Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„და როდესაც დემონს განაგდებენ, პუტინი თავზე იტაცებს ხელს“


ბურიატიელმა სამოქალაქო აქტივისტმა, პოეტმა და მძღოლმა ესუგეი სინდუევმა სახლში რამდენიმე დღით შეიფარა შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც ფეხით მიეშურება იაკუტიიდან მოსკოვში, რათა „პუტინი განდევნოს“. ამის შემდეგ სინდუევს დაეწყო უსიამოვნებები: მას სცემეს, გაანადგურეს მისი კუთვნილი ავტობუსი, ახლა კი შეიძლება სამუშაოც დაკარგოს.

ამასობაში კი ალექსანდრ გაბიშევის მოგზაურობა, რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, აგროვებს უამრავ კომენტარსა და თან ახლავს სხვადასხვა თავგადასავალი.

მაგალითად, როდესაც იგი ჩიტას გადიოდა, მისმა მომხრეებმა მიტინგი მოაწყვეს. აქციის წინააღმდეგ გაილაშქრა ადგილობრივმა ეპარქიამ, ხოლო აქციის ორგანიზატორად მიჩნეულ ერთ-ერთ ბლოგერს პოლიციაში ადმინისტრაციული აქტი გაუფორმეს.

ბაიკალისპირეთში გაბიშევის მსვლელობის შეჩერება სცადეს ადგილობრივმა შამანებმა რელიგიური ორგანიზაცია „ტენგერიდან“. ერთი დაემუქრა კიდეც: ერთ ნაბიჯსაც კი თუ გადმოდგამ, შამანობას დაემშვიდობებიო.

მაგრამ ალექსანდრემ გასაგებად აუხსნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებდა გზას. ულან-უდეში შამანი გასულ კვირაში ადგილობრივ მცხოვრებ ესუგეი სინდუევთან შეჩერდა. იმაზე, რაც შემდეგ მოხდა, ესუგეიმ ინტერვიუში ილაპარაკა გამოცემა „სიბირ.რეალიის“ კორესპონდენტთან.

Идущего в Москву якутского "шамана-оппозиционера" остановили бурятские "шаманы-патриоты"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00


როგორ გადაიქცა გმირი ურჩხულად

ესუგეი სინდუევი: დამაინტერესა იმან, რომ ადამიანი გამოვიდა იაკუტიის ტაიგიდან, მიაგორებს ურიკას და მიდის მოსკოვში, რომ პუტინიდან დემონი განდევნოს. დიდებულია რუსული ენა - შეიძლება ითქვას „პუტინისგან დემონის განდევნა“ და შეიძლება ითქვას „პუტინის დემონის განდევნა“. ეს ერთი და იგივეა, სიტყვების თამაშია. ამ აზრამდე თავად მივედი, თუმცა, შესაძლოა, ვცდებოდე. და როდესაც დემონს განაგდებენ, პუტინი თავზე იტაცებს ხელს: „ღმერთო, მე ხომ კარგი ვიყავი, ვოვა ბიჭი, რა დავმართე ქვეყანას? ძვირფასო რუსებო, მაპატიეთ! მე მივდივარ პენსიაზე, ხელისუფლებას კი ღირსეულ, პატიოსან, ოლიგარქიული კავშირებისგან თავისუფალ ადამიანს გადავცემ“. ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება. თავიდან პუტინიც ხომ სხვანაირი იყო, მას ყველამ დაუჯერა, მათ შორის მეც. მატარებლით ვმგზავრობდი, 2000 წლის დადგომას მატარებელში შევხვდი. გზად მოსკოვისკენ, სწორედ მოსკოვსა და ულან-უდეს შორის, დაახლოებით, ომსკის რაიონში, გაისმა ბორის ელცინის მიმართვა: „მე მივდივარ“! ეს თავზარდამცემი იყო. ასეთ იმედებს ვამყარებდით პუტინზე. დასაწყისში გაამართლა. მახსენდება ჩინური ზღაპარი, როდესაც გმირი მიდის იმ ურჩხულის გასადევნად, რომელიც ხალხს შიშის ზარს სცემს და ჩაგრავს. შეებრძოლება, დაამარცხებს მას, მაგრამ დაინახავს ოქროს გროვას და იწყებს ქარავნების ძარცვას. ვერ ამჩნევს, რომ მისი ხელები ბრჭყალებს ემსგავსება, თავად კი ურჩხულად გადაიქცევა.

ალექსანდრ მოლჩანოვი: და სწორედ ამიტომ მოისურვეთ ალექსანდრესთან შეხვედრა...

ესუგეი სინდუევი: რა თქმა უნდა. იუტუბში მასზე ბევრი კლიპია, რომლებსაც მუდმივად ახლავს ჩემი მეგობრების, ჩვენი რეგიონალური საზოგადოებრივი მოძრაობა „წმინდა ბაიკალის“ მონაწილეთა გამოხმაურებები და გულისნადები. ჩვენი აქტივისტები წავიდნენ მის დასახვედრად ბაიკალისპირეთისა და ბურიატიის საზღვარზე. მას და მის ჯგუფს შემდეგ კრასნოიარსკის ოლქისკენ გავაცილებთ.

ალექსანდრ მოლჩანოვი: როგორც გავიგე, ალექსანდრესთან შეხვედრის შედეგად თქვენ უამრავ უსიამოვნებას წააწყდით.

ესუგეი სინდუევი: დადასტურებულად ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩემი ვარაუდთ, ეს შეიძლება იყოს ულან-უდეს მისადგომებთან საშა შამანის ჯგუფის წევრების იმ საშინელი და უმსგავსი შამანების საზოგადოებრივი გაერთიანება „ტენგერის“ წევრებთან შეხვედრის გაგრძელება, რომლებიც გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ. ესენი იყვნენ ფიზიკურად ძლიერი, როგორც ჩანს, სპორტული წარსულის ბიჭები - ტანმაღლები, დამტვრეული ყურებით. ისინი მოითხოვდნენ, რომ ალექსანდრეს აღარ ეწოდებინა თავის თავისთვის შამანი. ამაზე მან მიუგო: თქვენ როგორც გინდათ ისე ჩამთვალეთ, მაგრამ მე შამანი ვარ, მებრძოლი საჰა. ვივლი წინ, როგორც არ უნდა გადამიჭრან გზაო. და წავიდა.

ასობით ადამიანი მიდიოდა შამანთან, როცა იგებდნენ, სად გაჩერდა. ჩემი სახლის გარშემო შეკრებილი იყო ბრბო. ჩვენს ქუჩას ამდენი მანქანა არასოდეს უნახავს.

ალექსანდრ მოლჩანოვი: ანუ შეტაკების თავიდან აცილება მოხერხდა?

ესუგეი სინდუევი: მასთან იყვნენ ჩვენი მოძრაობა „წმინდა ბაიკალის“ წევრები, საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, „საბრძოლო საძმოდან“. ისინი უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას. ანუ, რომ ყოფილიყო ფიზიკური ან რაიმე სხვა სახის უკანონო მოქმედების მცდელობა მის წინააღმდეგ, ეს ბიჭები მაშინვე ჩაერეოდნენ.

ესუგეი სინდუევი და ალექსანდრ გაბიშევი
ესუგეი სინდუევი და ალექსანდრ გაბიშევი

ალექსანდრ მოლჩანოვი: როგორ ფიქრობთ, „ტენგერები“ საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ მას?

ესუგეი სინდუევი: შესაძლოა ისინი ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას, როგორც ჩვენში ხალხი ლაპარაკობს. რატომ ემორჩილებიან ჩვენი შამანები ხელისუფლების ნებას? იმიტომ რომ ისინი ფინანსურად არიან ხელისუფლებაზე დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ თავს დამოუკიდებელ ორგანიზაციად აცხადებენ. რესპუბლიკის ხელისუფლება საბიუჯეტო ფულით დაეხმარა მათ აეშენებინათ შამანების ცენტრი „ტენგერი“, ვეებერთელა კომპლექსი.

„გახეთქილი წარბიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა“

ალექსანდრ მოლჩანოვი: როგორ ფიქრობთ, თქვენზე თავდასხმა - ეს საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელება იყო?

ესუგეი სინდუევი: დანამდვილებით ვერ გეტყვით, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო. ეს მოხდა შაბათს, გვიან ღამით. ამ დღეს დასრულდა პოეზიისა და საავტორო სიმღერების ფესტივალი „ანთებული სანთელი“, რომელიც ბაიკალის გადარჩენისა და მისი უნიკალურობის დაცვისადმი იყო მიძღვნილი, მე კი მისი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლავართ. ფესტივალის დასრულების შემდეგ ვლადიმირ აბოგოევმა თავისთან დამპატიჟა, თავისი ხელით აშენებულ ორსართულიან სახლში ქალაქგარეთ. ვვახშმობდით, როდესაც მის ეზოში შემოიჭრა მახლობლად მცხოვრები შამანი, ბუღასავით ძლიერი, თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი. ის მიყვიროდა, რატომ გაქვს ავტობუსი ულან-უდეს მერობის კანდიდატის სააგიტაციო პლაკატებით აჭრელებულიო! ჩვენთან 8 სექტემბერს გაიმართება მერის არჩევნები. მე მხარს ვუჭერ ალექსანდრ მიხეევს, რუსეთის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, რომელიც ჩემი მეგობარია... სახლის პატრონმა გააგდო ეს შამანი, მაგრამ იგი ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა, ყვიროდა, მუქარით გვიკლებდა, რეკავდა ტელეფონზე ვიღაც თავისიანების დასაძახებლად. შემდეგ კი დაიწყო ჩემი ავტობუსის დარბევა - ჩალეწა ფანჯარა, გატეხა საქარე მინის საწმენდი. მე ქუჩაში გამოვვარდი. ის მეცა, უნდოდა დანა დაერტყა, მაგრამ იმდენად მთვრალი იყო, რომ მოძრაობა უჭირდა.ხელიდან დავუსხლტი, ეზოში შევბრუნდი და ჭიშკარი ჩავკეტე. გახეთქილი წარბიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა, მთელი მაისური გასისხლიანებული მქონდა. ეზოში დავიწყე სისხლის მობანა. ამ დროს მისი მეგობრებიც გამოჩნდნენ. დაახლოებით, ასი კაცი იყო, საშინლად თავზეხელაღებულები. მათაც დაიწყეს კარებზე ბრახუნი და მტვრევა.

„მძღოლი-პოეტები, მწერლები და ლაყაფისტები არ მჭირდება“

ალექსანდრ მოლჩანოვი: პოლიციაში დარეკეთ?

ესუგეი სინდუევი: იმ დროს პოლიცია არავის გახსენებია, რადგან იქ რომ დარეკო, ნახევარი დღე მოგინდება. დილით გამოვიძახეთ. ისინი მხოლოდ სადილის შემდეგ მოვიდნენ.

ალექსანდრ მოლჩანოვი: მედპუნქტში თუ დააფიქსირეთ, ნაცემი რომ იყავით?

ესუგეი სინდუევი: გუშინ ვიყავი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში დასვენება იყო, ცნობაც კი მაქვს. დღეს კი ცოდნის დღეა. მივედი. მედდები არიან, ექიმი - არა. ექთნები კი ექიმის გარეშე დასკვნას არ იძლევიან. მაგრამ დრო კიდევაა, ხვალ ავიღებ აუცილებლად.

ალექსანდრ მოლჩანოვი: მალე თქვენ სამუშაოც დაკარგეთ?

ესუგეი სინდუევი: ზუსტად, სანამ თქვენ დარეკავდით, კიდევ ერთხელ ველაპარაკე ჩემს ბრიგადირს. ვცდილობდი მოვლაპარაკებოდი. სამუშაოს დაკარგვა ჩემთვის კატასტროფაა. ვმუშაობ კომპანია „ფორვარდ ავტოში“, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს რამდენიმე ქალაქგარე მარშრუტზე. ბრიგადის უფროსი დიდი ხანია მოითხოვდა ჩემგან, რომ ავტობუსიდან მიხეევის სააგიტაციო პლაკატები ჩამომეხსნა, მაგრამ ვუპასუხე: „ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა და შემიძლია ავტობუსზე ამის გაკვრა, თუ ის კანონს არ ეწინააღმდეგება-მეთქი“.

უფროსი უკმაყოფილი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. შემდეგ კი, როდესაც შამანი სანია მივიღე, დამირეკა და მითხრა: „ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. შენ არა მხოლოდ კომუნისტებს უჭერ მხარს, ახლა უკვე შამანიც მიიღე, რომელიც ხელისუფლების, პუტინის წინააღმდეგ ილაშქრებს. ან ყველაფერი ჩამოხსენი და შამანი სახლიდან გააგდე, ანდა ბრიგადიდან გაგრიცხავო“. ვუპასუხე: რა გაეწყობა, თუ გამრიცხავ, გამრიცხე, მაგრამ რწმენას კი არ შევიცვლი იმის გამო, რომ შენი გული მოვიგო-მეთქი.

ჰოდა, გუშინ აღმოვაჩინე, რომ ვიაიბერში ჩვენი ჯგუფიდან გარიცხული ვარ. დღეს დავუკავშირდი ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, დარტყმის ქვეშ მაყენებ, ჩემზე ზეწოლაა, ამიტომ ვერც ერთ მარშრუტზე ვეღარ გახვალ სამუშაოდო. მეო, მითხრა, მძღოლი-პოეტები, მწერლები და ლაყაფისტები არ მჭირდებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG