Accessibility links

დაუსრულებელი დაშენების ჩამოშლამ ბათუმში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ჭავჭავაძის 39-ში მრავალსართულიან სახლზე დაშენებული მეათე სართული, რომლის სახურავის ჩამოშლას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი წელია ქალაქის მერიას არ ჩაუბარებია.

ძველ კორპუსზე მეათე სართულის დაშენების ნებართვა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის დროს 2014 წელს გაიცა. კორპუსის დაშენების კანონიერებით ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 4 იანვარს, ძლიერი ქარის დროს, კორპუსიდან სახურავი ჩამოვარდა და ქუჩაში მდგარ ორ ადამიანს დაეცა. ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი, მერიის თანამშრომელი, 53 წლის მამაკაცი შემთხვევიდან მეორე დღეს მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ დოკუმენტებიდან, რომლებიც მერიიდან გამოითხოვა, ირკვევა, რომ მერიას ძველ კორპუსზე ახლად დაშენებული სართულის სამშენებლო სამუშაოები ოთხი წლის განმავლობაში არ ჩაუბარებია:

„მანსარდის დაშენებაზე ნებართვა 2014 წელს გაიცა და იგი ერთი წლის შემდეგ უნდა დასრულებულიყო. შემდგომი მოქმედება, რომელიც დაშენების მიღება-ჩაბარებას გულისხმობს, მერიას არ ჩაუტარებია. მერიამ არ დადო დასკვნა, არის თუ არა უსაფრთხო ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები. რადგან ეს შემთხვევა დასრულდა ფატალურად, მინდა მერიას მოვუწოდო, რომ რახან ძალიან ბევრია ქალაქში მსგავსი მშენებლობები, რომ არ მივიღოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, დროულად შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მშენებლობა-დაშენებებს და შეამოწმებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ზედამხედველობის სამსახურში დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს და ვერ აუდის ყველა ობიექტის შემოწმებას. ქაოსია ბათუმში მშენებლობის თვალსაზრისით და მერე არ ხდება სათანადო მიღება-ჩაბარების შემოწმება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების“.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ადასტურებს, რომ ჭავჭავაძის 39 ნომერში მდებარე კორპუსის მეათე სართულის დაშენებაზე ნებართვა გაცემული იყო. სახლის ამხანაგობამ სართულის დამატებასთან ერთად ვალდებულებად აიღო მისი გადახურვაც. სწორედ ჭავჭავაძის კორპუსის ამხანაგობას აკისრებს პასუხისმგებლობას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე:

ეს პროცესი არ არის დასრულებული, ჩაბარებული არ იყო არც სართული და არც სახურავი და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. შესაბამისად, პირველ რიგში, ვალდებულება სწორედ ამხანაგობისაა - იზრუნოს იმაზე, რომ გაცემული ნებართვის ფარგლებში, კანონის შესაბამისად, დაასრულოს მშენებლობა და დახუროს სახლი სახურავით. თუმცა აქვე, პარალელურ რეჟიმში, მერია ჩართულია აუცილებელ გამაგრებით სამუშაოებზე“.

ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსის დაუსრულებელ და ჩაუბარებელ დაშენებაში კი მოქალაქეები, რამდენიმე წელია, ცხოვრობენ. ისინი მიყენებულ ზარალზე ლაპარაკობენ. იხსენებენ, რომ მშენებლობაში თანხა სამი წლის წინ გადაუხადეს კომპანია „სტარ ბილდინგს“, რომელმაც სამუშაოები, მათივე თქმით, უხარისხოდ შეასრულა და უკანონო მშენებლობაც კი წამოიწყო:

„ვინც იყო მშენებლობის უფროსი, იმან დაიშენა მეთერთმეტე სართული. რა უფლებით დააშენა?“

„წყალი ჩამოგვივიდა სახლში სამ ადგილას. სამზარეულოშიც ჩამოვიდა და გამწოვი გაგვიფუჭდა. ავეჯი დაგვიზიანდა“, - ამბობს იმედა ხაჯიშვილი.

4 იანვარს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 240 -ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყებისავე ინფორმაციით, 4 იანვარს, ძლიერი ქარის დროს, ბათუმიდან სულ 11 შეტყობინება შევიდა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და წაქცეული ხეების შესახებ.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე კი მიიჩნევს, რომ ქალაქში მიმდინარე თუ დასრულებულ მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება საშიშია, განსაკუთრებით კი ქარის დროს:

„ქარის დროს ყველამ კარგად ვნახეთ - ქალაქის ქუჩებში სამშენებლო მასალები ცვიოდა დამთავრებული სახლებიდან. მე ამ დროს ვმოძრაობდი გმირთა ხეივანთან, სადაც დასრულებული კარკასიდან ცვიოდა სამშენებლო მასალები და გარე ფასადის ნაწილები. ბევრი ავტომობილი დაზიანდა, ქუჩაში ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის კი ეს არ იყო უსაფრთხო. აგრეთვე დასრულებული მშენებლობებიდან, სახლებიდან ცვიოდა მასალები გრიბოედოვის და ბაგრატიონის ქუჩებზე“.

მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად საკრებულოს წევრი ითხოვს შეიქმნას პეციალური კომისია, რომელიც ბათუმში მშენებლობებზე უსაფრთხოებისა და კანონიერების საკითხს შეისწავლის. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის, ინიციატივით გატარებული რეორგანიზაცია, რა დროსაც შეიცვალა მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურა, არაეფექტური გამოდგა, რადგან, მისივე თქმით, სამსახური თანამშრომელთა სიმცირის გამო ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ვერ ამოწმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG