Accessibility links

site logo site logo

დამატებითი დრო მოლაპარაკებებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 მარტს


რთული დიალოგი - რას ამბობენ ბრიუსელსა და თბილისში

5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, მხარეთა პოზიციების არასაკმარისი დაახლოების გამო, ევროკავშირმა ჯერ ისევ ვერ მოახერხა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან შეკრება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავად წარუდგენს კონკრეტულ წინადადებებს შეთანხმების მისაღწევად.

„განიხილავთ თუ არა ახალი არჩევნების ჩატარებას თქვენს ქვეყანაში? განიხილავთ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებას?“ - რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ამ შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ უპასუხა:

„პოლიტიკოსობა იმუნიტეტი არ არის. თუკი პოლიტიკოსი კრიმინალს ანდა უკანონო ქმედებას ჩაიდენს, ის ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი უნდა იყოს ამისთვის. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გავათავისუფლოთ თუ არა, ანდა როდის, როგორ გავათავისუფლოთ პატიმრები. ეს არის კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის გადასაწყვეტი - დააპატიმროს თუ გაათავისუფლოს ვინმე.

ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი - უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ეს კონსტიტუციაში ნათლად წერია. ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, OSCE/ODIHR-მა და ყველა საერთაშორისო მეთვალყურემ აღიარა ეს არჩევნები როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული და ამიტომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ბრიუსელში, წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

Astrazeneca, თრომბოზი, ფრთხილი ევროპა და საქართველო

ევროპის ქვეყნები დროებით, ძირითადად ორი კვირით აჩერებენ მოქალაქეების აცრას ბრიტანულ-შვედური ვაქცინით. AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდმა, ბულგარეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი თრომბოემბოლიის შემთხვევები გახდა, რომლებიც ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ გააგრძელონ ვაქცინის გამოყენება. ორგანიზაციის მთავარი მკვლევარი, სუმაია სუამინათა აცხადებს, რომ ამ დრომდე, გართულების შემთხვევების და ვაქცინის კავშირი არ დადგენილა.

აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს სწავლობს ევროპის წამლის სააგენტოც. უწყების ცნობით, ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენების დროებითი შეჩერება უკავშირდება იმ მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც ყოველი შესაძლო გართულების შემთხვევის შესწავლასა და შეფასებას გულისხმობს. ამის შესახებ მან 16 მარტს, ცენტრში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რას ფიქრობენ ევროპასა და საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით? ამის შესახებ წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპარლამენტსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. პრემიერი ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. დღის წესრიგშია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგი და ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

პარლამენტმა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს შემადგენლობაში აღარ იქნება კულტურისა და სპორტის სამინისტროები. გადაწყვეტილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონის ასამოქმედებლად ახლა პრეზიდენტის ხელმოწერა და გამოქვეყნებაა საჭირო.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2018 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით შეუერთდა. უფრო ადრე კულტურისა და სპორტის სამინისტროები დამოუკიდებელი უწყებები იყო. მათი ისევ გაცალკევების შესახებ ცნობილი 2020 წლის დეკემბერში გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლად შექმნილი სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი იუსტიციის მინისტრის და ახლა უკვე პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, თეა წულუკიანის დანიშვნა იგეგმება.

„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას

„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას, თუკი პლატფორმა უარს იტყვის აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე.

„როსკომნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ სუბოტინის თქმით, უწყებას ჯერ არ დაუფიქსირებია Twitter-ის კონკრეტული ნაბიჯები აკრძალული კონტენტის მოშორების თაობაზე“. „თუკი საქმე ასე გაგრძელდება, ერთი თვის შემდეგ ის დაიბლოკება“, - განაცხადა სუბოტინმა.

გასულ კვირაში, 10 მარტს, „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ Twitter-ის მუშაობის შენელებას იწყებს ყველა მობილურ მოწყობილობასა და სტაციონარული მოწყობილობების ნახევარზე, ვინაიდან, ხელისუფლების ვერსიით, სოცქსელი 2017 წლის შემდეგ არ შლის აკრძალულ კონტენტს. თავად Twitter-ში განაცხადეს, რომ „ღრმად შეშფოთებული არიან ინტერნეტში საჯარო ურთიერთობების დაბლოკვისა და შეზღუდვის გახშირებული მცდელობების გამო“, იტყობინება RBC.

პროტესტის 143-ე დღე - „ნამახვანჰესის“ პრობლემას გადაჭრის პირი არ უჩანს

ხელისუფლებამ და აქტივისტებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. მინისტრები „ულტიმატუმებს არ იღებენ”, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები „ხეობას არ თმობენ”.

სოფელ ნამოხვანში, ადგილობრივი მოსახლე ლალი ეფრემიძის ეზოში, მდინარე რიონის ნაპირას ორი მოზრდილი კარვის გვერდით მესამე, შედარებით პატარა, 15 მარტს გაშალეს მას შემდეგ, რაც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან სოფელში დაბრუნდნენ.

უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 143-ე დღეს, რამდენიმე ადგილობრივის მიერ წამოწყებულ მოძრაობას ხალხი არ აკლდება, უფრო პირიქით. ათეულობით აქტივისტი ერთმანეთს დღე და ღამე უწყვეტად ენაცვლება.

14 მარტს, საპროტესტო აქციამდე, ხეობაში, სოფელ ჟონეთში შეყვანილმა პოლიციამ სოფელი მეორე დღესვე დილიდან დატოვა. კარვების მიმდებარედ პოლიციის მხოლოდ რამდენიმე ეკიპაჟი პატრულირებს. კომპანია „ენკას” მთავარ ოფისთან, სადაც დასაქმებული მუშახელისთვის ორსართულიანი კოტეჯებია აშენებული, მხოლოდ დაცვის სამსახურის ავტომანქანა დგას. მშენებლობა შეჩერებულია. აქაურები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ მძიმე ტექნიკა რამდენიმე დღის წინ გააჩერა და სადგომზე გადაიყვანა.

წაიკითხე მეტი თათა კაჭკაჭიშვილის სტატიაში.

საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ ვაქცინაციის დაწყებამდე ალერგიული მდგომარეობის შეფასების პროტოკოლი დაამტკიცა. განისაზღვრა შეკითხვები, რომლებიც უნდა დაისვას, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული შედეგები მოსალოდნელი არ არის. აი, რას გვიამბობს ექიმი-ალერგოლოგი ნინო ლომიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG