20June

დაკარგული თვალები, დაზიანებული სხეული

2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის მოედანზე დაშავებულ ყველა დემონსტრანტს მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, სადაც ჩანს დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიები, სახელმწიფოს გულგრილობა და არაეფექტური გამოძიება. ისინი, ვისაც რადიო თავისუფლება აქციიდან ერთი წლის შემდეგ შეხვდა, ჰყვებიან ამბებს ხანგრძლივი მკურნალობის, სამართლებრივი აბსურდების, შიშების, იმედგაცრუებისა და იმედის შესახებ, რომ მათ შემდეგ სხვებზე ასე აღარ იძალადებენ.



2019 წლის 20 ივნისს სპონტანურად გამართულ აქციას, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა და პოლიციამ ღამით ძალის გამოყენებით დაშალა, რამდენიმეთვიანი უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა. იყვნენ ისეთები, ვინც აქციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე ტრავმების გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაშავებულთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს - პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი. აქციის ღამეს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფოს ნაცვლად ფონდი “ქართუ“ ფარავს.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერია. კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, როგორც დაშავებულები ამბობენ, დუნედ.

პროექტის ავტორი
ნასტასია არაბული

ილუსტრატორი
ანა ჯიბლაძე

ვებ-დეველოპერი
სოფიკო ფხიკიძე

სტატისტიკა ეყრდნობა სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ ანგარიშებს.

20 ივნისი, 2020 წელი