Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ქაცარავა: პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით, ჭიდაობით დაგვაკავა


ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ძალის გამოყენებით დააკავეს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა დავით ქაცარავას, რომელმაც განგვიმარტა, რომ ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, აფიქსირებდა საოკუპაციო ძალების მიერ მოწყობილ ახალ საგუშაგოს სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე და იმ დროს, როცა ფოტო- და ვიდეოგადაღება დაასრულა და გამოსვლას აპირებდა სოფლიდან, პოლიცია მივიდა მასთან და მის თანმხლებ პირებთან, ჩამოართვეს ტელეფონები და ძალის გამოყენებით გამოიყვანეს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ეს არ არის დაკავება, კლასიკური გაგებით, ეს იყო გამოყვანა საოკუპაციო ხაზის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა პროცესი იყო ძალადობრივი.

"სამწუხაროა, რომ ასეთ პრინციპულობას ხელისუფლება იჩენს ჩვენს მიმართ, ხოლო იქ, სადაც საჭიროა, ოკუპანტებს უთმობს ჩვენ მიწა-წყალს. ახალი სათვალთვალო კოშკის დაფიქსირება მოვასწარით, რომელიც სულ ახლახანს ააგეს რუსებმა ოქონა-ატოცის გადაკვეთაზე. სამწუხაროდ, ჩვენი დაკავების და ჩვენთან ბინძური ჭიდაობის კადრები არ გვაქვს, თუმცა რომც მქონოდა, ვერ გავასაჯაროვებდი, იმდენად შემრცხვა და მეუხერხულა პოლიციელების მაგივრად... ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო.. ძალიან... ამასობაში კი ეს მოღალატე და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩორჩანა-პერევის უზარმაზარი ტყის გადასარჩენად, რომელსაც ოკუპანტები ყოველდღე გვართმევენ", - დაწერა დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებასთან საუბრამდე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დავით ქაცარავას თქმით, საგუშაგო ახლად აშენებულია ატოცი-ქვემო ოქონას გადაკვეთაზე და ინფორმაცია ამის შესახებ, მიზანმიმართულად იმალება.

თითქმის ერთი წელია, რაც შსს და სუს-ი ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში აღარ უშვებს. მიზეზი მათივე უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობა პერიოდულად შემოვლითი გზით ახერხებს საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG