Accessibility links

დიდებული სკანდალისტი. ბორის პარამონოვი ვლადიმირ ვოინოვიჩზე


მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი. 2016 წელი

ვლადიმირ ვოინოვიჩი, როგორც მწერალი საინტერესოა იმით, რომ თავისი ხანმოკლე (ათ წელზე ოდნავ მეტი), საბჭოთა ლიტერატურული ცხოვრების განმავლობაში, მკვეთრად იცვლებოდა, იძენდა რა სულ ახალ და ახალ ელფერს.

დაიწყო ლიტერატურის თვითშემოქმედებით წრეებში, თანაც დაიწყო როგორც პოეტმა და ამ კუთხით გამოიწვია უპირობო ნდობა ლიტერატურულ ხელმძღვანელობაში, რომელმაც, შეიძლება ითქვას, წინ წასწია და წამოაყენა ის. საბჭოთა ლიტერატურულ ცხოვრებაში ეს იყო დიდი უპირატესობა - გამოხვიდე მუშებიდან, როგორც დურგალი და ავიამექანიკოსი ვოინოვიჩი, ასეთებს ლამის ყურებით ექაჩებოდნენ ზევით.

მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი. 2007 წელი
მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი. 2007 წელი

და ვოინოვიჩმაც ზუსტადაც რომ დიდი, საბჭოთა წარმატებით დაიწყო: მისი „სიმღერა კოსმონავტებზე“ ლამის საბჭოთა კოსმონავტიკის ოფიციალურად ჰიმნად იქცა. „შორეული პლანეტების მტვრიან ბილიკებზე დარჩება ჩვენი ნაფეხურები“. ის გაგარინთან და ტიტოვთან ერთად აუცილებლად მონაწილეობდა კოსმონავტებისთვის გამართულ სატელევიზიო შეხვედრებში. და სწორედ აქ გაგვაოცა ვოინოვიჩმა პირველად: იმის ნაცვლად, რომ გამხდარიყო საბჭოთა მოსიმღერე-პოეტი და ამ სახით მოეხვეჭა შემდგომი წარმატებები, მან დაიწყო პროზის წერა, ამასთან პირველი მისი მოთხრობა ქარხნის ცხოვრებაზე კი არ იყო, არამედ სოფელზე, როგორც მისი პირველი გამოქვეყნებული ტექსტი - „ჩვენ აქ ვცხოვრობთ“. შემდეგ ამას მოჰყვა „მინდა, ვიყო მართალი“, „ორი მეგობარი“ და ამ ტექსტებს შორის - შესანიშნავი მოთხრობა „ნახევარი კილომეტრი მანძილი“, რაღაც, შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური, ეგზისტენციალიზმის ფერებში, თუმცაღა კვლავ მიძღვნილი სოფლელი ხალხისადმი.

ამ ვოინოვიჩს უკვე ვერავინ დაარქმევდა მუშათა თემების მწერალს, ეს უკვე სერიოზული იყო, ძალიან სერიოზული. თუმცა ავტორიტეტის მოხვეჭის მიუხედავად (ის ითვლებოდა დათბობის პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად), ვიონივოჩი ამით არ დაკმაყოფილდა: ის იქცა დისიდენტად, ხელისუფლების ოპონენტად. ამასთან არა მხოლოდ ილაშქრებდა ხელისუფლების, საბჭოთა უკანონობის წინააღმდეგ, არამედ წერითაც, იმ დროის საზომით, არასაბჭოთა რამეებს წერდა, ხანდახან კი საერთოდაც ანტისაბჭოთა ტექსტებს თხზავდა, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა ვრცელი დოკუმენტური მოთხრობა „ივანკიადა“.

ბორის პარამონოვი
ბორის პარამონოვი

დაიწყეს მისი დევნა არამხოლოდ უფლებადამცველური საქმიანობის, არამედ მწერლობის გამოც, რომლის მწვერვალადაც იქცა დასავლეთში გამოცემული რომანი „ჯარისკაც ივანჩონკინის ცხოვრება და უჩვეულო თავგადასავლები“ - რაც უდავოდ ახალი რუსული კლასიკაა. მუშა ბიჭი და საბჭოთა მწერალი ვოინოვიჩი იქცა შესანიშნავ სატირიკოსად, სატირა კი მაშინ მხოლოდ ანტისაბჭოთა შეიძლებოდა ყოფილიყო.

საბჭოთა კავშირიდან გაძევებულმა ვიონივოჩმა ჯიუტად განაგრძო ამ ხაზის დამუშავება, დაწერა სატირული რომანები „მონუმენტური პროპაგანდა“, „მოსკოვი 2042“ და ამ მართლაც, რომ მონუმენტურ ნაწარმოებებს შორის გამორჩეული მოთხრობა - „ერთობლივი მიმოწერის გზით“, კვლავაც ეგზისტენციალური ჟღერადობის თხზულება. არა ხელისუფლების ბოროტმოქმედება, არამედ საბჭოთა ცხოვრებისა და წყობის მიერ დაჩაჩანაკებული კაცი - აი, რა იყო ჭეშმარიტად ახალი ამ ლიტერატურაში. ჩონკინი წარდგა უდავო რუსულ არქეტიპად, ეს ხატება სამუდამოდ დარჩება რუსულ ლიტერატურასა და რუსულ ყოფაში.

ვოინოვიჩმა რუსულ ლიტერატურაში მყარი ადგილი დაიკავა - ის ახალი კლასიკოსია, ამის უარყოფა შეუძლებელია. და როგორც მოსალოდნელი იყო კლასიკოსისგან, მან დაწერა შესანიშნავი ტექსტი - „ავტობიოგრაფია“.

ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ვოინოვიჩი. 2007 წელი
ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ვოინოვიჩი. 2007 წელი

მაგრამ მხოლოდ ლიტერატურის თვალსაზრისით არ არის ვოინოვიჩი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის. მან რუსეთს მოუვლინა მისთვის ეგზომ აუცილებელი ადამიანის ახალი ტიპი - ადამიანი დემოკრატიული ცნობიერებითა და ხასიათით. ამასთან ასეთი ხასიათი რუსეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ესა თუ ის ლიტერატურული მიღწევები. შესანიშნავი მწერალი რუსეთში ბევრია, მაგრამ სულით ხორცამდე, მედგარი დემოკრატი მწერლები დრამატულად მცირენი არიან. ასეთ ხასიათში კი უმნიშვნელოვანესია შეუგუებლობა, კამათის უნარი, ავტორიტეტებისადმი დაუმორჩილებლობა, შეხედულებების დაცვა, მეტიც - მზადყოფნა სკანდალებისათვის. ასეთი დიდებული სკანდალისტი იყო ვლადიმირ ვოინოვიჩი - ჭეშმარიტად ახალი რუსი უზომოდ არათვინიერ რუს ადამიანთა შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG