ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს ევროპის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ოთხი დღე გრძელდება. კენჭისყრაში მონაწილეობს კავშირის წევრი 28-ვე ქვეყანა. ელექტორატის რაოდენობა 400 მილიონამდეა. უფრო მეტი ამომრჩეველი მხოლოდ ინდოეთში მოიპოვება.
არჩევნების წინასწარი მონაცემები 26 მაისს საღამოს გახდება ცნობილი. პროგნოზების მიხედვით, პირველი ორი ადგილი უნდა დაიკავონ ევროპის სახალხო პარტიამ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა. ამასთან, მათ შეიძლება ასამდე ადგილი დაკარგონ წინა არჩევნებთან შედარებით. ამ ადგილების მიღების იმედი აქვთ მემარჯვენე რადიკალებს იტალიელი პოლიტიკოსის, მატეო სალვინის მეთაურობით.
ევროპარლამენტი, შეიძლება ითქვას, ევროპის მინიპორტრეტია. ყოველ ქვეყანას ჰყავს საკუთარი დეპუტატები, მათი რიცხვი დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობაზე. მაგალითად, გერმანიას ჰყავს 96 დეპუტატი, პოლონეთს - 51.
მაგრამ თავად პარლამენტში დეპუტატები გაერთიანებული არიან პოლიტიკური ინტერესების მიხედვით. ასე იქმნება პანევროპული პოლიტიკური ძალები. მაგალითად, ევროპის სახალხო პარტია ან სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი.
ათწლეულების განმავლობაში ევროპის მოსახლეობას დიდად არ აინტერესებდა ბრიუსელის პოლიტიკური ცხოვრება. მათ შორისაა, მაგალითად, პოლონეთის მოქალაქე კატაჟინა ნოვაკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად ბელგიაში. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა კავშირის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
„ისე არ იყო საქმე, რომ დრო არ მქონოდა. ვფიქრობ, უბრალოდ არ ვიყავი დაინტერესებული. მაგრამ ნაცნობს ველაპარაკე, ახლახან დამირეკა და მკითხა, კენჭისყრაში მონაწილეობას ვაპირებდი თუ არა. რა თქმა უნდა, არა-მეთქი. მერე დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ეს მნიშვნელოვანია“, ამბობს კატაჯინა ნოვაკი.
მას პოპულისტების გავლენის ზრდა აწუხებს. სწორედ ევროპელთა დაბალი ინტერესის გამო ხვდებიან ევროპარლამენტში რეგულარულად რადიკალური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები.
მაგალითად, ნაიჯელ ფარაჟი, ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, 20 წელი იმყოფება ევროპარლამენტში. მაშინ, როცა ბრიტანეთის პარლამენტში მისმა პარტიამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადგილის მოპოვება შეძლო ერთი ვადით.
მაგრამ ევროპის ერთიანობის მომხრეთა ხმა იკარგება ევროსკეპტიკოსთა ქოროს ფონზე. საკვანძო მნიშვნელობის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები იქცევა არა იმდენად ბრიუსელში გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლად, რამდენადაც შიდა პოლიტიკურ არენაზე დაპირისპირების ასპარეზად.
საფრანგეთში პრეზიდენტ ფრანსუა მაკრონის პარტიის რეიტინგი პოპულარობით პრაქტიკულად გაუთანაბრდა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენისას. გაურკვეველი ვითარებაა თავად პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქშიც კი.
პოლონეთში ძალები დაყოფილია ლიბერალური ღირებულებების მიხედვით. იტალიაში საკვანძო საკითხად იქცა მიგრაციის პრობლემა. ნიდერლანდელი პოპულისტები ცდილობენ გაიმეორონ ადგილობრივ არჩევნებში წარმატება.
როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, ცენტრისტები ევროკავშირის მთელი ისტორიის მანძილზე პირველად ვერ მოახერხებენ პარლამენტის ნახევრის გაკონტროლებას.
ბრიუსელის პოლიტიკა ერთიანი ევროპის მომხრეთა ხელში დარჩება. მაგრამ ევროსკეპტიკოსთა ტრიუმფმა შესაძლოა ცალკეული ქვეყნების დონეზე თავდაყირა დააყენოს პოლიტიკური ცხოვრება.
ევროპარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ დიდ ბრიტანეთშიც - ქვეყანაში, რომელმაც თითქმის სამი წლის წინათ ჩატარებულ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას. მაგრამ ახლა ვერა და ვერ ახერხებს გასვლას: პარლამენტი არ იღებს პრემიერ-მინისტრის წინადადებებს, ტერეზა მეის მთავრობის წევრები ტოვებენ კაბინეტს.
პოპულისტი ნაიჯელ ფარაჟი დაკვირვებული თვალისთვის ცნობილია ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლისკენ მიმართული კამპანიიდან. ბრექსიტზე რეფერენდუმამდე ის აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა ევროკავშირში დარჩენის წინააღმდეგ, საამისოდ არც „დაუზუსტებელ ცნობებს“ და გადაჭარბებს ერიდებოდა. ბრექსიტის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ ფარაჟმა თქვა, პროპაგანდისთვის გამოყენებულ ყველა მეთოდს არ უნდა ვენდოთო, დატოვა მის მიერ შექმნილი პარტია UKIP-ი და საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. თუმცა არა დიდი ხნით. ევროპულ არჩევნებზე ფარაჟი ახალი პარტიით დაბრუნდა. მას უბრალოდ „ბრექსიტის პარტია“ ეწოდება. და, როგორც გამოკითხვები მეტყველებს, ლიდერობს არჩევნებში, რომლის შედეგადაც ევროპარლამენტში მოხვედრას და შემდეგ მის სწრაფად დატოვებას გეგმავს.
მოულოდნელი კანდიდატები
საფრანგეთის ორმა ტრადიციულმა პოლიტიკურმა ძალამ, რესპუბლიკელებმა და სოციალისტურმა პარტიამ, ძველ ფრანგულ ჩვევას არ უღალატა და საარჩევნო სიების თავში საჯარო ინტელექტუალებს მიუჩინა ადგილი. მემარჯვენე-ცენტრისტების შემთხვევაში ესაა ვერსალის მერი, 33 წლის ფილოსოფოსი ფრანსუა-ქსავიე ბელამი. მართალია, მას არ მოსწონს, როცა კონსერვატორს უწოდებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის გარე საზღვრების უფრო მკაცრ კონტროლს ემხრობა და თავის დროზე ევროკავშირის კონსოლიდირებული კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
წითელ კუთხეში კი იბრძვის ესეისტი და კინემატოგრაფისტი რაფაელ გლუკსმანი, რომლის მამა, ანდრე გლუკსმანი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი ფილოსოფოსი იყო. მამა გლუკსმანმა მარქსისტობით დაიწყო და ბოლოს მემარჯვენეობით დაამთავრა. მისმა ვაჟმა კი, ფაქტობრივად, საპირისპირო გზა გაიარა: მხარს უჭერდა მემარჯვენეებს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მეთაურობით. მეგობრობდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და მოგვიანებით მისი მრჩეველიც გახდა. დაქორწინებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ეკა ზღულაძეზე. მოგვიანებით ის გაემიჯნა სარკოზის, ახლახან გამოქვეყნებულ პოლიტიკურ ესეში კი მწვავედ გააკრიტიკა პოლიტიკური ლიბერალიზმი, რომელსაც, მისი თქმით, დემოკრატიის კრიზისამდე და ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. ევროპარლამენტის არჩევნებში გლუკსმანი ფრანგი სოციალისტების ღირსებას იცავს.
ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე ხმამაღალი გვარ-სახელის მქონე კანდიდატი დიდი ალბათობით იქნება იტალიელი ფაშისტების ყოფილი ლიდერის, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი სახელად კაიო ჯულიო ჩეზარე, ანუ გაიუს იულიუს კეისარი. მუსოლინი უმცროსი არის მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ კანდიდატი. საკუთარი გვარის არ რცხვენია. პირიქით, მასში უპირატესობას ხედავს და ის თავისი საარჩევნო კამპანიის ლოზუნგადაც აქცია - „მისწერე მუსოლინის“. საკუთარ ფაშისტ პაპაზე, გერმანელი ნაცისტების მოკავშირეზე, ლაპარაკობს, როგორც ადამიანზე, რომელსაც „ბევრი აქვს გაკეთებული კარგი საქმეც და შეცდომაც“.
„იტალიაში უამრავი პრობლემაა, ჩვენ კი ძალას იმაზე მსჯელობაში ვხარჯავთ, რა მოხდა 80 წლის წინათ“, ამბობს იტალიელი პოლიტიკოსი.
ჩეზარე-კეისარს თუ კეისრისა მიეცა და არჩევნებში გაიმარჯვა, ის პირველი მუსოლინი არ იქნება ევროპარლამენტში. დიქტატორის შვილიშვილი ალესანდრაც იყო დეპუტატი. ტრადიციულად ისიც მემარჯვენე რადიკალების კანდიდატი გახლდათ.
იტალიელთა სიაში კიდევ ერთი ცნობილი სახელია: სილვიო ბერლუსკონი - მედიის მაგნატი, მილიონერი, მექალთანე, კორუფციული და სექსუალური სკანდალების გმირი. თაღლითობასთან დაკავშირებული განაჩენის გამო ბერლუსკონის 2019 წლამდე არ ჰქონდა საჯარო თანამდებობების დაკავებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ახლა 82 წლის იტალიელი მზადაა, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყანა შეცვალოს, არამედ მთელი ევროპაც.
საინტერესო კანდიდატები ჰყავს გერმანიას. მაგალითად, სატირიკოსი და ჟურნალ Titanic-ის ერთ-ერთი გამომცემელი მარტინ ზონებორნი. რამდენიმე წლის წინ მან დააარსა სახუმარო ორგანიზაცია PARTEI (რაც აბრევიატურაა სრული სახელწოდებისა: „შრომის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ცხოველთა დაცვის, ელიტარულობის ხელშეწყობისა და საბაზისო დემოკრატიული ინიციატივის პარტია“). პარტია ითხოვს გერმანიის კვლავ გაყოფას და ბერლინის კედლის აღდგენას. საქმისთვის „სერიოზულობის“ შესამატებლად გამოიყენება ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა, მაგალითად, „ჰამბურგი ჩრდილოეთში მდებარე ქალაქია“, „განათლება ‘გ’-ზე იწყება“... სახუმარო პარტია სრულიად სერიოზულად მონაწილეობდა არჩევნებში.
ვინაიდან გერმანიაში პატარა პარტიებისთვის არ არსებობს საარჩევნო ბარიერი, 2014 წელს ზონებორნი ევროპარლამენტის დეპუტატი გახდა. მაშინ მან განაცხადა, რომ ახალ სამსახურში მხოლოდ იმისთვის ივლის, რომ კუთვნილი ფული აიღოს და კოლეგებს დააკვირდეს. დღეს ზონებორნი კვლავ პირველი ნომერია თავისი პარტიის სიაში და აცხადებს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარეობას უმიზნებს.
ტელევარსკვლავი ავსტრიელებსაც ჰყავთ კანდიდატთა შორის: კულინარიული პროგრამის წამყვანი სარა ვინერი მწვანეთა პარტიის სიაში მეორე ნომერია.
ასევე მწვანეებს წარმოადგენს, ოღონდ ესტონეთში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰენრიკ ილვესის ცოლი ეველენ ილვესი.
ლატვიაშიც არის კანდიდატი გვარად ილვესი. ისიც ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ეწეოდა ცოლ-ქმრული ცხოვრების ჭაპანს. ოღონდ, ეველენისგან განსხვავებით, იევა ილვესი ექს-პრეზიდენტ ილვესის ექს-ცოლია. ევროპარლამენტში ის კიბერუსაფრთხოების თემის წამოწევას აპირებს.
ლატვიაში მთავარ პრეტენდენტთა შორის არის რიგის ყოფილი მერი ნილ უშაკოვი. არჩევნებში უშაკოვის მონაწილეობა მისი თანაპარტიელებისთვისაც კი დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. უშაკოვის პარტია „თანხმობა“ რამდენიმე კორუფციულ სკანდალში იყო გარეული. თავად უშაკოვთან ჩხრეკა ჩაატარეს - როგორც სახლში, ისე სამსახურში. ბოლოს და ბოლოს მას თანამდებობა დაატოვებინეს.
თავად უშაკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს, სამსახურიდან მოხსნას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს, ევროდეპუტატობა კი, მისი თქმით, იმისთვის უნდა, რომ რიგელების ინტერესები დაიცვას. მაგრამ უშაკოვის ოპონენტების ვარაუდით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი მონაწილეობის მთავარი მიზანია დეპუტატის ხელშეუხებლობის მოპოვება. საინტერესოა, რომ, კორუფციული სკანდალების მიუხედავად, ნილ უშაკოვს მაღალი რეიტინგი აქვს და, პროგნოზების თანახმად, ის ევროპარლამენტის 8 ლატვიელ დეპუტატთაგან ერთ-ერთი იქნება.
დაწერეთ კომენტარი