Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობა, როგორც განზომილება


ავტორი: არჩილ ნადირაძე

,,დღეს, ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და

ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს’’.

ამ სიტყვებით დაიწყო ნოე ჟორდანიამ 1918 წლის 26 მაისს, მისი თავმჯდომარეობით, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება.

ალბათ დამეთანხმებით, რომ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დგება, ან უბრალოდ ამ მოვლენაზე ვსაუბრობთ, გადაცემას ვუყურებთ თუ ვკითხულობთ, კინოფირივით თვალწინ გაგვირბენს კადრები, წარმოსახვაში გაცოცხლებული იმ ადამიანების სახეები რომლებიც ყოველთვის ასოცირდებოდნენ და ასოცირდებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. ერთი, მეტად რთული საკითხია მოიპოვო დამოუკიდებლობა, მაგრამ შეინარჩუნო ეს დამოუკიდებლობა - არანაკლებ რთულია.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ დღის დადგომას, როდესაც 1918 წლის 26 მაისს ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობის აქტით საბოლოოდ დოკუმენტურად გააფორმა, ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილი და მათ მიერ გადმოცემული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ესტაფეტა. ისე, ეს ცოტა პროტესტისმაგვარი განცდის მომგვრელია, ვინაიდან თითქოს იჩრდილება ის ფაქტი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლის დამოუკიდებლობის დღის განსაზღვრა შეიძლება რთულიც კი იყოს, ვინაიდან თუ ჩვენს ისტორიას გადავავლებთ თვალს, მისი ყოველდღიურობა მუდმივად დაკავშირებული იყო ქვეყნის ყოფნა-არყოფნასა და დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებასთან, მოკლედ, რომ ვთქვა - საქართველო, ეს არის დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ბრძოლებისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მატიანე.

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ჩვენი ქვეყანა თითქოს შავმა ხვრელმა შთანთქა, თითქოს ქვეყანა კომაში აღმოშნდა, თითქოს ეროვნული ამნეზია დაემართა, საბჭოთა კავშირში ხომ ისტორია პარტიის დაარსების დღით იწყებოდა, მაგრამ ერს, რომელიც მუდმივად თავისუფლებისკენ ისწრაფვის, როგორ შეიძლება ჩაუხშო დაუცხრომლობის შეგრძნება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა, რომელიც მას გენში და სისხლში აქვს და, რომელიც ადრე თუ გვიან აღმოხდება, როგორც ეს ჯერ 1989 წელს მოხდა და შემდგომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა - „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ევოლუციის ეპოქაში, რომელმაც საბჭოთა 70 წლიანი ოკუპაციის მაგიერ, ჩემი სუბიექტური აზრით, მეტნაკლებად დაგვაშორა ჩვენს წარსულთან, თითქოს დავივიწყეთ ჩვენი წინაპრები, დავივიწყეთ ჩვენი ისტორია და ის რაც ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს სიგოიმედ იქცა და ტეხავს. იმედი მაქვს ეს მიდგომა შეიცვლება, რადგან არაფერია იმაზე თანამედროვე ვიდრე ეროვნული ტრადიციებით, თვითშეგნებითა და ღირებულებებით გაჟღენთილი თანამედროვეობა. რამოდენიმე თვე გიდად მომიწია მუშაობა და ყოველ ჯერზე, როდესაც ტურისტებს ვუყვებოდი ამა თუ იმ ისტორიული ძეგლისა თუ ფაქტის შესახებ ტირილამდე ვგრძნობდი სიამაყეს.

ამას წინათ ინტერვიუს ვუსმენდი, ერთ ცნობილ ქართველ დირიჟორთან, გოგი ჭიჭინაძესთან, რომელიც ყვებოდა, რომ როდესაც იაპონელს ეკითხები რაიმეს მის ისტორიასთან დაკავშირებით ის წითლდება და თვალებში ყურება უჭირს, იმიტომ, რომ იაპონელები დღესაც გრძნობენ, რომ ისინი თავისი წინაპრებისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილი არიან, მათში გამჯდარია წარსულის აწმყოსა და მომავლის ისტორიული განზომილებები ერთი სუბსტანციის სახით, შესაბამისად ეს ამ იდეურ განზომილებათა ჯაჭვი დღესაც არ არის გაწყვეტილი მათ გენში.

კარგით, დავუშვათ 102 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, 3 წლიანი დამოუკიდებლობის შენარჩუნების უმძიმეს პერიოდსა და მის მალევე დაკარგვით გამოწვეულ ტრაგედიას ვერ ვაცნობიერებთ ან არ ვაცნობიერებთ, თუმდაც ისტორიის არასაკმარისი ცოდნის ან მისდამი ინტერესის არარსებობის გამო, მაგრამ რა ხდება ახლა? 29 წელი გავიდა მას შემდგომ რაც ჩვენმა მშობლებმა არანაკლები ფასის სანაცვლოდ მოიპოვეს ხელახლა დამოუკიდებლობა. ყველას გვყავს ოჯახში ადამიანი ვინც გვიყვება თუ თავად, როგორ გახდა ამ მოვლენის შემსწრე თუ თანამონაწილე, თუმდაც უბრალოდ მიტინგზე ყოფნით. რატომ ვერ ვითავისებთ მაინც ამ მონაპოვარის დედააზრს? თითქოს დამოუკიდებლობის 3 განზომილებიდან ერთ-ერთ მათგანთან - წარსულთან, ყოველდღიურად ვწყვეტთ კავშირს, მისი მეორე განზომილების - აწმყოს მეშვეობით. გლობალიზაციის გამო ალბათ? მაგრამ გაიხსენეთ ევროპა, თუმდაც იტალია, რომელიც მისი დიადი ისტორიით იბყრობს მსოფლიოს ყურადღებას. იქნებ ტექნოლოგიური პროგრესის გამო? გაიხსენეთ ცოტათი ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილი ინტერვიუს ნაწილი იაპონელებთან დაკავშირებით.

თავს აღარ შეგაწყენთ და ჩემს პუბლიკაციას დავასრულებ ერთი ფრაზით, რომელიც ჩემს გონებაში ჩაიბეჭდა, როგორც ლოზუნგი და რომლის შინაარსობრივი გააზრება, ჩემი პირადი მოსაზრებით უნდა იყოს ის ქვაკუთხი, რომელზედაც ჩვენი თუ მომავალი თაობები აუცილებლად ააშენებენ ნამდვილ, დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ქართული ტრადიციებითა და სულისკვეთებით გაჟღენთილ სახელმწიფოს.

,,აწმყო - შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა.’’ - ილია ჭავჭავაძე

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG