Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი რუსული დაპირებები და "სპუტნიკ V"-ის თითქმის ჩავარდნილი წარმოება


ავტორი: ამერიკის ხმა

საბჭოთა კავშირის დროინდელი მანქანების ქარხნის გადაკეთება კოვიდ-19-ის ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის მწარმოებელ ნაგებობად, შედარებით ადვილი საქმე იყო. ვაქცინის დიდი დოზით წარმოება, კვალიფიციური შტატის მონახვა და საჭირო აპარატურის შოვნა, მოსკოვში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია „რ-ფარმისა“და სხვა კერძო რუსული კომპანიებისთვის, გაცილებით დიდი თავისტკივილი გამოდგა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაქცინას გლობალურად გაუკეთა რეკლამა და მარტში განაცხადა, რომ რუსეთმა რამდენიმე ქვეყანასთან 700 მილიონი დოზა „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის წარმოებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. მაგრამ 12 მაისის ინფორმაციით, რუსეთმა მხოლოდ 33 მილიონი ვაქცინის წარმოება შეძლო და აქედან 15 მილიონზე ნაკლები გაუშვა ექსპორტზე.

ეს მონაცემები სააგენტო „როიტერსის“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომელიც ერთ ვაქცინაში ადამიანის სრულ ვაქცინაციას, ანუ ორივე აცრას მოიაზრებს. რუსეთის წარმოება გაცილებით დაბალია, ვიდრე ის ასობით მილიონი ვაქცინა, რომელსაც მაგალითად, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ ყოველთვიურად აწარმოებენ. ოთხ მწარმოებელთან და წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში ჩართულ ადამიანებთან „როიტერსის“ ინტერვიუები მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად რთულია „სპუტნის V“-ის წარმოება და ამასთან, წარმოების ტემპის გაზრდა.

ეს პრობლემები სიგნალს უგზავნის რუსეთის პარტნიორებს - მათ შორის, ინდოეთს - იმაზე, თუ რამდენად რთულია პირველ რიგში საკუთარი ვაქცინის წარმოება და მეორე იმაზეც, რომ რუსეთზე დაყრდნობა შესაძლოა პრობლემური გათვლა იყოს.

მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები ვაქცინის გაყიდვამდე საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციაზე აკეთებენ კონცენტრაციას, რუსეთმა გლობალური დეფიციტის შევსების გადაწყვეტილება მიიღო და დაახლოებით 50 ქვეყანასთან, ძირითადად, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში, „სპუტნიკ V“-ის მიწოდების კონტრაქტები გააფორმა.

რუსეთი პირობას ვერ ასრულებს, რაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს დროს აძლევს იმისთვის, რომ გლობალური დეფიციტი შეავსონ. ამას ისიც დაერთო, რომ ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა უწყებამ რუსული ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა. უარის მიზეზად მათ რუსეთის მიერ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე არასრული მონაცემების მიწოდება დაასახელა.

მიუხედავად წარმოების ტემპის შენელებისა, რუსული პირდაპირი ინვესტიციების ფონდი აცხადებს, რომ 2021 წელს 800 მილიონი ადამიანის ბოლომდე აცრას შეძლებს და რომ აქედან, 50 მილიონი ადამიანი რუსული ვაქცინით ევროკავშირში აიცრება. ინვესტიციების ფონდი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც რუსული ვაქცინის დისტრიბუციას კურირებს. ამ განცხადებაზე რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ „როიტერსს“ კომენტარი არ მისცა. მწარმოებლები კი ამბობენ, რომ ვაქცინის საკუთარი რესურსებით დამზადება რუსული ბიოტექნოლოგიური კომპანიებისთვის "თვალახვეულ" მუშაობას ჰგავს. ამასთან, ნაგებობა, რომელიც მოსკოვის გარეუბანში 27 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს და 200 ბიორეაქტორითაა აღჭურვილი, ოფიციალურად ჯერ გახსნილიც არ არის.

ნოემბერში კი "რ-ფარმამ" გამოაცხადა, რომ კომპანია თვეში 10 მილიონი დოზის შექმნას შეძლებდა. 2020 წლის ბოლოს ვაქცინის წარმოების დაწყებიდან მარტის ბოლომდე კი მას მხოლოდ 1 მილიონი ვაქცინა ჰქონდა წარმოებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG