Accessibility links

site logo site logo

ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 მარტს


ევროპარლამენტარები საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. საკითხი დღის წესრიგში ევროპელმა დეპუტატებმა დააყენეს. საქართველოს შესახებ მომხსენებელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი იქნება.

ევროპარლამენტში პლენარული სესია გუშინ გაიხსნა. მასზე დასასწრებად საქართველოდან დელეგაცია იმყოფება ბრიუსელში.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დიდი ინტერესია.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ფარული ჩანაწერების შემდეგ გაჩენილი წითელი ხაზები მოლაპარაკებებში

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი წითელი ხაზი გაჩნდა. ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებებში მონაწილეობაა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ირაკლი ღარიბაშვილი აღარ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ოპოზიციის სხვა წევრები კი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებს ღარიბაშვილის ფაქტორმა არ უნდა შეუშალოს ხელი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს.

ვისთან ერთად გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი, ამაზე „ქართული ოცნება“ იმსჯელებს. დიალოგში შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა „ოცნების" სხვა წარმომადგენელმაც მიიღოს მონაწილეობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“.

ამ დრომდე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება არ დაწყებული. გუშინ პარტია „ლელომ“ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შსს-მ გამოძიება დაიწყო ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში ჟურნალისტების დაშავების ფაქტზე

ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანება) მუხლით.

გუშინ ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. ისინი დაშავებულებს შორის არიან. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე). „ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას“, - აცხადებს დეკანოზი და განაგრძობს, - „სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავა. იყო ეს ხმამაღალი საუბარი. სამწუხაროა ძალიან, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. იქ არის ძალიან ვიწრო აივანი. ბევრი ხალხი იყო ასული. არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს გამოცხადდება ვერდიქტი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე

8-თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დღეს მცხეთის სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. 19 წლის ფეხბურთელის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, არასრულწლოვნები ზ.ხ და ა.ქ.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი წარედგინა 17 ადამიანს, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო. შემდეგ მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე გამოიყო. ამ საქმეზე ბრალი წარედგინათ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ პირებს, რომელთა განაჩენიც დღეს გახდება ცნობილი.

ნამახვანჰესის საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მართებულობის საკითხზე 9 მარტს მოსმენა საქართველოს პარლამენტში გაიმართება, სადაც გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. სხდომას დაესწრებიან რიონის ხეობის დამცველი აქტივისტებიც, რომელთა თანახმად, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

„კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას, საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რიონის ხეობის მცველების ინფორმაციით კი, სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის 5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირის სამედიცინო უწყების ლიდერი წევრ ქვეყნებს აფრთხილებს რუსული ვაქცინის ნაადრევი დამტკიცების გამო

ევროკავშირის სამკურნალო საშუალებათა სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა გააფრთხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ თავი შეიკავონ რუსეთის მიერ შემუშავებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო Sputnik V-ისათვის ნაციონალური ნებართვის გაცემისგან მანამ, სანამ სააგენტოს არ დაუსრულებია პრეპარატის უსაფრთხოების შეფასება.

„მონაცემები მოგვდის რუსი მწარმოებლებისგან და, რა თქმა უნდა, მოხდება მათი შესწავლა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. როდესაც ყველაფერი იქნება დადასტურებული, მაშინ პრეპარატი დაშვებული გახდება ევროკავშირში“, - განცხადა EMA-ს მართვის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტა ვირტჰამერ-გოშმა.

სამკურნალო საშუალებათა ევროპულმა მარეგულირებელმა უწყებამ 4 მარტს განაცხადა, რომ დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის შესწავლა.

წაიკითხე მეტი.

პირველი ქართველი ქალი ხაზის იარაღით და კარაკინით

მფრინავი, ფიზიკოსი, მეტალურგი, კოსმონავტი, ჯარისკაცი, შემდუღებელი, მოგზაური... - არ არსებობს პროფესია, რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწიეს ქალებმა, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ხელობის, პროფესიის სათავეებთან მდგომი ქალები. XVIII-XIX საუკუნეებში მცხოვრები მაია (მარიამ) ჩიქოვანი პირველი ქართველი კარტოგრაფი ქალია, რომელიც ისევე მარჯვედ ხმარობდა „ხაზის იარაღსა“ და „კარაკინს“ (სახაზავსა და ფარგალს), როგორც მისი თანამედროვე ქალები საქსოვ ჩხირებსა და ქარგას.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილებაში (სანკტ-პეტერბურგი) დაცულია ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს გეოგრაფიული ატლასის 22 რუკის პირი. ერთ-ერთ რუკას (N19) გადამხაზველის ხელით მიწერილი აქვს: „უმაღლესი ანა დედოფლის ბრძანებით გადავწერე ეს ქარტინები, რომელიც 21 ბოლოს ქარტინაში იხილეთ... 21 ქარტინა ქართლის ცხოვრებისა. დედანისგან მე თ. ჩ.-ს პეტრეს ასულმან მაიამ გადავწერე. ვითხოვ წყალობასა, თუ ნაკლული ანუ შეცდომაა, ნუ გაუწყევთ“.

რას ნიშნავს „მე-თ.ჩ.-ს“, ვინ არის ანა დედოფალი? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი გასულ წელს, სექტემბერში დაუდასტურდა. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიიდან გვიამბობს, როგორ გაუმკლავდა ავადმყოფობას და როგორ ემზადება მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG