Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში პოლიციელებმა აქციის მონაწილე ჟურნალისტების მოწოდებები ნაგვის ყუთში ჩაყარეს


ჟურნალისტები დღეს გორშიც შეიკრიბნენ. “ნუ გვესვრით!” - ამ მოწოდებით მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან მივიდნენ და 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტების უფლებების შელახვა გააპროტესტეს. ვლადიმერ შევარდნაძე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოპერატორია. ის წუხელ საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა და საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ესროდნენ დამიზნებით პოლიციელები მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჟურნალისტების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმა და მედიის წარმომადგენლები ბათუმიდან თელავამდე თითქმის ყველა ქალაქში გამოვიდნენ იმ ადამიანების დასჯის მოთხოვნით, ვინც 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა, ტყვიას ესროდა და საქმიანობაში ხელს უშლიდა. „ქართლი.გეს“ რედაქტორი საბა წიწიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახლაც დაობს საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე. მისი თქმით, ჟურნალისტებზე ზეწოლა, პირველ რიგში, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზარალებს და ეს კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას.

საპროტესტო აქციაზე მედიის წარმომადგენლებს ხელთ ჰქონდათ იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც წუხელ დაზარალდნენ. იდენტიფიცირებულია 300-ზე მეტი ჟურნალისტი, ვინც სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. რადიო „მოზაიკის“ დირექტორი გვანცა დოლუაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის მოსაწყობად ჟურნალისტებმა ლოკაცია სწორად შეარჩიეს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა. უწყებისგან მედიის წარმომადგენლები სასწრაფო გამოძიებას მოითხოვენ.

გორში აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები სამხარეო პოლიციის შენობაში შევიდნენ და სამართალდამცავებს დაუტოვეს დაზარალებული ჟურნალისტების სია, ფოტოები და პლაკატები, მოწოდებებით, რომ არ ესროლონ, ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში. პოლიციელებმა ჟურნალისტებს პლაკატები გამოართვეს, მათ წინ დაჭმუჭნეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG