Accessibility links

ავტორი: მარიამ ქალებაშვილი

რადგან ათასი თვალით აკვირდებიან გუშინდელ აქციას, მსურს ათასმეერთე თვალით დანახული ნაკლისობის შესახებ ვთქვა. აქვე დავაზუსტებ, რომ, რის შესახებაც ვიტყვი, ვერაფერს აკლებს გუშინდელი აქციის სულისკვეთებას, თუმცა სხვა ჭრილში ეს ნაკლისობა აუცილებლად გასათვალისწინებელია.

გუშინ 8-ის წუთებზე პროკურატურიდან რომ მსვლელობა დაიწყო, იმ მსვლელობის ბოლოში ვიყავი, აბანოთუბანთან უკვე წინა ფლანგებს წამოვეწიე და შემდეგ აფხაზის ქუჩით ავედით თავისუფლებაზე. ხალხის ნაწილი სანაპიროს გამოუყვა და ბარათაშვილის ქუჩიდან შემოგვიერთდნენ. რამდენიმე (უფრო სწორად, თითო ოროლა) სასულიერო პირს თვალი რუსთაველზე მოვკარი.

პროკურატურიდან პარლამენტამდე რომ დავთვალოთ, შვიდ ეკლესიას მაინც ჩავუარეთ გვერდი. უცხოელების მიერ ხშირად დასმულ კითხვას, ასე კომპაქტურად რატომ აშენებდნენ ამდენ ეკლესიასო, ყოველთვის სხარტად ვპასუხობდი, ეკლესია სასულიერო კერასთან ერთად, განმანათლებლის ფუნქციას ითავსებდა და ქვეყნის მატერიალური განძის მცველიც იყო მეთქი. ახლა ყოველი ასეთი პასუხი მე თვითონვე უცხოდ მხვდება ყურში.

ჰოდა, აწი შევაერთოთ მოვლენები - 17 მაისი და 31 მაისი! რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღე? რას ნიშნავს ექვსშვილიანი ოჯახების დალოცვა? რას ნიშნავს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა?

ეკლესიას დიდი და კეთილი სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ შემცირდეს მკვლელობების რაოდენობა, სკოლებში არ იყოს ჩაგვრა და ბულინგი, რომ დიდი ბავშვები პატივს სცემდნენ პატარებს, მაღლები - დაბლებს, გამხდრები - მსუქნებს, შავგვრემნები - ჭორფლიანებსა და ჟღალთმიანებს, კარგი მხედველობის მქონე ბავშვები - სათვალიან ბავშვებს, წარმატებულები - სწავლაში ჩამორჩენილებს, ბიჭები - გოგოებს, მდიდარი მშობლების შვილები - ღარიბი მშობლების შვილებს, მათემატიკის მოყვარულები - ლიტერატურის მოყვარულებს, დაწყვილებულები - განმარტოებულებს, უბრალოდ პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს და მშვიდობით თანაარსებობდნენ ერთ სკოლაში, ერთ ეზოში, ერთ გარემოში, სადაც შემთხვევით თუ გარკვეული მიზეზით აღმოჩნდებიან.

გუშინ ვერ ვხედავდი იმ ათეულობით სასულიერო პირს, ვინც 17 მაისს დროშებით და საცეცხლურებით წინ უძღოდნენ ოჯახის სიწმინდის მცველებს. სად იყვნენ მრავალშვილიან ოჯახთა მაკურთხევლები, როცა შვილმოკლული დედ-მამის გვერდით ამდენი ხალხი გროვდებოდა? რატომ არ ჩანდნენ ისე მრავლად, როგორც 17 მაისს, როცა ხალხს "სიწმინდის" ბუნდოვანი ცნებით აღაფრთოვანებენ და სადღაც ღრუბლებში აღიტაცებენ, იმ ღრუბლებში, რომლებში დარჩენაც მოკვდავის ძალებს აღემატება?

არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს ვფიქრობდე, ყველა ღვთისმსახურისთვის სულერთი იყოს მომხდარი. ზოგი მათგანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 31 მაისის აქციას, მხარი დაუჭირეს პროფილის სურათზე ჩარჩოს დაყენებითაც #ნუმომკლავ#აღასრულესამართალი ... მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა 17 მაისის ზეაღტაცებულობასთან შედარებით. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ის ზეაღტაცებულობა საზეიმო განწყობის შედეგი იყო?... გუშინდელი დღე საზეიმო ნამდვილად არ იყო, ამიტომ უფრო მეტად მოეთხოვებოდა ეკლესიას გასაჭირში მყოფის გვერდით მდგარიყო.

ვინ დგანან ამ აქციაზე? სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, უნივერსიტეტდამთავრებულები, ახალგაზრდები და არა მხოლოდ. აქ ის ახალგაზრდებიც იყვნენ, თითქოს განსხვავებულები, რომლებსაც ტატუს ან პირსინგის ტარების გამო ნარკომანებად რაცხენ. ამ ახალგაზრდებში, რომლებსაც გარყვნილების იარლიყსაც აწებებენ, უფრო მეტ პატრიოტიზმს ვხედავ, ვიდრე გრძელკაბიან თავდაბურულ ან ეკლესიისადმი ქედმოხრილ ადამიანებში. მე არც პირსინგი მაქვს, არც - ტატუ, არ ვეწევი, თმა არც ცისფრად შემიღებავს, არც - ვარდისფრად, ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას, ეკლესიის კარს არ ვატალახებ, მაგრამ უსტუმრობაზეც ვერ ვამბობ უარს.

კეისარიც დასახვეწია. ჩვენ თუ სიბნელეში მოგვინდება ცხოვრება, ისიც ბნელი იქნება. კეისარი იმდენ სინათლეს დაგვიბრუნებს უკან, რამდენსაც ჩვენ ავირეკლავთ მისი მისამართით. თუ უსამართლობაზე თვალს დავხუჭავთ, და საკუთარი სულის სიბნელეს ჩავაშტერდებით, კეისარიც ასე მოიქცევა. კეისარი მოუმწიფებელია, ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს, რომ დამოუკიდებელ აქტორად იქცეს და ჩვენი დაცვა, ჩვენი გამუდმებული მითითებების გარეშე შეძლოს, თან ისე, რომ რომელიმე ჩვენგანზე განსაკუთრებით შეყვარებულმა, სამართლიანობის შეგრძნება არ დაკარგოს.

ეკლესია იცნობს კეისარს, და კეისრის კეთილგანწყობა რომ არ დაკარგოს, ამიტომ თავს არიდებს ისეთი აქციების მხარდაჭერას, როგორიც გუშინდელია. თითქოს ორი სუბიექტი, ეკლესია და კეისარი, იყვნენ ქვეყანაზე და სხვა არავინ. ვცდილობ საკუთარ თავში მოვიძიო ორი შეგრძნება, რომ ეკლესიაც და კეისარიც პასუხისმგებლობას გრძნობენ ჩემ წინაშე, დგანან ჩემ გვერდით, უბრალო ადამიანის გვერდით და ამ ადამიანს საკუთარი კრებულის ნაწილად აღიქვამენ, თუნდაც ეს ადამიანი თავს არ ცნობდეს რომელიმე ერთობის კუთვნილებად.

კეისარს რასაც ვაძლევთ, იმიტომ ვაძლევთ, რომ სამართლიანად გადაგვინაწილოს. ის დროა, ეკლესიაც აძლევდეს სახელმწიფოს და არა პირიქით. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ იმასაც გამოხატავს, თუ რისი მიცემა შეგვიძლია ღმერთისთვის. ის, რასაც მე, პირობითად ერის ან ბერის წარმომადგენელი, არ გავცემ კეისრისთვის ანუ სახელმწიფოსთვის ან მისი შემადგენელი ინდივიდების სასარგებლოდ, შეუძლებელია, გავცე ღმერთისთვის. ღმერთი შესაწირს არ ჭამს. ღმერთი იმასაც კი ამბობს, რომ ერთი გლახაკთაგანის ან უცხოთაგანის შეწყნარება, ღმერთის მიმართ გაწეული სამსახურია და მაშ, წარმოვიდგინოთ, ვისაც თავი რწმენის ერთგულად მიგვაჩნია, რამდენნი ვართ უღმრთონი?

მოწყალე სამარიტელის იგავი უქმად ჩავლილი წყალია. როცა საქმე ადამიანზე მიდგება, ადამიანი თავისი ხორციელი გარსით უნდა იყოს ჩვენი ზრუნვის საგანი, იმის მიუხედავად იუდეველია თუ სამარიტელი, იმ პოლიტიკური პარტიის წევრია თუ ამის, აღარ გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი, რაც ყველას განგვასხვავებს რაღაც-რაღაც შტრიხებით, თუმცა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ზიზღი დაუშვებელია; რომ სილა ვინმეს კი არ უნდა გაარტყა, თვითონ უნდა გაირტყა; რომ ადამიანი ყველა წესზე (შაბათზე) მაღლა დგას და საჭიროა 17 მაისი არა განხეთქილების, არამედ თანადგომის დღედ იქცეს, ისევე როგორც 31. ერთ შემთხვევაში ეროსი გვასწავლის, მეორეში - თანატოსი, ჯობია ისევ ეროსმა გვასწავლოს, რადგან თანატოსი გარდაუვალია.

17 მაისი გავლებული ხაზია არა სიწმინდესა და უწმინდურებას შორის, არამედ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, „ჩვენ“ და „უცხოს“ შორის. თუ სიყვარული არჩევანის საშუალებას არ გიტოვებს, არც ეს ხაზი გიტოვებს არჩევანის საშუალებას. თუ „ჩვენს“ მხარეზე დარჩები, ესე იგი გრძნობების დათრგუნვასა და თვითგვემას ირჩევ, თუ „უცხოს“ მხარეზე გადახვედი, „ჩვენთან“ ფეხს ვეღარ გადმოადგამ. ლოგიკურად, 17 მაისი უმრავლესობის რელიგიური და უმცირესობის არარელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დღეც არის, თუმცა როგორც ოჯახის სიწმინდის მცველებს შორის სიყვარული არ დაიყვანება სექსუალურ აქტზე, ასევეა უმცირესობათა შორისაც. თუმცა გამონაკლისებს ორივე ჯგუფში მრავლად შევხვდებით.

სექსუალური აქტი, როგორც სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, არავითარ ვალდებულებას არ წარმოადგენს, როგორც ამას წინა თაობაში ხშირად ვისმენდით. ეს თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული, არაეგოისტური აქტია, რომელში მონაწილე სქესებსა თუ მათ მიერ განხორციელებულ ქცევებს ზიზღის უფსკრულში არ უნდა ვგზავნიდეთ.

31 მაისი ის დღეა, როცა სამართლის სწორად გადანაწილებას ვითხოვთ. თუ ეკლესიის ხმა ამ აქციაზე სათანადოდ ვერ გავიგეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის სამართალზე მეტად მნიშვნელოვანი სიჩუმეა, რადგან ნეპოტისტურ გარემოში ყველაზე მეტი სარგებელი სიჩუმეს მოაქვს (ერთეულებისთვის). ეკლესია ღმერთი არ არის, მაგრამ რადგანაც ეკლესია ჩვენი სულიერი და მატერიალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ეკლესიისთვის გავცემთ შესაწირს, მან უნდა იგრძნოს ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს სწორად განვითარებაში და ამისთვის მხარში დაუდგეს საზოგადოების ისეთ ინიციატივებს, როგორიც თუნდაც 31 მაისია. ეკლესია არ უნდა უფრთხოდეს კეისრის გაკრიტიკებას იმის შიშით, რომ გარკვეულ დივიდენდებს დაკარგავს. თუ ეკლესია ოფიციალურად მოერიდება საზოგადოებრივი აზრის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას, ეს ხელს არ უნდა უშლიდეს სასულიერო პირებს, რომ არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური თანადგომაც გამოუცხადონ საზოგადოებრივ სულისკვეთებას.

არავის ცეცხლზე არ ვასხამ წყალს, ისე კი მინდა წყალი არ დაუშრეს სწორად ამუშავებულ წისქვილს. თუ ვინმე მაინც, ასე თუ ისე, მიკერძოებულად ჩათვლის ჩემს აზრს, იმასღა დავძენ, რომ ზოგს ღმერთი ცეცხლმოდებული ბუჩქიდან ელაპარაკებოდა, ზოგი კი ცეცხლზე წყალს ასხამდა, რომ გაღმერთებული სტიქიის ცვალებადი ბუნება წარმოეჩინა. მესმის ორივე, მაგრამ ვდგავარ იქ, სადაც ადამიანში ადამიანს ხედავენ და ცეცხლზე არ წვავენ, არ აფურთხებენ, არც მტკვარში ყრიან. ცეცხლიც და წყალიც დაშრეტადია და ეკლესია ვალდებულია ეს, სიკვდილივით, ბუნებას დამორჩილებული კანონი აღიაროს; ხაზების გავლების ნაცვლად, უფრო ინტელექტუალური ენით ესაუბროს ხალხს, როგორც თითებზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირები იქცევიან; და აქტიურად დადგეს ხალხის გვერდით, როცა საქმე სამართალის აღარულებასა და დევიაციის ისეთი გადამდები ფორმის დაგმობას ეხება, როგორიც ძალადობაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG