Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო: ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს COVID-19-ზე ინფორმაციის უმცირესობათა ენებზე მისაწვდომობა


ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტი (ECRML) აცხადებს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და აგრეთვე ონლაინსწავლება უნდა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ რეგიონულ და უმცირესობათა ენებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის აღნიშნული ქარტიის წევრი, კომიტეტი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ქარტიის, არამედ „ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის მისაწვდომობა თავიანთი მოქალაქეებისთვის ყველა ენაზე, რომელზეც ამ ქვეყნებში მოსახლეობა ლაპარაკობს“.

ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტის განცხადებით, „ქვეყნები სისტემატურად არ ავრცელებენ ინფორმაციას, ინსტრუქციებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს სხვა ენებზე, გარდა სახელმწიფო ენისა. ეს ეხება ტრადიციულ რეგიონულ და უმცირესობათა ენებს, რომლებზეც ლაპარაკობს მოსახლეობა ცალკეულ ქვეყანაში. ამ ენებზე შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მათზე მოლაპარაკე ადამიანების კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები შეახსენებენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს, რომ „ეროვნული უმცირესობები არიან მათი საზოგადოებების განუყოფელი ნაწილი და იმისათვის, რომ გატარებულმა ზომებმა მოიტანოს სრულფასოვანი შედეგი, ეს ზომები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს მთელი მოსახლეობისთვის“.

ამასთან, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს ზოგიერთ ქვეყანაში შემოიღეს ონლაინ და სატელევიზიო სწავლება: „თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში სწავლება მხოლოდ ოფიციალურ ენებზეა და არ პასუხობს იმ მოსწავლეების საჭიროებებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, განათლებას იღებენ რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე. ეს მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ქარტიის პრინციპების საწინააღმდეგოდ, არამედ დისკრიმინაციულადაც“.

ამ გზავნილით ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტს სურს, რომ სახელმწიფოებმა, მიმდინარე კრიზისთან გამკლავების პოლიტიკასა და მითითებებზე მუშაობისას, მხედველობაში მიიღონ უმცირესობათა ენებთან დაკავშირებული საკითხები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG