Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: პუტინთან აქ შეხვედრა არ იქნებოდა მართებული


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმის“ თანამშრომელს, ჟურნალისტ გრეტა ვან სასტერენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმის“ თანამშრომელს, ჟურნალისტ გრეტა ვან სასტერენს.

ავტორი: გრეტა ვან სასტერენი, „ამერიკის ხმა“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც არგენტინაში იმყოფება „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმის“ თანამშრომელს, ჟურნალისტ გრეტა ვან სასტერენს. სამიტამდე დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ქერჩის ყურეში განვლილ კვირაში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც რუსეთის სამხედროებმა ხელთ იგდეს უკრაინული სამხედრო გემები და პატიმრობაში აიყვანეს ოცზე მეტი უკრაინელი მეზღვაური. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს, რომელიც სწორედ ამ კრიზისის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებაზე საუბრით იწყება.

„ამერიკის ხმა“: თქვენ აპირებდით, ყოველ შემთხვევაში, ფიქრობდით პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე, მაგრამ გადაიფიქრეთ. თუ შეხვდით მას, როგორი იყო პრეზიდენტთან შეხვედრის დღის წესრიგი?

ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, მე მსურს, რომ პლანეტაზე იყოს ყველაზე სუფთა ჰაერი და ყველაზე სუფთა წყალი. მე მსურს კრისტალურად სუფთა წყალი, ისე როგორც ეს ჩვენთანაა...
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: როგორც იცით, მე ეს უკვე აღვნიშნე, გულწრფელად უნდა ითქვას, იმის გამო, რაც უკრაინის გემებისა და მეზღვაურების მიმართ მოხდა, აქ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მართებული. მაგრამ მე მას შევხვდები. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, ჩინეთთან და დანარჩენებთან. ვგულისხმობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ შევხვდები მას [პუტინს] ხელსაყრელ დროს.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, რას უპირებს ის უკრაინას? რატომ იგდო მან ხელთ გემები და მეზღვაურები?

დონალდ ტრამპი: მე არ შემიძლია ამოვიკითხო მისი აზრები, ეს არავის შეუძლია, მხოლოდ მან [პუტინმა] იცის, თუ რისი გაკეთება სწადია, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ გარკვეულ მოქმედებებს. რაც, როგორც იცით, უკვე მოხდა, მე ნამდვილად არ შემიძლია მათზე პასუხისმგებლობის აღება.

ამერიკის ხმა: ერთ-ერთი საკითხი ამ სამიტზე არის გლობალური ეკონომიკა და კლიმატის ცვლილება. როგორია თქვენი პოზიცია კლიმატის ცვლილების მიმართ და რა გავლენას ახდენს ის ეკონომიკაზე მსოფლიოს მასშტაბით?

დონალდ ტრამპი: ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, მე მსურს, რომ პლანეტაზე იყოს ყველაზე სუფთა ჰაერი და ყველაზე სუფთა წყალი. მე მსურს კრისტალურად სუფთა წყალი, ისე როგორც ეს ჩვენთანაა. ჩვენ კარგი მიღწევები გვაქვს გარემოს დაცვის მიმართულებით და ეს ისაა, რაც მე მწადია. მაგრამ არ ვაპირებ ქვეყანას დავაკარგვინო შემოსავალი იმ სტანდარტების მხარდაჭერის მცდელობაში, რომლებსაც, ალბათ, არ აქვთ მნიშვნელობა. დააკვირდით ჩინეთს, დააკვირდით სხვა ქვეყნებს, რომლებშიც ჰაერი დაბინძურებულია და საიდანაც ეს ჰაერი მერე ამერიკისკენ მოდის. ამდენად, ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერი და წყალი, მათი კი არა, რადგან ეს დიდძალი ფული ღირს. საქმე ისაა, რომ ჩვენი ბუნება არის აბსოლუტურად სუფთა, მაგრამ არ ვაპირებთ ტრილიონობით დოლარი დავხარჯოთ, რაც სხვებისთვის კარგია, მაგრამ ჩვენთვის კი არა. ჩემი პოლიტიკა, როგორც იცით, ძალიან მარტივია. ესაა: ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამავდროულად, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ დიდი მეზობელი მსოფლიოსათვის. მაგრამ ჩვენ საკუთარ თავს სამართლიანად უნდა მოვექცეთ და ეს ასეც არის.

ამერიკის ხმა: დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში მალე ჩატარდება დიდი კენჭისყრა. აქ არგენტინაში პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იმყოფება. როგორ ართმევს იგი თავს ბრექსიტს, რომელიც არის ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემა და რა გავლენა აქვს მას აშშ-ზე?

დონალდ ტრამპი: იცით, ეს ძალიან რთული თემაა და მისთვის [ტერეზა მეისთვის] ნათქვამი მაქვს, რომ ამას ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი. სინამდვილეში სრულიად სხვაგვარად გავაკეთებდი. მაგრამ იგი კარგი ქალია და მართლა ბევრს მუშაობს. მხედველობაში მაქვს ის, თუ რისი გადატანაც უწევს მისთვის ასეთ რთულ სიტუაციაში. მე სხვანაირად გავაკეთებდი, სრულიად სხვაგვარი მიდგომა მექნებოდა. ვფიქრობ, გასვლის კონცეფცია, რაზეც ისინი მუშაობენ, არის კარგი. ეს კარგია, რადგან სურთ თავიანთი იდენტობა, საკუთარი საიმიგრაციო კანონები, არ სურთ, რომ უკარნახონ, ვინ მიიღონ და ვინ - არა. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ იგი [ტერეზა მეი] მართლა ბევრს მუშაობს.

ამერიკის ხმა: აშშ-ზე გავლენის თვალსაზრისით, ბრექსიტი უშუალოდ ახდენს მასზე გავლენას, თუ მასთან მიმართებით აშშ მხოლოდ ერთგვარი მაყურებლის როლით შემოიფარგლება?

დონალდ ტრამპი: დიახ, მე მისთვის [ტერეზა მეისთვის] ნათქვამი მაქვს, რომ ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით მაყურებლები ვართ.

ამერიკის ხმა: აშშ-ზე ამას არ აქვს გავლენა?

დონალდ ტრამპი: ეს მათი ქვეყანაა, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია და ძალიან საინტრესოა, მოახერხებენ თუ არა ისინი ამ საკითხის პარლამენტში გატანას. ევროკავშირი ეს არის ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ვაჭრობის საკითხში ისეთი უხეშია, როგორც ჩინეთი. მათ დაწესებული აქვთ ძალიან დიდი სავაჭრო ბარიერები. იცით, ეს ის ევროკავშირია, რომლის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების გამო ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 151 მილიარდ ამერიკულ დოლარს. კარგია, რომ თქვენ ამაზე ფიქრობთ, მაგრამ ისინი იყვნენ ძალიან მკაცრები ვაჭრობაში ბრიტანეთთან მიმართებაშიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიზრუნებთ საკუთარ წილებზე.

ამერიკის ხმა: კარგია, მოდით, ახლა შიდა ეკონომიკაზე ვისაუბროთ, მომავალ კვირაში შესაძლებელია კენჭისყრა ე.წ. შათდაუნზე. პირველ ყოვლისა, როგორ ფიქრობთ, აშშ-ის სახელმწიფო უწყებები შეწყვეტენ მუშაობას? ექნება ამას გარკვეული გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე?

მომისმინეთ, მარტივად აგიხსნით. ჩვენ გვექნება უსაფრთხო საზღვარი. თუ საზღვრის უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ, მაშინ ძალიან ცუდი ამბები მოხდება...
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: იცით, ვერ გეტყვით იქნება თუ არა „შათდაუნი“, რადგან ეს არავინ უწყის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ საზღვრის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვჭირდება საზღვრის დაცვის უფრო მეტად გაძლიერება. თქვენ ხედავთ, თუ რაც გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკან გაგვებრუნებინა ჩვენკენ მომავალი მთელი ეს ნაკადი, რომელიც ახლა კვლავ დაიწყებს დაბრუნებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდიოდნენ. ჩვენ გვინდა მივიღოთ ადამიანები დამსახურებულად. იცით, ჩვენ გვჭირდება ხალხი. ჩვენთან ბოლო 51 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისე დაბალი უმუშევრობა, როგორც დღეს გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ეკონომიკა ასეთი გამართული არასოდეს ყოფილა. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი მიღწევები ციფრებში, უამრავი კარგი რამ ხდება.

ამერიკის ხმა: თქვენ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გჭირდებათ 5 მილიარდი დოლარი, მაგრამ საკითხი წრეზე ტრიალებს. აქამდე კონგრესი უარზე იყო. რა მოხდება?

დონალდ ტრამპი: დავინახავთ, თუ რა მოხდება.

ამერიკის ხმა: შეძლებთ მათთან საერთო ენის გამონახვას?

დონალდ ტრამპი: მომისმინეთ, მარტივად აგიხსნით. ჩვენ გვექნება უსაფრთხო საზღვარი. თუ საზღვრის უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ, მაშინ ძალიან ცუდი ამბები მოხდება. მაგრამ ჩვენ გვექნება უსაფრთხო საზღვარი. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისე შემოედინებოდნენ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს ხდებოდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ნახეთ, რა ხდება, როდესაც ქვეყანაში არსებობენ ბანდიტური ჯგუფები და დააკვირდით არალეგალთა ნაკადს. მათ რიგებში 650 აბსოლუტურად ცივსიხლიანი დამნაშავეა. მე არ მინდა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ. მე ამას არ დავუშვებ. თუ შენ არ გაქვს საზღვარი, არ გაქვს ქვეყანაც, გრეტა. მე ამას არ დავუშვებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG