Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები მაკედონიის „ისტორიული“ და „პატრიოტული“ არჩევანის გარშემო


მაკედონიელი კანონმდებლები 10 იანვარს გადამწყვეტ დებატებს გამართავენ ქვეყნის სახეცვლილი სახელწოდების - ჩრდილოეთ მაკედონიის - დაკანონების თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მეზობელ საბერძნეთთან არსებული მრავალწლიანი დიპლომატიური უთანხმოების დასრულებისათვის და გზას უხსნის ქვეყნის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

საპარლამენტო დებატების დაწყების წინ, 9 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა კანონმდებლებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ქვეყნის სახელწოდების შეცვლას.

„ეს არის ისტორიული და პატრიოტული არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ თაობა, რომელიც მიიღებს თამამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზაევმა.

თუ მაკედონიის პარლამენტი მხარს დაუჭერს ქვეყნის სახელწოდების შეცვლას, საბერძნეთი პირობას დებს, რომ აღარ დააბრკოლებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართულ სკოპიეს ძალისხმევას.

ზაევის გამოსვლის შემდეგ დებატები 10 იანვრამდე გადაიდო და მოსალოდნელია, რომ იგი გასტანს 11 იანვრამდე, ვიდრე სკოპიეში კანონმდებლები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით.

ქვეყნის 120-კაციან პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევს არ ჰყავს ორი მესამედი მომხრე, რაც ნიშნავს, რომ მას და მის პარტიას დასჭირდება ხმები საპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანებისაგან. ესაა VMRO-DPMNE-, მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - მაკედონიის ეროვნული ერთობის დემოკრატიოული პარტია, რომელმაც ნოემბერში ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის წინადადებას, როდესაც სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო.

9 იანვარს შუადღით დაწყებული დებატების პარალელურად, სკოპიეში პარლამენტის წინ შეიკრიბა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც აპროტესტებდნენ ქვეყნის სახელწოდების შცვლას. ისინი აცხადებდნენ, რომ დაიცავენ „უდიდეს ეროვნულ მონაპოვარს“ - მაკედონიის სახელწოდებას, იდენტობას, ისტორიას და ასევე მაკედონიელი ხალხის ტრადიციებს.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ 10 იანვარს ისინი კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ.

სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ათენსა და სკოპიეს შორის 2018 წლის ივნისში მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებას ორივე ქვეყანაში მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის სასარგებლო ბევრი დათმობის გამო.

ათენი აცხადებს, რომ სახელწოდება „მაკედონია“ გულისხმობს ასევე ტერიტორიულ პრეტენზიებს ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციასა და მის მემკვიდრეობაზე.

მაშინაც, თუ მაკედონიის პარლამენტი მხარს დაუჭერს ქვეყნის სახელწოდების შეცვლას, საჭიროა, რომ იგი საბერძნეთის პარლამენტმაც დაამტკიცოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG