Accessibility links

ევროკავშირის გრილი დამოკიდებულება აღმოსავლელი პარტნიორების მისწრაფებების მიმართ


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ, რა ამბიციები შეიძლება გამოავლინონ აღმოსავლეთით უშუალო მეზობლების მიმართ. დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მეტყველებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა ყველაფერი - მომავალი გაწევრიანებიდან სავიზო ლიბერალიზაციამდე.

დოკუმენტი, რომელსაც ამჟამად განიხილავენ ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დიპლომატები, ეხმაურება ევროკომისიის კომუნიკეს აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ, რომელიც გასულ თვეში იქნა წარმოდგენილი.

მოსალოდნელია, რომ ის უახლოეს დღეებში დამტკიცდება, მაგრამ 7-გვერდიანი დოკუმენტიდან ნათელია, რომ ქვეყნებს მთელ რიგ საკითხებში არ მიუღწევიათ თანხმობისთვის.

ერთ-ერთ ასეთ დასაზუსტებელ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტში ვკითხულობთ: „საბჭო აღიარებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ამ წევრთა ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს წერია ასოცირების შეთანხმებებში“. ეს რამდენიმე წლის განმავლობაში არის ევროკავშირის სტანდარტული ფრაზა იმის აღსანიშნავად, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, საბოლოოდ შეიძლება გაწევრიანდნენ კავშირში.

რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, რომლებიც ანონიმურობის დაცვის პირობით ელაპარაკნენ რადიო თავისუფლებას, განაცხადა, რომ საფრანგეთი, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე სამხრეთელი წევრიც უჭერს მხარს, მოითხოვდა, რომ ეს სტრიქონი ფრჩხილებში ჩასმულიყო მომავალი განხილვისთვის, მაგრამ წყაროების თქმით, სავარაუდოდ ისინი უკან დაიხევენ, ვინაიდან ეს ფრაზა ადრეც არის ნახმარი სხვა დოკუმენტებში.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა 2009 წელს დაიწყო და მისი მიზანია ექვსი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - ევროკავშირს დაუახლოვოს კავშირში სამომავლო გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებებს, რომლებიც მოიცავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი თავს იკავებს ამ ქვეყნების კავშირში მიღების თაობაზე ლაპარაკისგან.

კიდევ ერთ წინადადებაში, რომელიც დოკუმენტში ფრჩხილებშია ჩასმული და შესაძლოა მასზე გართულდეს შეთანხმება, ნახსენებია, რომ „გარე და შიდა საფრთხეების მიმართ მდგრადობა კერძოდ გულისხმობს დემოკრატიის, საზოგადოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, უსაფრთხოების, კიბერსფეროს, მედიის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ადამიანთა უსაფრთხოების მდგრადობას, მათ შორის იმ პირებისა, რომლებსაც კონფლიქტი შეეხო.“

ტექსტის იმ ნაწილში, რომელშიც ლაპარაკია აღმოსავლეთის პარტნიორების შესაძლებლობების გაფართოების აუცილებლობაზე ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგობის გასაწევად, ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნით ჩამატებულ იქნა ფრაზა „შეხსენება აღმოსავლეთის პარტნიორების არაკონფრონტაციული მიდგომის“ თაობაზე. ეს ფრაზა ამჟამად ფრჩხილებშია მოთავსებული. ასევე ფრჩხილებშია მოთავსებული სიტყვა „შესაძლო“ ფრაზაში: აღმოსავლეთის პარტნიორების ევროკავშირში „შესაძლო უფრო ღრმა დარგობრივი ინტეგრაცია“.

ევროკავშირის წევრებს შორის თანხმობაა, როცა საქმე ეხება სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას

მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის თანხმობაა, როცა საქმე ეხება სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების დიდი რაოდენობა შეშფოთებას იწვევს.“ წარსულში გერმანია და შვედეთი ჩიოდნენ, რომ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები სავიზო ლიბერალიზაციას იყენებდნენ ამ ქვეყნებში ბინების ძარცვისთვის. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გარდაუვალი.

ზემოხსენებული დოკუმენტის განხილვა ემთხვევა ევროპის პარლამენტში აღმოსავლეთის პარტნიორობის განხილვას. ევროპარლამენტის დოკუმენტის პროექტი, რომელსაც არა აქვს სავალდებულო ხასიათი, ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ევროპის საბჭოს ტექსტი და გამოდის ისეთი წინადადებებით, როგორიცაა ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის საერთო ეკონომიკური სივრცე, ექვსი ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის ენერგეტიკულ კავშირში, სატრანსპორტო კავშირში და ერთიან ციფრულ ბაზარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG