Accessibility links

site logo site logo

დებატები PACE-ში მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ


მამუკა ბახტაძე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე. ამის შემდეგ შემდეგ გაიმართა დებატები. გაგაცნობთ მის რამდენიმე ნაწყვეტს.

- საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა დიდი ბრიტანეთიდან, ჯონ ჰოუელმა დებატებისას განაცხადა, რომ რესპექტაბელური გამოცემის, „ეკონომისტის“ თანახმად, საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიაა, და ჰკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რას აპირებს მთავრობა საიმისოდ, რომ ქვეყანა სრულ დემოკრატიად იქცეს.

მამუკა ბახტაძის პასუხი ასეთი იყო: „საქართველო სრული დემოკრატიაა და ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიაზე გადავედით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თქვენ ძალიან მაღალი რეპუტაციის ჟურნალი ახსენეთ, მაგრამ ნება მომეცით, სხვა ინფორმაციაც მოგაწოდოთ, რაც მოიცავს ჩვენ წარმატებას ორივე მიმართულებით - ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეკონომიკური განვითარებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით,“ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. შემდეგ მან დასძინა, რომ საქართველო მე-5 ადგილზეა Open Budget Index-ის რეიტინგში. ამავე დროს მან გაიმეორა თავის გამოსვლაში ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის საუკეთესო ინდიკატორია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, სადაც სულ უფრო ნაკლები საჩივარი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. პრემიერმა განაცხადა ასევე, რომ Doing Business Index-ში საქართველო მე-6 ადგილზეა. „დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო ამ წარმატებას ახალ სიმაღლეზე აიყვანს“, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვა კითხვა, იმაზე, თუ რამდენად არის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობაში ის გარემოება, რომ არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების საკუთარი ჯიბიდან დაფარვა იკისრა პარტიის ლიდერმა.

„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

- „გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, - ასეთი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი წევრის შეკითხვა.

მამუკა ბახტაძემ პასუხად თქვა, რომ მას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეუძლია ვითარების შეფასება.

"აფგან მუხთარლის საკითხი ძალიან სენსიტიურია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კოორდინაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან. გამოძიება მიმდინარეობს და მე გავაკეთებ შეფასებას. როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეკითხვაზე საპასუხოდ.

- „შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში საქართველოში არჩევნებზე დარღვევებსა და ძალადობას ადგილი არ ექნება და როგორ უზრუნველყოფთ ამას?“ - ამ შეკითხვით მიმართა საქართველოს პრემიერს, მამუკა ბახტაძეს დებატებისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე პოცეიმ.

პასუხად მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „გასული არჩევნების მთავარი ხარვეზი ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იყო“.

„სამწუხაროდ, საქართველო ამის ერთადერთი მაგალითი არ არის ჩვენს კონტინენტზე. ჩვენ მივიღეთ ODHIR-ისგან და ეუთოსგან რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტი მუშაობს ამ რეკომენდაციების დანერგვაზე“, - დასძინა ბახტაძემ.

- საპარლამენტო ასამბლეის სლოვენიელმა წარმომადგენელმა ვიოლეტა ტომიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ 2018 წელს LGBTI თემის წარმომადგენლებს, მემარჯვენე ექსტრემისტების მხრიდან მუქარის გამო, საშუალება არ მიეცათ, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აქცია გაემართათ თბილისში. „რა კონკრეტულ ზომებს მიმართავს თქვენი მთავრობა, რათა LGBTI თემმა შეძლოს ამ ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა?“ იკითხა ტომიჩმა.

„რამდენიმე წლის წინ საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ჯგუფებს, ეს მარგინალიზებული ჯგუფებია და ასეთი ჯგუფები ნებისმიერ ქვეყანაში მოიპოვება. დარწმუნებული იყავით, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოში ადამიანის უფლებები საუკეთესოდ არის დაცული,“ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG