Accessibility links

დიმიტრი სილაქაძე - ისტორიკოსი


დიმიტრი სილაქაძე

6 მაისი, კვირა

დილიდან საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი. შაბათ-კვირა ზოგჯერ დასვენებაა ისტორიკოსისთვის, ზოგჯერ კი თავისუფალი დრო საკვლევად და საწერად. ყველა ვარიანტში კარგია. ბიბლიოთეკის საშვი მომიძველდა, ჩემი სახე აღარც ჩანს ნორმალურად ბარათზე. გადავწყვიტე შევცვალო. სულ ხუთწუთიანი პროცედურაა. გადამიღეს ახალი სურათი, შევავსე ანკეტა და წიგნი მხვდა საჩუქრად. თურმე ყოველ მეასე მკითხველს წიგნით ასაჩუქრებენ.

წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეა. წლის მანძილზე ბევრი რამ კეთდება ამ ამბის აღსანიშნავად და ბევრიც ფუჭდება - გააჩნია, ვინ აკეთებს, რა ხარისხით და რა მიზნით. მე კი საჯაროში მოვედი იმისთვის, რომ ერთი კარგი წიგნი თავიდან გამოიცეს და გამოიცეს ისე, როგორც საჭიროა. სტივენ ჯონსის მონოგრაფია „სოციალიზმი ქართულ ფერებში“ ის წიგნია, რომელიც კარგად აანალიზებს საქართველოში მესამედასელების პოპულარობას და, გარკვეულწილად, თერგდალეულების გზის გაგრძელების ამბავს, რამაც ქართველი ერის ხელახალ კონსოლიდაციას შეუწყო ხელი. ეს კარგი წიგნი ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც თამამად შეუძლია ურჩიო საქართველოს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანს. სტივენმა კარგად იცის ქართული, თუმცა ეს წიგნი მან ინგლისურად დაწერა, შემდეგ ითარგმნა და გამოიცა ქართულად, ახლა კი თავიდან უნდა გამოიცეს. პირველ გამოცემას მრავალი ხარვეზი აქვს, ამიტომ გამომცემელმა ჩემს მეგობარ ბექა კობახიძეს სთხოვა სამეცნიერო რედაქტორის თვალით გადაეხედა ნაშრომისთვის. დრო ცოტა იყო, ბექა მარტო ვერ მოასწრებდა ამ საქმეს და ამ პერიოდის ისტორიაზე მომუშავე სპეციალისტებს დახმარება გვთხოვა. წიგნის პირველ გამოცემას ჰყავს სამეცნიერო რედაქტორი, მაგრამ არ ჰგავს ეს წიგნი რედაქტორის ხელში გავლილს. ინგლისურ და ქართულ ვარიანტს შორის არეულია სქოლიოები, ტერმინები არასწორია, არეულია სახელი და გვარები, ტრანსლიტერაცია და ასე შემდეგ, თუმცა ეს ამბავი არ მიკვირს. სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირ შემთხვევაში წიგნს რედაქტორები არ კითხულობენ ან ცუდად კითხულობენ და ფორმალურად აწერენ მათ სახელს. ზოგი რედაქტორი ამით მეგობარს (ავტორს ან გამომცემელს) თხოვნაზე უარს ვერ ეუბნება და ხათრს ვერ უტეხს, ზოგი კიდევ სამეცნიერო მოღვაწეობის სტატისტიკაში ითვლის. ჩემთვისაც შემოუთავაზებიათ მსგავსი რამ, მაგრამ თავი შორს დამიჭერია. პრობლემებია თარგმანში. სტივენმა თავის დროზე ქართულიდან თარგმნა ციტატები ინგლისურად და ნაცვლად იმისა, თარგმნის დროს ამ ციტატების ორიგინალები მოძებნილიყო, ინგლისურიდანაა ნათარგმნი. დღეს სწორედ ამ ციტატების მოსაძებნად ვარ საჯაროში. ვეძებ, ვპოულობ და სხვაობა საკმაოდ დიდია ქართულიდან ინგლისურად ნათარგმნსა და შემდეგ ისევ გაქართულებულსა და ორიგინალის ციტატებს შორის.

საღამოს დიდი ნერვების თამაში მელოდება: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრაა მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილსა და ტაჰა აკგულს შორის. გენოს მხარესაა ფიზიკური ძალა, გამძლეობა, შემტევი სტილი, მოწინააღმდეგის მხარეს კი - ტექნიკა და გამოცდილება. თან ტაჰას ორმაგი მოტივაცია აქვს: შარშან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გენომ გაიმარჯვა და აკგული თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს, დაჰპირდა, რომ რევანშს აიღებდა.

წავაგეთ ფინალი, მინიმალური სხვაობით გვაჯობა ტაჰამ 2-1 და რევანში აიღო, თუმცა ერთ მომენტში ტაჰა გადავიდა ტატამიდან პირველი და შემდეგ კი გენო, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და ქულა აკგულს მისცა. არა უშავს, წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის. გენო 24 წლისაა, საუკეთესო წლები ახლა ეწყება, ტაჰა 28 წლის ხდება და სტაგნაციის პერიოდი უდგება. ნელ-ნელა კი ამ ორი გიგანტის ორთაბრძოლა ბაუმგარტნერ-გობეჯიშვილის ლეგენდარულ დაპირისპირებას ემგვანება. ბრძოლის დასრულების შემდეგ ორი გოლიათი ძმურად გადაეხვია ერთმანეთს. სპორტულ შეჯიბრებებს ასეთი რაინდული დასასრული უხდება.

დღეს გიორგობაა. საუკეთესო გაზაფხულის გიორგობა ჰერეთში ჩემს მეგობარ ვასილ პაპიაშვილის ოჯახში გამიტარებია და ეს სულ მემახსოვრება. ქურმუხის დიდი საყდარი, ადგილობრივი ქართველების სევდანარევი სიხარული, ულამაზესი ბუნება. ჩემს ძმასაც გიორგი ჰქვია. დღეს დამავიწყდა მიმელოცა. უბრალოდ, დავურეკე, ვისაუბრეთ. ჩვენს საუბარში ,,როგორ ხარ, ‘ბიჯო’?" ყველაფერს ნიშნავს: მილოცვასაც, დახმარებისთვის მზადყოფნასაც, მოკითხვასაც, სითბოს გამოხატვასაც და ყველაფერს.

7 მაისი, ორშაბათი

დილით ეროვნულ არქივში მივედი. ვემზადებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საიუბილეო გამოფენისთვის. ქეთი ასათიანი, ჩვენი სამეცნიერო განყოფილების უფროსი, თავითაა გადავარდნილი საქმეში. სხვანაირად არც შეუძლია. საქმეს რომ შეჰყვება, ისეთ მუღამში ვარდება, დაძინებაც ავიწყდება ხოლმე და ახლა თავის ტკივილმა შეაწუხა, მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმით უტევს საქმეს. მე ძირითადად სამხედრო ხასიათის დოკუმენტებს და ფოტოებს ვარჩევ გამოფენისათვის. ამათ გარდა სამხედრო კუთხეში ნივთებიც გვექნება. ეროვნულ მუზეუმს მოსინის შაშხანები ვთხოვეთ. ასევე გვაქვს კოჯორ-ტაბახმელაში 1921 წლის ომის დროს გასროლილი და გაუსროლელი ვაზნები. ვინ იცის, ვის ეკავა ეს ვაზნები იმ დროს, როდესაც შაშხანის დატენას ცდილობდა - ეგება მტრის ტყვია მოხვდა და ხელიდან გაუვარდა, ან კიდეც თებერვალში სიცივით ან ნერვიულობით აკანკალებული ხელით ვერ დატენა დროულად შაშხანა და ისედაც დეფიციტური ვაზნები ხელიდან გაუცვივდა.

დღეს 98 წელი გავიდა 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულებით რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი საზღვრები აღიარა, მაგრამ 9 თვეში დაარღვია და საქართველოში შემოიჭრა. თუმცა ეს ამბავი, სხვა ბევრ ამბავთან ერთად, გვასწავლის, რომ რუსეთმა ჩვენთან დადებული ყველა ხელშეკრულება დაარღვია, ისტორია კი მაგალითებისა და გამოცდილების მთელი ჯაჭვია.

საღამოს გავიგე, რომ არსენ ვენგერი არსენალის მწვრთნელი აღარ არის. ფეხბურთს, 10-12 წელია, აღარ ვუყურებ, მაგრამ არსენ ვენგერი ეს მთელი გუნდის ისტორია, ჩემი და ჩემი ბავშვობის ძმაკაცის, ნიკულინას ( დენისკა ნემსაძის), ბავშვობა და ჭიჭყას (ირაკლი ზურაბიანის) მანჩესტერთან მეტოქეობის ისტორიაა: ტიერი ანრი, ანელკა, რობერტ პირესი, ვიერია, დევიდ სიმენი, დენის ბერკამპი და სხვა მრავალი დიდი ფეხბურთელის გუნდი, ,,კოკროჭინა" ჰაიბერის სტადიონი, სადაც ტრიბუნები ისე ახლოს იყო მოედანთან, რომ ლამის მეხუთე რიგიდან ჩამოართმევდი ფეხბურთელს ხელს. ისე, მეც ვთამაშობდი ბავშვობაში ფეხბურთს ქუთაისში და მეც მყავდა ჩემი მწვრთნელი - ზურია. ზურია მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო და მერე რა, რომ თამაშის დროს ბავშვები ერთმანეთში ვეშლებოდით და სხვისი შეცდომის გამო მე შევუცვლივარ და პირიქით. მერე რა, რომ ტაქტიკა და თეორია მისი საქმე არ იყო. თამაშის წინ დაფაზე დაამწკრივებდა მაგნიტების ბურთულებს და დააყენებდა წყობას 4-4-2 ან კიდევ 3-5-2 და დაგვისახელებდა, რომელი ბურთულა რომელი ვიყავით: ეგია, სიმონ, იაგო, ეგია დიტოია, ეგია სვირინი, ეგია მამუკია. მერე დაიწყებდა ახსნას: კაროჩე, შემოგვიტიენ იმგენმა. მამუკია გადავა აქეთ, დიტოია იქით! აუ, ეგი ვინაა, ბიჯოო?! - ვეღარ იხსენებდა, ვინ სად დააყენა და შეუკურთხებდა ტაქტიკის დაფას და გვეტყოდა: „მთავარია ბრძოლა! სახელი უნდა დატოვოთ სტადიონზე, ბიჯოო!“ ერთხელ მაგარი დარიგება მომცა თამაშის წინ: „დიტოია, შენ, სიმონ, შუაში ითამაშებ მარჯვნიდან-მარცხნიდან“. სად უნდა მეთამაშა, ვერ მივხვდი, მაგრამ დარიგებამ გაჭრა, გოლი გავიტანე და საგოლე პასი გავაკეთე იმ თამაშში.

8 მაისი, სამშაბათი

არქივში ვაგრძელებთ გამოფენისთვის მასალების შერჩევას, შერჩეულის დამუშავებას, ფორმის მიცემას. ქეთის მეგობარმა დიზაინერმა ჟურნალ „მხედრის“ 1920 წლის ნომერში დაბეჭდილი ჩანახატები პირველი რესპუბლიკის შესახებ ერთ ფაილში მოაქცია. ძალიან ეფექტურია, თვალს ვერ ვწყვეტ. ან მე მაქვს ერთგვარი მშობლის დამოკიდებულება პირველი რესპუბლიკის ჯარისადმი, ან კიდევ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელსაც იგივე რეაქცია ექნება და დავმშვიდდები, რომ არ ვაჭარბებ.

საინტერესო დოკუმენტების ძიებაში გადავაწყდი 1919 წელს ქართულ და დენიკინის რუსული ფლოტის ხომალდებს შორის გამართულ შეტაკებას. 2008 წლის ომის შემდეგ რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ მათ საზღვაო ბრძოლაში ჩაძირეს ქართული კატარღები, თუმცა სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა: ქართული კატარღები ღია ზღვაში არ გასულან და ისინი ფოთის დაკავების შემდეგ პორტშივე ჩაძირეს რუსებმა. 2008 წელს არა, მაგრამ 1919 წლის 7 დეკემბერს კი ნამდვილად მოხდა შეტაკება ფოთის მახლობლად ქართულ და რუსულ ხომალდებს შორის. 7 დეკემბერს ჩრდილოეთიდან ფოთის სანაპირო ზოლს ხუთი ვერსის მანძილზე მოუახლოვდა დენიკინის მცირე ზომის ხომალდი - ,,დუნაი", რომელთანაც შესახვედრად პორტიდან გავიდა საქართველოს სასაზღვრო ძალების მცირე ზომის კატარღა ,,ტარიელი". ორთაბრძოლის დროს „დუნაიმ“ 19-ჯერ ესროლა „ტარიელს“, ამ უკანასკნელმა კი 25-ჯერ, საიდანაც სამი მოხვდა რუსულ ხომალდს, რის შემდეგაც ,,დუნაი" სწრაფი სვლით გაეცალა ბრძოლის ველს ჯერ ბათუმის მიმართულებით, ხოლო შემდეგ გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო.

საღამოს, დაღლილს, ლაშქრობა მომინდა. ავტობანიდან იგოეთი-გორის მონაკვეთზე სულ ვუყურებ კვერნაქის ქედს, რომელიც ტირიფონის ველსა და მტკვრის ხეობას ყოფს ერთმანეთისგან.

წინა კვირაში გორის იუსტიციის სახლში პირველი რესპუბლიკის შესახებ მცირე საგამოფენო მასალა ჩავიტანეთ. სტალინის ქალაქში ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის პორტრეტები გამოიფინა. ნოე რამიშვილი მოკლა სტალინის სპეცსამსახურმა, მაგრამ დღეს სტალინისავე ქალაქში სტალინის ძეგლი აიღეს, ნოე რამიშვილის პორტრეტს კი ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, იუსტიციის სახლში, ვფენთ.

მე კი იმას ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ შევყურებდი კვერნაქის ქედს და კიდევ ერთხელ მომინდა მასზე ასვლა. დაბალი ქედია, ზემოთ - ზეგანი, მაგრამ კარგი ხედები უნდა იშლებოდეს ქედიდან. დავურეკე ჩემს მოლაშქრე ბიძაშვილს, ლევანს, ასევე არამოლაშქრე ბიძაშვილ გელას, რომელსაც, თუ სცალია, ლაშქრობაში კი არა, ომში წამოგყვება. ჩემს ძმას, გიორგის, არ ეცალა. ასევე არ ეცალათ მეგობრებს: დათოს, სიზმარას, მიშკას, გაგუსას, იმავე ლეიდი გაგას. ,,ბაჩუნით" მოსიარულე მოლაშქრე შაკომ კი დაგვტოვა და საზღვარგარეთაა. მოკლედ, ხვალ პატარა ლაშქრობა მელის.

9 მაისი, ოთხშაბათი

დილით ადრე გავედით სამნი. მანქანა სოფელ შავშვებში დავტოვეთ. ავყევით ფერდობს, გავიარეთ ხორბლის ნათესები, საათ-ნახევარი ვიარეთ და ავედით ქედზე. ჩრდილოეთით სამაჩაბლოს ველები ჩანს, რუსული სამხედრო ბაზებით. შორს, ჰორიზონტზე, ცხინვალის კორპუსებიც მოჩანს, რომელსაც პირველად ვხედავ. სამხრეთით კი ჯერ ზეგანია, შემდეგ მტკვრის ხეობა და, ბოლოს, თრიალეთის ქედი. აღმისავლეთით ნადარბაზევის ტბა ჩანს, დასავლეთით - გორი. ქედიდან ლამაზი სივრცე იშლება. ძალიან გვიყვარს სივრცეები. სალაშქრო გადაძახილებით, რომელსაც კონკრეტული აზრი არ აქვს, ვამხნევებთ ერთმანეთს სიარულისას; აზრი არ აქვს, მაგრამ გვაცინებს, გვამხიარულებს და კარგ განწყობაზე გვაყენებს. ზეგანზე რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ, ლამაზ ადგილას დავსხედით, საიდანაც მტკვირს ხეობა და თრიალეთის ქედი მოჩანდა. წავიხემსეთ. თრიალეთისკენ მოიღრუბლა. გელამ თქვა, ნარინი ბებია როგორც ამბობს, კი არ მოიღრუბლა, მოიქუფრა, და ბავშვობაში, ამ სიტყვას რომ ამბობდა, სულ მეშინოდა, ისე ჟღერდაო. ელვასაც მოვკარით თვალი, გრუხუნის ხმაც მოისმა შორიდან. ნელ-ნელა წამოვიდა ჩვენკენ ღრუბელი და დაახლოებით ერთ საათში მოგვიახლოვდა კიდეც. დავეშვით ხორბლის ნათესებით სოფლისკენ, თან მოახლოებულ სუმოს ბაშოზე ვსაუბრობდით და ჩვენი გოლიათის, ტოჩინოშინის, ოძეკის წოდების მოპოვების შანსებს განვიხილავდით. ჩამოვედით ავტობანზე და წვიმამ დასცხო. ნამეტანი ადრე გვიწევდა თბილისში მობრუნება და ქსნის ციხისკენ გადავუხვიეთ. წვიმამ იკლო. გავაჩერეთ მანქანა ციხის ქვემოთ გამავალ გზაზე. შევყევით აღმართს. მიწა ატალახებულია, ფეხი ცურავს. ვეჭიდებით ბუჩქებს, ეკლებს, აქა-იქ შემორჩენილ ბეტონის ჯებირებს და ზოგჯერ ბალახებსაც კი და წარმოგვიდგენია ფრიალო კლდეზე ჩამოკიდებული მამაცი ადამიანები, რომლებიც კლდეზე თითის მოსაჭიდებელ ადგილს ეძებენ, პოულობენ და მაინც აგრძელებენ გზას. ავედით. ლამაზი ხედია. ციხე საშუალო ზომისაა, მაგრამ თავის დროზე ძნელად ასაღები იქნებოდა.

10 მაისი, ხუთშაბათი

გუშინ 9 მაისი იყო. ორი დღეა, მძვინვარებს ფეისბუქზე დისკუსია: 8 მაისი თუ 9 მაისი, რომელი უნდა აღვნიშნოთ. ბოლ წლებში სულ ერთი და იგივე მეორდება. მეორე მსოფლიო ომი ევროპაში რვა მაისს დასრულდა, მე კი, როგორც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას, ამ ომთან საკუთარი ანგარიშები მაქვს. ჩემი ოთხივე დიდი ბაბუა იბრძოდა ამ ომში. ვალიკო კელენჯერიძე ტყვედ ჩავარდა, შემდეგ ფეხით წამოვიდა ტყვეობიდან, სერბეთის მთებში ცოცხალმკვდარი შეიფარა სერბმა ქალმა, ცელინამ, და გადაარჩინა. ამის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულს, შეეძინა ჩემი ბებია და სერბი ქალის პატივსაცემად ცელინა დაარქვა და არა ყამირის (იმავე „ცელინას“) გამო. როგორც ტყვეობაში ნამყოფ კაცს, მთელი ცხოვრება დაჭერის ეშინოდა. ვანო ჭელიძე ორმეტრიანი კაცი იყო. კავკასიის ფრონტზე ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. ექიმებმა თქვეს, არა უშავს, ორგანიზმი აიტანსო, და, მართლაც, ვანომ ომის დასრულებიდან ათი ან მეტი წლის მერე ამოახველა ჭურვის პატარა ნამსხვრევი. გრიგოლ ქოჩიაშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დავით სილაქაძე კი სულ არ ყოფილა ფრონტზე, მაგრამ დიდ ბაბუათა შორის ყველაზე მეტი ორდენი მან მიიღო. ეკუთვნოდა კიდეც - დამსახურებული რკინიგზელი იყო და ზურგს ომში რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა მეორე მსოფლიო ომი ჩემთვის მაინც ჩემი დიდი ბაბუის, გრიშა ქოჩიაშვილისა, და დიდი ბებიის, თინა ბასილაძის, ტრაგედიაა. თინას მამა 1937 წელს დახვრიტეს, მეუღლე გრიშა კი 1939 წელს 27 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მან სახლში დატოვა ახლად შერთული ცოლი და თვეების შვილი. 1941 წელს უნდა დაბრუნებულიყო ჯარიდან, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ, აბა, ვინღა დააბრუნებდა, 1942 წელს კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თინა ბებია მთელი ცხოვრება ელოდებოდა მის დაბრუნებას. 1960-იან წლებში თითქოს მოუვიდა ამბავი, რომ გრიშა ამერიკაში ცხოვრობდა, 2000-იან წლებშიც კი არ ჰქონდა გადაწურული იმედი და მე მეხვეწებოდა, ,,კომპეიტორში" მომეძებნა, ეგებ სადმე ყოფილიყო გრიშას შესახებ ინფორმაცია, ცოცხალი თუ არ იყო, ეგებ ამბავი მაინც გამეგო. ვერაფერს მივაგენი. თინა ბებია 2011 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ჩემ შვილი ანუკა, ანუ მისი შვილიშვილის შვილიშვილი, დაიბადა. სანამ თინა გარდაიცვლებოდა, მე ისტორიკოსის ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და მისი საიდუმლო შავი ჩანთა გავხსენი, გავხსენი და რამდენიმე საათი ვერ მოვწყდი გრიშა ბაბუას მიერ 1939-1942 წლებში თინასთვის გამოგზავნილ წერილებს. გრიშა ფილოლოგი იყო და საინტერესოდ წერა ეხერხებოდა. ჯარში გაწვევისთანავე გრიშამ პირველივე წერილში თითქოს იწინასწარმეტყველა თავიანთი მომავალი ბედი. სამხედრო ნაწილში მისვლისთანავე მან ცოლს საკუთარი სურათი გამოუგზავნა წარწერით: „სახსოვრად ჩემ თინას“ - ,,თინა, ბედმა არ მოგვცა საშუალება, რომ ახალგაზრდები მხიარულები ვყოფილიყავით, თუმცა რა არის საჯავრო, მარტო მე რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი, მაგრამ ხომ იცი, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ეს სურათი შეინახე სახსოვრად და არასოდეს ცრემლი არ მაჩვენო. შენ ცუდათ ყოფნას აქ ვგრძნობ მე და მაკლებს მხიარულებას. ვაგზავნი ნიშნად მოგონებისა ორი წლის მანძილზეე ..... ? თქვენი გრიშა. 1939. 22. 6". წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი, სამწუხაროდ, სწორად დასვა ბაბუამ. 1939-1941 წლებში გრიშას მიერ ცოლისთან გამოგზავნილი წერილები ძალიან ემოციურია - წამებს ითვლის, როდის დაასრულებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და თავის საყვარელ ცოლ-შვილთან ჩამოვა. 1941 წლის 16 ივნისს იწერება, რომ დიდი გადაადგილებები აქვთ. 22 ივნისს გერმანია იწყებს ომს საბჭოთა კავშირის წინაღმდეგ. შემდეგ, 1942 წლის იანვრამდე, წერილები წყდება. ამ პერიოდში ცოლი ეძებს მას, მაგრამ მის შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებს. 1942 წლის იანვარში გრიშა თინას ფრონტიდან სწერს, რომ ბევრი საოცარი რამ გადახდა თავს, ახლა კი გერმანელებს ერეკებიან და როდესაც საქართველოში დაბრუნდება, ბევრ რამეს მოუყვება. 1942 წლის გაზაფხულზე თინას ფრონტიდან მოსდის წერილი მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. ამის შემდეგ თინა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ელოდა გრიშას.

11 მაისის, პარასკევი

100 წლის იუბილესთვის ორი ალბომის გამოცემის საქმეში ვარ ჩართული. ერთი არის ეროვნული არქივისა და თსუ-ს ბიბლიოთეკის პირველი რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ერთობლივი ალბომი ნოე რამიშვილის შესახებ, ხოლო მეორე ალბომს, ნოე ჟორდანიას შესახებ, თსუ-ს ბიბლიოთეკა და პარიზში არსებული ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი გამოსცემს. სიმბოლური ამბავია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ორი თავმჯდომარე, ორი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი. ალბომში შესულია ამ ადამიანების პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი მასალები, საუკეთესო ფოტოები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები. უკანასკნელ დეტალებს ვათანხმებთ, თვის ბოლოსთვის ორივე ალბომი მზად იქნება.

12 მაისი, შაბათი

მოღრუბლული დღეა. წელს ბევრი კონფერენცია მელის. ამ მომენტში კონფერენციებისთვის და შემდეგ დასაბეჭდად ორ სტატიაზე ვმუშაობ. ერთი ეხება 1918-1921 წლებში შეიარაღებულ ძალთა აღმშენებლობის პროცესში არსებულ ხელის შემშლელ ფაქტორებს, ხოლო მეორე - 1921 წლის 24 თებერვლის დილემას. 1921 წლის 24 თებერვალს, საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, თითქოს წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ, საღამოს მთავარსარდალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქი დაეტოვებინა, რადგანაც მიიჩნია, რომ ალყაში ექცეოდნენ. მისი ამ გადაწყვეტილების ირგვლივ კამათი მაშინვე დაიწყო და დღემდე გრძელდება, მათ შორის ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის. ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი შენაერთების მოქმედების ანალიზსა და რაოდენობის დადგენაში არის ამ დილემის გასაღები. ვნახოთ, რა გამომივა.

დილიდან დიდი ამბებია. წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცრაზმი შესულა, ნარკორეალიზაციაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი აიყვანეს. მოქალაქეები დილიდან აპროტესტებენ კლუბებში შეჭრას და ეჭვმიტანილთა აყვანის ფორმას. ამასთან ერთად, ყველაზე ცუდი ისაა, რომ მოქალაქეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთისადმი დიდ აგრესიას იჩენენ, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისთვის არც უცხოა და არც ახალი. ამიტომ ყოველთვის ფრთხილად მოქმედებაა საჭირო.

ჩავწერ დღიურს და შემდეგ ცოტას ვისეირნებ - გრიბოედოვის ქუჩიდან დავიწყებ და დავუყვები მთწმინდისა და სოლოლაკის პატარ-პატარა ქუჩებს.

ხვალიდან კი ტოჩინოშინი შეუტევს იმპერატორის თასს და ოძეკის წოდებას - განბატე ტოჩინოშიინ!

please wait

No media source currently available

0:00 0:16:29 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG