Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პრეზიდენტს ჰქონდა ყველა პირობა და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ვეტო დაედო ამ კანონისთვის"


2 მაისს, დილით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს. ერთი მხრივ, პარლამენტმაც დაუყოვნებლივ გადასცა მას 1 მაისს მიღებული კანონი და თავის მხრივ, პრეზიდენტმაც არ გამოიყენა კონსტიტუციით განსაზღვრული ორკვირიანი ვადა, როცა მას შეუძლია ხელი მოაწეროს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს. 2 მაისს, შუადღისას პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოწოდებით წერილობით მიმართა დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრეზიდენტს ცვლილებების შესახებ კანონისთვის ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იურისტი, ეკატერინე ციმაკურიძე, რომელიც წლებია მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ პრეზიდენტს ვეტო უნდა გამოეყენებინა: „პრეზიდენტს ჰქონდა ყველა პირობა და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ვეტო დაედო ამ კანონისთვის. შეიძლება, დაძლეული ყოფილიყო ეს ვეტო, თუმცა, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ნამდვილად იყო ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელი. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი პარლამენტის წევრი გამოთქვამს ღიად ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, უფლებამოსილება და მოლოდინი საზოგადოების მხრიდან, რომ ის ამას გააკეთებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ისე დასრულდა, როგორც დასრულდა. როგორც ჩანს, ბევრი არც უფიქრია“. ეკატერინე ციმაკურიძისთვის ვეტოს, მიუხედავად მისი დაძლევა-არდაძლევის პერსპექტივისა, ექნებოდა პოლიტიკური გზავნილის მნიშვნელობა და იქნებოდა სერიოზული განაცხადი პრეზიდენტის მხრიდან. „რეალობა შეიქმნა ისეთი, რომ, როგორც ვენეციის კომისია ამბობს, ყველაზე მთავარი და ძირითადი საკითხები არ არის გათვალისწინებული“, - ამბობს იურისტი. მიღებული ცვლილებების მიხედვით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ იმ კანდიდატებს, რომლებსაც არ აქვთ მოსამართლეობის გამოცდილება და ეს აფართოებს იმ პირთა წრეს, ვისაც კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია. თუმცა, არსებულ რეალობაში, ეკატერინე ციმაკურიძის აზრით, მონაწილეობის მიღებას ბევრი მოერიდება: „თუ ადამიანი ხედავს, რომ ყველაფერი ამ კონკურსში დამოკიდებულია - საბჭოს ცალკეულ წევრებს სუბიექტურად მოეწონებათ, თუ არა ეს ადამიანი; აგრეთვე ცნობილია, რომ ის ვერ გაასაჩივრებს, თუკი ჩათვლის, რომ მის მიმართ გადაწყვეტილება უსამართლოა და კიდევ ბევრი სხვა გარემოების გამო, უბრალოდ არ მიიღებს ასეთ პროცესში რეალურად პროფესიონალი და კარგი რეპუტაციის მქონე იურისტი მონაწილეობას. ეს არ დააზღვია ამ პროცედურებმა. ანუ, ის, რაც ყველაზე მთავარი იყო და რამაც უნდა უზრუნველყოს, რომ სუბიექტური მიდგომები იქნებოდა გამორიცხული ამ პროცესში, არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა დიდი პროცესი, წერეს, იკითხეს ადამიანებმა, გამოთქვეს მოსაზრებები და რაღაც პროცედურა გაიწერა, შედეგს ეს არ ცვლის, სამწუხაროდ“. „დილის საუბრების“ სტუმარი ხაზს უსვამს ვენეციის კომისიის დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც ავტორები ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ ციკლში სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ყველა ვაკანსია. რეალურად დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ადგილების უმრავლესობაა შესავსები. ეს რეკომენდაცია პრაქტიკას ეხება და არა კანონმდებლობას. „მკაფიოდ არის გამახვილებული ყურადღება - როგორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს, როცა ფაქტობრივად ხდება ახალი სასამართლოს ჩამოყალიბება. უბრალოდ არ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ ერთი პოლიტიკური ციკლის ფარგლებში მთელი შემადგენლობა დანიშნოს“. ეკატერინე ციმაკურიძე კანონის მიღების შემდგომ ეტაპზე უმნიშვენლოვანესად თვლის საზოგადოების სიფხიზლესა და აქტიურობას პრაქტიკული პროცესის მიმართ. ის არ ელოდება დათმობებს, თუმცა, საზოგადოების აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლებად თვლის პრაქტიკით გასწორდეს ნაწილობრივ ის, რაც საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ იქნა მიღწეული: „ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ ის ეტაპები, როცა მოჩვენებით დემოკრატიას ვთამაშობთ. უკვე არავინ ტყუვდება იმით, რომ ჩაგვიწერენ ბევრ პროცედურას, ამით დავიბნევით. არ არის ასე საქმე და ვენეციის კომისიის დაკსვნა პირდაპირ ამის ნიშანია. არასდროს ვენეციის კომისიის დასკვნაში ასეთი რამე არ ყოფილა, რომ ეთქვათ - პროდეცუდები გაწერილი გაქვთ, დეტალურია, რთულია, მაგრამ შედეგს არ იძლევა“.

XS
SM
MD
LG