Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოომბუდსმენი: „საჭიროა ბუნებრივი აირის შიდაქსელის მოწყობის რეგულაცია!“


სალომე ვარდიაშვილი
სალომე ვარდიაშვილი
  • სისტემურია თუ არა ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები?
  • რამდენად უსაფრთხოა გაზგაყვანილობის ქსელი როგორც ახალაშენებულ, ასევე ექსპლუატაციის ვადაგასულ შენობებში?
  • ეფექტიანად წარმოებს თუ არა გამოძიება ბუნებრივი აირის აფეთქების შემთხვევების დროს?
  • რა შეუძლია გააკეთოს მოქალაქემ იმისთვის, რომ საღამოს შინ მისული არც თვითონ აღმოჩნდეს სასიკვდილო საფრთხის წინაშე და არც მისი ოჯახის წევრები?

რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ბიზნესომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრისას.

სალომე ვარდიაშვილი: ვიკვლევთ და ვსვამთ რამდენიმე მთავარ კითხვას: პირველ რიგში, ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ „ყაზტრანსგაზისგან“ და ველოდებით შესაბამის დოკუმენტურ მასალას, თუ რამდენად სწორად იყო მიერთებული ეს კორპუსი ბუნებრივი აირის ქსელზე, დაცული იყო თუ არა ყველა ის ნორმა, რომელსაც დღეისათვის გვიწესებს კანონმდებლობა და ტექნიკური რეგლამენტი. ასევე, სწორად შეაერთა თუ არა თვითონ „ყაზტრანსგაზმა“, როცა იბარებდა. ყველა დოკუმენტი ჰქონდა თუ არა წესრიგში კორპუსს და მთავარი შეკითხვა: რატომ ვერ მიხვდა კომპანიის თანამშრომელი, რომ აფეთქების საფრთხე შეიძლებოდა ყოფილიყო შიდაქსელებსა და საცხოვრებელ ბინებში. ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ გავაკეთებთ პირველად დასკვნას. დღეისათვის ყველა განცხადება იქნება ვარაუდის დონეზე.

რადიო თავისუფლება: ეს არ არის ბუნებრივი არის აფეთქების პირველი შემთხვევა. ორი თვის წინ ფონიჭალაშიც იგივე მოხდა და მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები. შეგვიძლია თუ არა ვილაპარაკოთ სისტემურ პრობლემაზე, რომ ბუნებრივი აირის განაწილება და ექსპლუატაცია დაკავშირებულია სისტემურ ხარვეზებთან და რომ დიღომში მომხდარი აფეთქება არ იყო ცალკეული, გამონაკლისი შემთხვევა?

სალომე ვარდიაშვილი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შემთხვევები ყოველდღე და ყველა კორპუსთან არ ხდება და ამიტომ ამას არ შეიძლება საშიში ეწოდოს, მაგრამ სისტემური, კომპლექსურად მოსაგვარებელი შეიძლება იყოს რეგულაცია ბუნებრივი აირის შიდაქსელის მოწყობასთან მიმართებით. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, გვაქვს რეგულირებადი ნაწილი, რაც გულისხმობს გაზის გარექსელის აშენებას და საცხოვრებელ კორპუსებამდე მიყვანას, რომელსაც ასრულებს ლიცენზირებული კომპანია და რაც მთლიანად რეგულირებულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დადგენილებებით. ასევე არსებობს დერეგულირებული ნაწილი - შიდაქსელის მოწყობა, რაც არ არის კომპანიის კომპეტენციის ნაწილი. ამის გამო თავისუფლება ეძლევა იმავე მშენებელს, მომხმარებელს მოაწყოს შიდაქსელი თავის საცხოვრებელ სახლში იმ ადამიანების დახმარებით, ვისაც თვითონ შეარჩევს ეკონომიკური თუ სხვა სახის პირიორიტების მიხედვით, მაგრამ ამის შემდეგ უნდა არსებობდეს კვალიფიციური პირის დასკვნა, რომ ქსელი კარგად არის მოწყობილი და მზად არის ჩასაბარებლად, მაგრამ ეს კვალიფიციური პირიც არ არის სერტიფიცირებული, არც შესაბამისი ლიცენზიის მქონე და ამ შიდაქსელს აკეთებენ იმ პირების დახმარებით, რომლებმაც ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაოც შეიძლება შეასრულონ. ცხადია, გაზის ქსელის მოწყობა არ შეიძლება მივანდოთ შემთხვევით ადამიანებს - ეს გარემოება ყოველთვის მეჩვენებოდა საშიშად. უმჯობესია ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ლიცენზია, სერტიფიკატი, და რომლებშიც იმუშავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები და შიდაქსელის გაკეთება აღარ იქნება ასეთი საშიში და შიდაქსელები აღარ იქნება უბედურების წყარო.

რადიო თავისუფლება: გვაქვს, ერთი მხრივ, ძველი, ექსპლუატაციის ვადაგასული შენობები, სადაც ბუნებრივი აირის ქსელი შეიძლება ამორტიზებული იყოს და გვაქვს ახალი შენობები, რომელთა ქსელი შეიძლება უხარისხოდ იყოს მოწყობილი და არ ექვემდებარებოდეს ექსპლუატაციაში მიღებას. კონტროლის რა მექანიზმი არსებობს ქსელში ხარვეზების გამოსავლენად? რამდენად ვართ დაზღვეული იმისგან, რომ თვითონ ქსელში არ არის ჩადებული სასიკვდილო საფრთხე?

სალომე ვარდიაშვილი: ცხადია, ასეთი კორპუსების (რომლებიც 50 წელია დგას) ქსელის გამო კომპანიას ვერ მოვთხოვთ პასუხს იმაზე, თუ როდის, როგორ და რატომ მიიღეს ექსპლუატაციაში და ა.შ. აქ საჭიროა თვითონ მომხმარებლების დიდი სიფრთხილე: არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ თვითშემოქმედებას ბუნებრივი აირის დანადგარების დამონტაჟებისას. ყოველ ჯერზე უნდა მიიყვანონ სპეციალისტები და შეამოწმებინონ. მეტიც, „ყაზტრანსგაზს“ აქვს ერთი ასეთი კარგი სერვისი: ნებისმიერ გამოძახებაზე უფასოდ ამოწმებს შიდაქსელსაც. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ კომპანიამ უნდა ჩამოიაროს და მთლიანად კორპუსის ქსელის გამართულობა უნდა შეამოწმოს - ეს არის მისი მოვალეობა. არ აქვს მნიშვნელობა, კორპუსი ახალია თუ ძველი. შესაბამისად, დღეისათვის მხოლოდ კონტროლის ეს მექანიზმები გვაქვს, მაგრამ წელიწადში ერთხელ შემოწმება საკმარისი არ არის, რაზეც ჩვენც მივუთითებდით კიდეც და რის გამოც კომპანიამ დაამატა გამოძახების შემთხვევაში უფასო შემოწმების სერვისი. თუმცა, მთლიანობაში, განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენ, მომხმარებლები. ბუნებრივი აირი ზამთარში, როცა მოხმარება პიკს აღწევს, ძალიან საშიშია.

რადიო თავისუფლება: რამდენად სანდოა უბედური შემთხვევებისგან თავის დაცვა ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორების დახმარებით? ბევრი ამ მოწყობილობების იმედად არის...

სალომე ვარდიაშვილი: ამის თაობაზე ბევრი მოქალაქის ჩივილი მაქვს მოსმენილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს მოწყობილობები არ არის ბოლომდე დახვეწილი და გამართული, რადგანაც რეაგირებენ, მაგალითად, წყლის ორთქლზე, რომელიც შეიძლება ჩაიდნიდან ამოდიოდეს. ასევე რეაგირებენ ხმაურზე, სხვა სუნებზეც და ა.შ. ასე რომ, მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენად საიმედოა ეს დეტექტორები. საჭიროა სპეციალისტების დასკვნა ყველა ცალკეულ მოწყობილობაზე. რაც შეეხება შემოწმებისთვის განკუთვნილ აპარატებს, „ყაზტრანსგაზში“ გვითხრეს, რომ აქვთ გაჟონვის აღმომჩენი ასეთი აპარატები - როგორც ლაზერული, ასევე ელექტრონული მოწყობილობებით.

რადიო თავისუფლება: რამდენად ეფექტიანია უბედურ შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმი? ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე ცხელ კვალზე იწყება გამოძიება, მუშაობენ კრიმინალისტები და ა. შ., მაგრამ არაფერი ვიცით დასრულებული გამოძიების შესახებ. მაგალითად, ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შესაბამისად, არ ვიცით, რა და რატომ მოხდა, რას შეეწირნენ ადამიანები. ამის ცოდნა საჭიროა, თუნდაც პრევენციის უკეთესი მექანიზმის შესამუშავებლად...

სალომე ვარდიაშვილი: ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

სალომე ვარდიაშვილი: ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. შს სამინისტროს თანამშრომლები ცდილობენ, რომ დაადგინონ მომხდარის ყველა დეტალი. რაც მახსენდება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომხდარი ინციდენტებიდან, თითქმის ყველას ადგილი ჰქონდა შიდა ქსელებზე. მეტიც, ამ დროს, როგორც წესი, ბინები იყო დაკეტილი და ცარიელი, რის გამოც გროვდებოდა ბუნებრივი აირი, აფეთქებას კი იწვევდა ბინაში შესვლის დროს ნათურის ანთება, სიგარეტის მოკიდება და ა.შ. შემთხვევების 95 % არის შიდაქსელზე მომხდარი აფეთქებები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის სიფხიზლე, წესების დაცვა და რეგულაციების გამკაცრება.

რადიო თავისუფლება: რას ურჩევდით მომხმარებელს იმისთვის, რომ საღამოს შინ მისული არც თვითონ აღმოჩნდეს სასიკვდილო საფრთხის წინაშე და არც მისი ოჯახის წევრები - რა არის მასზე დამოკიდებული, რის გაკეთება შეუძლია?

სალომე ვარდიაშვილი: აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს ოთახები, განსაკუთრებით ზამთარში, რადგანაც ზამთარში ხშირად არ ვაღებთ ფანჯრებს. ეჭვის ყველა შემთხვევაში, როცა ვფიქრობთ, რომ ჟონავს გაზი ან ვგრძნობთ სუნს, უნდა დავურეკოთ კომპანიას იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ სადარბაზოს შემოწმებით. აუცილებელია ყველა მოსახლემ გააღოს კარი და მოითხოვოს მათი შიდაქსელის შემოწმება. ზამთრის სეზონზე ყველას გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. როგორც წესი, საავარიო სამსახურში დარეკვის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები არ აგვიანებენ ხოლმე მისვლას, თუმცა დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, რომლებზეც ველოდებით პასუხებს. თუკი გაზგამანაწილებელი კომპანია არ რეაგირებს ჯეროვნად მოსახლეობის შეტყობინებაზე, ან მისი შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებთ, მაშინ მათ შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ, ენერგოომბუდსმენის აპარატს, და ჩვენ შესაბამისი რეკომენდაციით მივმართავთ ყველა ჯერზე კომპანიას და მოვითხოვთ მისთვის დაკისრებული ვალდებელებებისა და მოვალეობების შესრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG