Accessibility links

დავიწყებული შიმშილი


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

მაჰათმა განდის ეკუთვნის სიტყვები: მსოფლიოში ბევრი ადამიანი ისეთი მშიერია, ღმერთს შეუძლია მათ მხოლოდ პურის სახით(ფორმით) მოევლინოსო.

2020 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის უხუცესმა წევრმა, რევაზ არველაძემ, მინისტრის საათის ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა : “შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?” მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა შეიძლებოდა დაწყებული სიტყვებით – დიახ ან არა, მინისტრმა ყურადღება გაამახვლა იმაზე, რომ ამ თემაზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, რომ 2019 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება, რომ არსებობს საკვები ვაუჩერები და რომ აღნიშნული არ არის საკმარისი და მთავრობას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ ბავშვები არათუ არ შიმშილობდნენ, არამედ კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ. ამის შემდგომ, რევაზ არველაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა : “შიმშილი არის ის, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, იმიტომ რომ ვერ მიიღო საჭმელი.”

პირველი კითხვა, რაც უნდა დაისვას არის შემდეგი : მართლაც იგივეობრივი განმარტებებია შიმშილი და სიკვდილი შიმშილით თუ არა? გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, შიმშილი (შიმშილის გრძნობა) არის არაკომფორტული და ტკივილის მომტანი ფიზიკური შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმისთვის არასაკმარისი საკვების მიწოდებითა და ენერგიის ნაკლებობით. იგი ხდება ქრონიკული (და შეგრძნებას ენაცვლება მდგომარეობა – შიმშილი), როდესაც ადამიანი რეგულარულად ვერ ახერხებს საჭირო კალორიების მიღებას. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განსხვავებით შიმშილის შეგრძნებისგან, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს გარკვეულ მომენტში და გარკვეული მიზეზების გამო, შიმშილი არის ადამიანის განმეორებადი ან გამუდმებული ყოფნა საკვების უქონლობის ან სიმცირის პირობებში, რაც აზიანებს პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ხოლო სიკვდილი შიმშილით არის ამგვარი “გამუდმებული ყოფნის” დასასრული და იგი არ უნდა მოვიაზროთ “შიმშილის პროცესთან” მიმართებით, როგორც იდენტური.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევით, მოზარდები 7-დან 10 წლის ჩათვლით, საჭიროებენ დღიურად 1600-2000 კილოკალორიის მიღებას, ხოლო ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა მათთვის უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად : მინიმუმ 5 პორცია განსხვავებული ხილი და ბოსტნეული დღეში, ნახშირბადით გაჯერებული ისეთი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა პომიდორი, პური, მაკარონი და ბრინჯი, რძე და რძის პროდუქტები, სხვა სახის საკვები, რომლებიც პროტეინების შემცველია, მაგალითად ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და ოსპი.

დიმიტრი ხუნდაძემ, კიდევ ერთმა პარლამენტის წევრმა, განაცხადა : “მიუხედავად იმისა, რომ “შიმშილის” დეფინიცია არც კი არსებობს, ამაზე ადეკვატური წარმოდგენა პრობლემასაც რეალურად დაგვანახებს. უფრო სწორი იქნება, თუკი შიმშილს არასრულფასოვან კვებად განვიხილავთ და ამით არც რეალობას ავცდებით და არც პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ვაქცევთ.” მეორე კითხვა, რაც უნდა დაისვას, არის შემდეგი : რატომ გვეშინია სიტყვა “შიმშილის”? რატომ ვცდილობთ, რომ ისეთი ტერმინები, როგორებიცაა არასრულფასოვანი კვება, მცირე რაციონი, პროტეინების ნაკლებობა გადავთარგმნოთ, როგორც “არაშიმშილი”?

სლავოი ჟიჟეკი, სლოვენიელი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი, სიღარიბეზე საუბრისას ამბობს : “როდესაც ჩვენ გვიჩვენებენ სცენებს მოშიმშილე აფრიკელი ბავშვებისა, რომლებიც გვთხოვენ, გავაკეთოთ რამე მათ დასახმარებლად, ფარული იდეოლოგიური მესიჯი გვეუბნება : არ იფიქრო! პოლიტიზირების გარეშე! დაივიწყე ნამდვილი გამომწვევი მიზეზები მათი სიღარიბისა, უბრალოდ იმოქმედე, გამოიმუშავე ფული, რომ ფიქრი არ მოგიწიოს.” რას ნიშნავს ფიქრი და მისი დათრგუნვა? იგი მორალური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ხერხია, რადგან ფიქრი აუცილებლად ნიშნავს იმის გააზრებას, რომ ყველას რაღაც ბრალი მიუძღვის სხვათა სიღარიბეში. ფიქრი ნიშნავს იმას, რომ გააცნობიერო კვლევების შედეგები, რომლებიც გეუბნება, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ მდიდარი მშობლები, აქვთ მეტი შანსი, გახდნენ წარმატებული, ვიდრე ღარიბ ოჯახებში დაბადებულ “ბუნებრივი” ნიჭით დაჯილდოვებულებს; რომ შიმშილის დროს ორგანზმი გლუკოზის დანაკარგის შეგრძნებას სხვა ჰორმონების გაღიზიანებით აკომპენსირებს, რაც აძლიერებს აგრესიულ ქცევას.

თუმცა სამომხმარებლო საზოგადოება სხვა პრიორიტეტებით საზრდოობს. თითქოს როგორი ერთნაირი სიტყვებია “შიმშილობა” და “შიმშილი”, მაგრამ პირველი პოლიტიკური კონოტაციისაა, დროითია, ყურადღების ცენტრში გაქცევს და მრავალი სატელევიზიო სიუჟეტის გმირი ხდები, ხოლო მეორე – უიმედობის თანმდევია, რაც არც გმირად გაქცევს და არც წამებულად, უფრო არარეალიზებულ პიროვნებად, რომელმაც ველური კონკურენციის პირობებში ვერ მოახერხა, ყოფილიყო მგელი… თუმცა, ბავშვებზე რაღა ითქმის?

ბერნი სანდერსი, დემოკრატიული სოციალიზმის იდეების გამტარებელი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონშია ჩართული, თავის ყოველ გამოსვლაში ყურადღებას ამახვილებს სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, 500 ათასი ამერიკელის გაბანკროტებაზე, ამდენივე უსახლკარო ადამიანზე, გაუმართავ ჯანდაცვის სისტემასა და წამლების ფასებზე, რომლის გამოც მრავალი იღუპება, დიდი კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე და, ზოგადად, ნეოლიბერალიზმის შედეგებზე, რომელმაც 3 უმდიდრესი ამერიკული ოჯახის ხელში იმდენივე ქონება მოაქცია, რამდენსაც დანარჩენი ამერიკის ნახევარი მოსახლეობა ფლობს. ხოლო ჩვენში მოღვაწე პოლიტიკოსებისთვის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოქმედებს პრეზუმფცია : თუ პოლიტიკოსების ფრაზები არ დაემთხვევა რეალობას, მით უარესი რეალობისთვის. შესაბამისად, მით უარესი – ბავშვებისთვის.

როდესაც ჭრილობა გაქვს სხეულზე და ამტკიცებ, რომ საღ-სალამათი ხარ, განა ტკივილი თავისთვის გაივლის? უფრო საზრიანია ვიფიქროთ, რომ ტკივილის დაძლევისა და გამოჯანმრთელების პირველი წინაპირობაა აღიარება ჭრილობის ქონისა, ხოლო შემდგომი – მკურნალობა. და რაც შეეხება შიმშილს, სიღარიბეს, იგი საკუთარი ჭრილობასავითაა, იგი ფეშენებელური სასახლეების აპარტამენტებიდანაც ჩანს და მდიდრული ავტომანქანებიდანაც, რუსთაველის 8 ნომრიდანაც და წყნეთის აგარაკებიდანაც; დავიწყებული შიმშილიც კი ჩვენში ცოცხლობს, როგორც სადღაც არსებული, უბრალოდ ამ “სადღაც”- ის მიგნებას ფიქრი სჭირდება, ფიქრი სხვებზე, რაც თუ კარგად დავუკვირდებით, საკუთარ თავზე ფიქრიცაა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დასკვნა: https://www.nhs.uk/common-health-questions/childrens-health/how-many-calories-does-a-child-of-7-10-need/

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შიმშილის დეფინიცია: http://www.fao.org/hunger/en/

სლავოი ჟიჟეკის სიტყვები: https://www.goodreads.com/quotes/473560-when-we-are-shown-scenes-of-starving-children-in-africa

განდის სიტყვები: https://www.goodreads.com/quotes/40054-there-are-people-in-the-world-so-hungry-that-god

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG