Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენმ" პარლამენტში შედის - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 მაისს


აშშ და ევროკავშირი: ენმ-ის პარლამენტში შესვლა კარგია, შეთანხმებისთვის ხელის არმოწერა - სამწუხარო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ 30 მაისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „პოზიტიურ ნაბიჯადაა“ მოხსენიებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ. „თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, პარტიის ყრილობაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუერთდებიან საპარლამენტო საქმიანობას, თუმცა პარტია ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის შეთანხმებას. ამის მიზეზად ამნისტიის შესახებ კანონი სახელდება, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებს შეეხება.

პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე პატივისცემა დაუდასტურა დასავლელ პარტნიორებს და განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან მიმართებით თავიდან ბოლომდე ჩაერთვებიან საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და იბრძოლებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

წაიკითხე მეტი.

რიონის ხეობის მცველები ისევ ბარიკადების პირისპირ რჩებიან

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება კვირას, საღამოს კიდევ ერთხელ დაიძაბა. მიზეზი ის ბარიკადებია, რომლებიც „რიონის ხეობის მცველებს“ გუმათში თბილისიდან დაბრუნების შემდეგ დახვდათ და ამ დრომდე იქ რჩება.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას „ადეკვატურობისკენ“ მოუწოდა.

„ჩვენი მოთხოვნებით, პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება. ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს ურტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს. ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“, - თქვა გოლეთიანმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზმა", რომელიც მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აწარმოებს, მოუწოდა აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა არ მოხდეს ესკალაცია და დაპირისპირება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მოშიმშილეები შუქრუთიდან თბილისში ჩავიდნენ და დახმარებას აშშ-ის ელჩს სთხოვენ

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც სოფელში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ, 30 მაისს თბილისში ჩავიდნენ და აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბნენ. რამდენიმე მათგანი შიმშილობს და ზოგიერთს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

შეკრებილები აცხადებენ, რომ სურთ, ხმა მიაწვდინონ საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს. მათ აშშ-ის საელჩოს შენობის ეზოში კარვის გაშლა სცადეს, თუმცა ამის უფლება ვერ მიიღეს.

ბელარუსში დამოუკიდებელი პორტალის მთავარი რედაქტორი დააკავეს

ბელარუსის ქალაქ ჰროდნოში პოპულარულ პორტალ Hrodna.life-ის მთავარი რედაქტორი, ალიაქსაი შოთა დააკავეს. სააგენტო „ბელსატის“ ცნობით, დაკავება მისი ოჯახის წევრების თვალწინ, სამართალდამცველთა მხრიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა.

მოგვიანებით ჰროდნოს პოლიციამ განაცხადა, რომ ალიაქსაი შოთას დაკავება მათ მიერ მას შემდეგ მოხდა, რაც „ინტერნეტის მონიტორინგის შედეგად Hrodna life-ის საიტზე ექსტრემისტულად მიჩნეული საინფორმაციო პროდუქტის განთავსების ფაქტი გამოვლინდა.“

პორტალის ადვოკატმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრა, რომ ალიაქსაი შოთა შესაძლოა დააკავონ 72 საათის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს აღკვეთის საკითხს.

წაიკითხე მეტი.

მეუღლის გვერდით მთაწმინდაზე - რვა ქალის ამბავი

სულ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში მეუღლესთან ერთად დაკრძალეს. რადიო თავისუფლება რვა გამონაკლისის, რვა ქალის შესახებ ჰყვება.

26 მაისს მთაწმინდაზე ერთი კუბოთი ორი ადამიანი დაკრძალეს - გიორგი კვინიტაძე და მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი. როგორც ამიხსნეს, გადმოსვენებისას მათი ძვლების განცალკევება ვერც შეძლეს“, - ამბობს პანთეონის დირექტორი მარინა დავითაშვილი.

1921 წელს გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში მარიამ მაყაშვილთან ერთად წავიდა, მათთან ერთად იყო მათი სამი გოგონა (ივდითი, თამარი და ნინო) და ძიძა, ბაბალე მრელაშვილი.

„1921 წელს რუსების თავდასხმას რომ ელოდებოდნენ, თავდაცვის ფონდი შეიქმნა და ხალხი ძვირფასეულობას სწირავდა. მარიამ მაყაშვილმა მაშინ ვერცხლის კოვზები და კიდევ სხვა ვერცხლის ნივთები შესწირა.

ემიგრაციაში კვინიტაძეს ოჯახი რომ ერჩინა, ერთი პერიოდი გრამფირფიტების ქარხანაში მუშად მუშაობდა. მერე ბაბალეს გაკეთებული მაწონი ფრანგ ექიმს მიართვეს. მას იმდენად მოეწონა, რომ მაწვნის კეთება და გაყიდვა დაიწყეს. ამით ოჯახმა ცოტა სული მოითქვა. თვითონვე წერს მოგონებებში, გენერალი კაცი მემაწვნე გავხდიო“, - ჰყვება ისტორიკოსი მამუკა წურწუმია.

ოლღა, ნინო, მარიკა... ვინ არიან ქალები მთაწმინდის პანთეონიდან, რომელთა საფლავის ქვებს მიღმა ქმრებთან ერთად განვლილი რთული და ქარტეხილებით სავსე ცხოვრებაა.

ვრცლად წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

ვინ და რატომ ებრძოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებულ თვითმმართველობის რეფორმას? "თავისუფლების მონიტორთან" რეფორმის ავტორები ალაპარაკდნენ - საბჭოური სისტემა ევროპული გზის ნაცვლად! "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG