Accessibility links

site logo site logo

დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს? - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 აპრილს


მელია პატიმრობაში თუ გარეთ - ვის აქვს ციხის საკნის გასაღები?

შესაძლოა, დღეს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. 8 აპრილს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე თეორიულად შესაძლებელია გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა ზუსტად არავინ იცის, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი.

17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ეს კი კანონით სასამართლოს ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას.

„პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ სასამართლო ვალდებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თავისივე ინიციატივით გადასინჯოს ეს საკითხი. ეს სავალდებულოა. ორი თვე გადის 17 აპრილს, მაგრამ რადგან სხდომა 8 აპრილს დაინიშნა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე ამას სწორედ 8 აპრილს გააკეთებს. ამას არ სჭირდება შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარის მიერ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია.

რა გზა გაიარა მელიას საქმის გამოძიებამ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გასული თითქმის ორი წლის განმავლობაში? რას შეცვლის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკური კრიზისის ფონზე? პასუხები ამ კითხვებზე, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ექიმი, რომლის თქმითაც, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს იქ არ იყო - პროკურატურა

ვიოლეტა ინასარიძე - ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა. ამას პროკურატურა ამბობს და დასძენს, რომ მას ბრალი ცრუ ჩვენებისთვის უკვე წაუყენეს.

ვიოლეტა ინასარიძე ყველა მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ გაუწიეს. მათ შორის იხსენებდა, რა გააკეთა უშუალოდ თვითონ. მაგალითად, 20 მარტს მედიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება:

"20-25 წუთში შეუძლოდ გახდა - ზოგადი სისუსტე და ქავილი, თითქოს, მექავებაო. მაშინვე, იქვე მაქვს [ადრენალინი], რა... ძალიან შიში გვაქვს და გვეშინია ამ ახალი ვაქცინის. მაშინვე - აი, ამას ვადასტურებ - მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა. მაშინვე. ადრენალინი. მითხრა, თუ არა, რამდენიმე წამებში. მე პირადად გავუკეთე..."

ბრალი კიდევ ერთ ექიმსა და ერთ ექთანს აქვს წაყენებული. მათ გამოძიებას, თავდაპირველად, არასწორი, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ყველა მათგანს 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წაიკითხე მეტი.

შსს-მ 2 მუხლით დაიწყო გამოძიება ენგურზე გადმოსვლის დროს გარდაცვლილი ადამიანების საქმეზე

ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსვლის დროს დაღუპულთა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით.

7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ენგურის სანაპიროზე იპოვეს ოთხი მოქალაქის ცხედარი. გარდაცვლილია ორი ქალი და ორი კაცი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც უწყება პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

წაიკითხე განცხადება აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პროკურატურა აფგან მუხთარლის გამოკითხავს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დღეს დაიბარა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს. ჟურნალისტი საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოს კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის გამო

7 აპრილს ევროკავშირი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებშიც გადაიხედა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ევროპის კავშირმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესისა და გამოყენებული წესების ნაკლოვანებებზე.

ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებების ამ ინიციატივას. მაგრამ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე. დასანანია, რომ საქართველომ ეს კანონმდებლობა წინათ უკვე შეცვალა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროული განაცხადის გაკეთების ან მისი საბოლოო აზრისთვის დაცდის გარეშე“.

წაიკითხე განცხადება სრულად.

აშშ აპირებს, მოკავშირეებთან ერთად განიხილოს პეკინის ოლიმპიური თამაშების სავარაუდო ბოიკოტი

აშშ აპირებს, თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილოს 2022 წლისთვის დაგეგმილი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სავარაუდო ბოიკოტის საკითხები. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, შესაძლო ბოიკოტის საკითხისადმი კოორდინირებული მიდგომა არა მხოლოდ ვაშინგტონის, არამედ მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებშია. პრაისმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სფეროში დარღვევების გამო ჩინეთის ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქმული უკანასკნელი ბრალდებების გამო მიმდინარეობს დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ მოახდინონ რეაგირება ოლიმპიურ თამაშებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის ლაპარაკი რაიმე კონკრეტულ ვადებზე, ვინაიდან შეჯიბრებების დაწყებამდე ბევრი დრო რჩება.

წაიკითხე მეტი.

რეგულაციების გამკაცრება VS შეზღუდვების დაწესება

ბოლო ორი კვირაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. იმატებს, როგორც COVID19-ის ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი, ანუ გადადების ინდიკატორი, რაც დღის წესრიგში აყენებს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობას.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები არც იმას გამორიცხავენ, რომ თუკი რეგულაციების დაცვისა და კონტროლის ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა, პირველ ეტაპზე, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაც გახდეს საჭირო. ხელისუფლება ე.წ. მესამე ლოკდაუნის გამოცხადების პერსპექტივაზე, ჯერჯერობით, არ ლაპარაკობს, თუმცა, სულ უფრო და უფრო მატულობს გზავნილები იმის შესახებ, რომ ეპიდვითარება რთულდება.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა 6 აპრილს 3%-ს გადააჭარბა. საქართველოში კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 26 იანვრის შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო.

რა რეგულაციები მოქმედებს დღეს ქვეყანაში? როგორია მოლოდინი ჯანდაცვისა თუ ეკონომიკის სფეროებში? წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

"ეგეთი განწყობა ჩემს ცხოვრებაში იყო ორჯერ - შვილები რომ გამიჩნდა, ასეთ ეიფორიაში ვიყავი მაშინაც. უფრო დიდი დღესასწაული რა უნდა იყოს? ამდენი თაობების ოცნება ახდა და ვაწერ ხელს დამოუკიდებლობის აქტზე: "მე ვარ მომხრე, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი!" უფრო კარგი რა უნდა იყოს, მე არ ვიცი..."

ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებათ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა.

ეპიზოდი 7 - გურამ პეტრიაშვილი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG