამიანები, იზოლაციისა და კარანტინის გზას ირჩევენ.

თვითიზოლაციაში უფრო მეტად გენატრება ადამიანები.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG