Accessibility links

logo-print logo-print

ეთნიკური უმცირესობები და დეზინფორმაცია: ჰიბრიდული საფრთხე და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა


ავტორი: ნინო ჩანადირი

ჰიბრიდული საფრთხეების მზარდი მნიშვნელობის ფონზე, რუსეთის სამეზობლო სივრცეში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ეთნიკური უმცირესობების დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის თემა. რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული მექანიზმის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერგება ადგილობრივ შიდასახელმწიფოებრივ კონტექსტს და ცდილობს სენსიტიური თემების გამოყენებით მოახდინოს საზოგადოებრივი ჯგუფების პოლარიზება, რაც საბოლოო ჯამში ზრდის შიდასახელმწიფოებრივი უთანხმოების და დაპირისპირების საფრთხეს. არაერთ სახელმწიფოში დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი ხშირად იყენებს ეთნიკურ უმცირესობებს სამიზნე სახელმწიფოს დასაზიანებლად. ბუნებრივია, ეს საკითხი აქტუალურია საქართველოშიც, სადაც კვლევები აჩვენებს, რომ ინფორმირებულობა ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საკითხების შესახებ, როგორიც ქვეყნის საგერეო კურსია, ნაკლებია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ მაგალითად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმი უფრო მაღალია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ვიდრე ეთნიკური ქართველებით დასახლებულში. მიუხედავად ზოგადი დადებითი დამოკიდებულებებისა ევროკავშირის მიმართ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე სკეპტიკური ან გაურკვეველი პოზიცია ბევრად უფრო დიდია ეთნიკურ უმცირესობებში, ვიდრე ეთნიკურ ქართველებში. ევროპის ფონდის 2019 წლის კვლევის მიხედვით, 2013-დან 2019 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა ეთნიკურ უმცირესობებში. რიცხვი შემცირებულია ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაშიც, თუმცა რაოდენობრივად მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ეთნიკურ უმცირესობებში საკითხის მიმართ დადებითად განწყობილი მოქალაქეების რიცხვს.[1]

ასევე, კვლევის მიხედვით მათთვის ნაკლებადაა ცნობილი იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან დაახლოებით იღებს. მაგალითად, 2017 წლის შემდეგ, არ შეცვლილა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც ინფორმაცია არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსლის შესაძლებლობის შესახებ.

ინფორმირებულობის ხარისხი განსხვავებულია ახალგაზრდა და შედარებით უფროს თაობას შორის, რომელსაც ქართული ენის არ ცოდნის გამო, კიდევ უფრო ნაკლები წვდომა აქვს ინფორმაციაზე და შესაძლებელია მთლიანად დამოკიდებული იყოს ეთნიკურად ახლობელი სახელმწიფოს ან რუსულ საინფორმაციო საშუალებებზე, რომლებიც საკმაოდ მძლავრია. განსხვავებაა ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხს შორის. თუ ქალაქად მცხოვრებ მოსახლეობას ევროინტეგრაციის შესახებ გარკვეულ დონეზე ინფორმაცია აქვს, სოფლად ეს უკიდურესად მცირეა. ეს დასტურდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის 2020 წლის კვლევით, სადაც დისკუსიების მონაწილენი ახალციხიდან და დმანისიდან საუბრობდნენ ინფორმაციის სიმწირის პრობლემაზე.[2]

საკითხის განხილვისას, საჭიროა აღინიშნოს ეთნიკური უმცირესობების აღქმები იმასთან დაკავშირებით თუ ვისთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა. 2019 წლისთვის, ეთნიკური უმცირესობებიდან 57% თვლიდა რომ ასეთი საგარეო აქტორი რუსეთი უნდა ყოფილიყო.

რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს აღნიშნული რეალობა? ის გარემოება, რომ რუსეთის მხრიდან აქტიურად მუშაობს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მექანიზმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ჰიბრიდულ საფრთხეებს შორის, საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებსაც ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. ისინი ნაყოფიერ გარემოდ შეიძლება იქცნენ რუსული ნარატივების გავრცელებისათვის, რომელიც საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში სწორედ დასავლური სივრცის დისკრედიტაციას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსული ნარატივი დასავლეთის მხრიდან „მორალური დეგრადაციის“ შესახებ, საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, რომელთათვისაც ჯერ კიდევ არსებობს რუსულის, როგორც ლინგუა ფრანკას გამოყენების ტენდენცია, აქტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული ენობრივი ბარიერი, რომელიც ჯგუფებს უზღუდავს წვდომას ქართულ და ინგლისურენოვან ინფორმაციაზე და მიჯაჭვულს ხდის ინფორმაციის რუსულ წყაროებზე, რომელიც კრემლის კონტროლქვეშ პროპაგანდის მანქანად იქცევა.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოების ერთსულოვანი პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდისაგან თავის დაცვისთვის საჭიროა მექანიზმების აქტიური ძიება. ასეთი ერთ-ერთი ბერკეტი შეიძლება იყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხის გააქტიურება. კარგი კომუნიკაცია საკუთარ საზოგადოებასთან ერთდროულად კარგი მმართველობის ფუნქციაცაა და მაჩვენებელიც. ევროინტეგრაციის მნიშვნელობის მიწოდება ქვეყნის მოსახლეობისთვის, საქართველოსთვის შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სტრატეგიული საკითხი. ასევე, სანდო ინფორმაციის ხელისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისთვის, განსაკუთრებით კი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე. მრავალფეროვანი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, ენობრივი ბარიერების გათვალისწინებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს სტრატეგიული საკომუნიკაციო შეტყობინების გავლენის ზრდას და დეზინფორმაციის მინიმალიზებას.

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას. მისი მიზნებიდან ერთ-ერთი სწორედ მთავრობის წახალისებაა - მოახდინოს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების გათვალისწინება ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით მათსავე ენაზე. თუმცა, ამ მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. სტრატეგიული კომუნიკაციის სწორად წარმართვას ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად შეუძლია ხელი შეუწყოს უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რისი სურვილიც ჯგუფებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ცალსახად არსებობს. ეს გააძლიერებს ქვეყნის სოციეტალური უსაფრთხოების ნაწილს, რაც სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

[1] იხ. ვრცლად ბმულზე: http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/09/2019-EU-Attitudes-Survey-IV.pdf

[2] იხ. ვრცლად: Nino Samkharadze, "Ethnic Minorities in the Context of Georgia’s European Integration: Is There a Room for Skepticism?", Policy Brief #30, Georgian Institute of Politics, July 2020.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG