Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიაკვანი კურაევი: ბელორუსიის ავტოკეფალიისათვის საეკლესიო-სამართლებრივი საფუძველი მომზადებულია


ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, დიაკვანი ანდრეი კურაევი
ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, დიაკვანი ანდრეი კურაევი

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლს შორის უახლეს დავას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ბელორუსიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლის გაძლიერება, ფიქრობს ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, დიაკვანი ანდრეი კურაევი.

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში რუსეთის სასულიერო მოღვაწემ სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ რით შეიძლება დაგვამახსოვრდეს მინსკში პატრიარქ კირილეს ვიზიტი, და ბელორუსიაში მოსკოვისგან დამოუკიდებელი ეკლესიების გამოჩენის შესაძლებლობაზე.

- სინოდი, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობას წყვეტს, მინსკში გაიმართა. ბელორუსიაში ზოგიერთისათვის ეს იყო მოსკოვის მხრიდან იმის შესახსენებელი სიმბოლო, რომ ბელორუსია მისი კანონიკური მიწაა. აქვს თუ არა ამას, თქვენი აზრით, რაიმე პოლიტიკური მნიშვნელობა?

- სინოდი რომ მინსკში ჩატარდებოდა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყდა. ამას მიმდინარე მოვლენებთან არავითარი კავშირი არა აქვს.

მინსკში პატრიარქის ვიზიტი ბელორუსებს ამ თვითნებობით დაამახსოვრდებათ...

- თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკვე დაკარგა ბელორუსია. მაგრამ, უკრაინისგან განსხვავებით, არც ბელორუსიის პარლამენტს და არც მთავრობას არ მიუმართავს კონსტანტინოპოლისთვის ტომოსის მისაღებად. საიდან გაჩნდა ბელორუსიის დაკარგვის თაობაზე მოსაზრება?

- ეს მოხდება არა ახლა, არამედ პოლიტიკური კლიმატის შეცვლის შემდეგ. ხოლო როდის შეიცვლება ის - ლუკაშენკოს დროს, თუ მის მერე - ეს უკვე არ ვიცი. როდესაც ბელორუსიაში დაიწყება მოძრაობა ავტოკეფალიის მისაღებად, იმ დროისთვის ასეთი გადაწყვეტილებისთვის უკვე მომზადებული იქნება საეკლესიო-სამართლებრივი საფუძველი.

- მიტროპოლიტმა ილარიონმა გუშინ განაცხადა, რომ უკანონოდ მიიჩნევს კონსტანტინოპოლის მიერ 1686 წლის სიგელის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ხდებოდა კიევის სამიტროპოლიტოსა და მასში შემავალი ბელორუსიის მიწების ანექსია. და მართლაც, რა კანონიკური საფუძველი ჰქონდა კონსტანტინოპოლს ამ სიგელის გასაუქმებლად?

- მთლიანობაში, არც არავითარი. ეს ვოლუნტარიზმი იყო. მაგრამ ეს უინტერესოც კია - სადღაც XVII საუკუნის და უფრო ძველი კანონების ქექვა. ამ გზას ჩიხში შევყავართ. კანონების ახსნა ხომ ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება. წარსულისკენ კი არა, მომავლისკენ ყურებაა საჭირო.

- მაგრამ თუკი არ არსებობს კანონიკური საფუძველი, მაშინ ასეთი ეკლესია შეიძლება არც ცნონ?

- ტერმინი „საფუძველი“ იმდენად არასტაბილური საძირკველია, რომ ამასთან შედარებით ყირიმის ხიდი ფოლადის საყრდენებზე დგას. მცდელობა, თანამედროვე პოლიტიკა დაამყარო პირველი ათასწლეულის კანონებზე, მათ შორის საეკლესიოზე - ესაა ცხენების ცირკი. მაგრამ უკრაინის შემთხვევა საძირკვლის გამოცლის ტოლფასია. ზუსტად როდის დაიწყებს ყველაფერი ყანყალს ბელორუსიაში - ეს მხოლოდ ტექნიკის საქმეა.

- დღეს მღვდელ ალექსანდრ შრამკოს გადასცეს დოკუმენტი ერთი წლით ღვთისმსახურების აკრძალვის შესახებ. მან პატრიარქი კირილე გააკრიტიკა იმისთვის, თუ როგორ იქცეოდა ის მინსკში, და მრავალრიცხოვანი დაცვის გამო. როგორ აფასებთ ამ აკრძალვას?

- ეს იმ რიგის გადაწყვეტილებაა, რომლის შემდეგაც კითხულობენ: რატომ არ გიყვარვართ. ეს იყო ავტორიტარული ისტერიის შეტევა. მამა შრამკოს არავითარი კანონები არ დაურღვევია. მისი დასჯა სრულიად გაუმართლებელია. მინსკში პატრიარქის ვიზიტი ბელორუსებს სწორედ ამ თვითნებობით დაამახსოვრდებათ. და სწორედ ამაზე ილაპარაკებენ.

- უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მეტად ხომ არ ჩაებღაუჭება ბელორუსიას, რათა მინსკმა არ დაიწყოს იმ სცენარის რეალიზება, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ?

- სავსებით შესაძლებელია. ისე, ჩვენს საპატრიარქოში ძალიან ცუდად არის საქმე სტრატეგიული დაგეგმვის თვალსაზრისით. სავსებით შესაძლებელია, რომ იქნება ასეთი რეაქცია: ყველა გაიყინოს, ყველას ბორკილი დაედოს, ყველა ერთი ჯაჭვით შეიბორკოს.

- ბელორუსიაში თუ ხედავთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფის სურვილს და ნებას?

- უახლოეს მომავალში არა მგონია. მაგრამ ბელორუსიის საეკლესიო ინტელიგენციის ნაწილს ასეთი სურვილი დანამდვილებით აქვს. არ მგონია, ის ჰქონდეს სამწყსოს ჩვეულებრივ წევრს. ეროვნული ინტელიგენციის აზრი კი ბევრს ნიშნავს XX-XXI საუკუნეებში.

- ალექსანდრ ლუკაშენკოს ქცევას როგორ აფასებთ? ბელორუსიაში ზოგჯერ ამბობენ, რომ მას ერთობ ცივი დამოკიდებულება აქვს მიტროპოლიტ პავლესთან. მის ფავორიტად მიიჩნევენ მამა თევდორე პოვნის. შეიძლება თუ არა, რომ ლუკაშენკო დაინტერესებული იყოს რუსეთისგან ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტ დამოუკიდებლობაში?

- არ ვიცი. მაგრამ გახლეჩის თაობაზე მის მიერ პატრიარქისთვის ნათქვამი გუშინდელი სიტყვები საკმაოდ ორაზროვანი იყო.

ომისთვის განწყობა ინტელექტუალურ და მორალურ დეგრადაციას იწვევს თავად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში...

- თქვენი აზრით, რას მეტყველებს ის გარემოება, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ბელორუსიაში მიტროპოლიტად ნიშნავს არაბელორუსს? ჯერ ფილარეტს, შემდეგ პავლეს?

- ეს მხოლოდ იმას მეტყველებს, რომ ბელორუსიაში არ მოელიან წინააღმდეგობას. როგორ მღვდელსაც გამოგიგზავნით, მამაც ისეთი გეყოლებათო. მაგრამ ეპისკოპატის თქვენი ადგილობრივი პეიზაჟი საკმაოდ მოცარიელებულია.

- სინოდში, რომელიც მინსკში გაიმართა, არცერთი ბელორუსი არ მონაწილეობდა. უკრაინიდანაც კი, რომელთანაც რუსეთს ომი აქვს, ორი უკრაინელი იყო.

- სინოდი ეთნიკური ნიშნით არ დგება.

- მაგრამ არსებობს იმის რამე მიზეზი, რომ უკრაინაში არიან ეს უკრაინელები, რომლებიც იქ დაიბადნენ, რომლებიც იცნობენ ამ ქვეყნის კულტურას, ენას, იქ აღიზარდნენ, ბელორუსიაში კი რუსები არიან?

- ყოველ იმპერიას აქვს პლუსები და მინუსები. მაგალითად, უზბეკეთს სინოდში ეთნიკური მოლდაველი წარმოადგენს. და ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან ცუდია.

- ბელორუსიის მთავარმა ტელეარხმა გუშინ სინოდს 1 წუთი და 6 წამი დაუთმო.განმარტებაში ნათქვამი იყო, რომ პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იქნება კონსტანტინოპოლთან ერთობლივი ღვთისმსახურება. ნიშნავს ეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ბართლომესთვის არ ილოცებენ?

- ჯერ ერთი, აქამდე ლოცვებში პატრიარქ ბართლომეს ისედაც მხოლოდ პატრიარქი კირილე მოიხსენიებდა. მორწმუნეებმა საერთოდ არ იცოდნენ, ვინაა ბართლომე. მეორე - გადაწყვეტილება ბართლომეს არმოხსენიების შესახებ ჩვენმა სინოდმა ერთი თვის წინ მიიღო. ამჟამად საქმე გვაქვს გახლეჩის შემდეგ დონესთან, როცა მორწმუნეებს უკრძალავენ იმ ბერძნულ წმინდა ადგილებში შესვლასაც კი, რომლებიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარება.სხვათა შორის, რუსულებშიც, ვინაიდან არსებობს დასავლეთ ევროპაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რუსეთის საეგზარქოსო. მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ეს უმნიშვნელოა, ასეთი ღვთისმოსავი ტურისტები მაინც ცოტა გვყავს. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ ბრიყვი, რომელსაც სერიოზულად მოუნდება ზიარება და გვერდს აუვლის ბერძნულ ეკლესიებს. და თუ შევიდოდა და ეზიარებოდა, მერე მოსკოვში წავიდოდა მოსანანიებლად და იპოვიდა მორიგ ბრიყვ მღვდელს, რომელიც ამას რაიმე მნიშვნელობას მიანიჭებდა.

- მაშინ გამოდის, რომ მინსკის დეკლარაციას რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს?

- აქვს. თავად რუსეთში გაიცემა ნიშანი ბერძნებთან ომისთვის, ნებისმიერი საბაბისთვის მათ საკბენად, მკრეხელობაში მათ დასადანაშაულებლად. ახლა მკრეხელობის დონემდე ბერავენ ხოლმე ნებისმიერ კოღოს. და ეს უკვე დაიწყო. და ომისთვის ეს განწყობა ინტელექტუალურ და მორალურ დეგრადაციას იწვევს თავად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.

- კონსტანტინოპოლს რის გაკეთება შეუძლია მოსკოვისთვის პასუხის გასაცემად?

- კონსტანტინოპოლის წინაშე არ დგას ასეთი ამოცანა. თუკი კირილემ შეწყვიტა ლოცვებში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხსენება, ბართლომეს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. ის შემდგომშიც მოიხსენიებდა კირილეს და მისთვის ლოცულობდა. და, მიუხედავად იმისა, რომ მათმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიევი ახლა მათია, მათ სიტყვებში მოსკოველი ეპისკოპოსების არავითარი გაკიცხვა არ ყოფილა. არც გაკიცხვა და არც განდევნისკენ მოწოდება. პირიქით, მშვიდობიანად გადაწყვეტა.

- თქვენი აზრით, ახლა როგორი ურთიერთობები იქნება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა ადგილობრივ ეკლესიებს შორის?

- ეს ურთიერთობები მშვიდობიანი იქნება. იმიტომ, რომ მოსკოველი დიპლომატები - ანაფორიანები და საეროები - სხვა ეკლესიებზე ზეწოლას განახორციელებენ, რომ მათ მოსკოვს დაუჭირონ მხარი. სიტყვებით ბევრი მათგანი დაუჭერს მხარს, მაგრამ ფანჯრიდან გადავარდნილებს უკან არავინ მოგვყვება. არავინ გაწყვეტს კონსტანტინოპოლთან ურთიერთობებს.

საპატრიარქო თავიდანვე წავიდა ანგარებიანი და იმპერიალისტური გზით. და ძალიან მცდარი გზით...

- თქვენი აზრით, შეიქმნება უკრაინის ახალი ავტოკეფალიური ეკლესია? ხომ არ გამოიწვევს ეს კონფლიქტს, იქნებ ძალადობრივსაც კი? როგორ გაიყოფენ, მაგალითად, ლავრას?

- პრობლემები დაიწყება არა ლავრიდან, არამედ ჩვეულებრივი სოფლის სამწყსოდან, როცა კენჭს ყრიან იმაზე, საით მივდივართ და, ცხადია, კონსენსუსი თითქმის არასოდეს იქნება. იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. და როგორ გაინაწილებენ ქონებას, საერთოდ გაუგებარია. წინ გვაქვს მრავალწლიანი რყევები. ამიტომ მოვლენის ყველა მონაწილისთვის მთავარია მოთმინება. საპატრიარქო თავიდანვე წავიდა ანგარებიანი და იმპერიალისტური გზით. და ძალიან მცდარი გზით. ამან გამოიწვია ის, რომ საპატრიარქო დაძაბულობის კერად იქცა. საჭირო იყო მიზნის სწორად შერჩევა. იმის ნაცვლად, რომ აერჩიათ მშვიდობა უკრაინაში, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არჩია უკრაინაში ერთ ნაკუწზე თავისი გავლენის შენარჩუნება.

- და მშვიდობის ფორმულა როგორი შეიძლება იყოს?

- თუკი ყველა მხარე მიაღწევს კონსენსუსს იმის აღიარებაში, რომ არ არის ცოდვა იმ ახალი სტრუქტურის მღვდლებისა და მორწმუნეების ბუნებაში, რომელსაც კონსტანტინოპოლი ქმნის. და მეორე ნაწილი: დანაშაული არ არის იმაში, რომ დარჩე უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მღვდლად და მორწმუნედ.

- მორწმუნეები როგორ უნდა მოიქცნენ ამ ვითარებაში?

- სხვების ნაცვლად ვერ გადავწყვეტ. ყველას საკუთარი არჩევანი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG