Accessibility links

site logo site logo

ერთდროულად ორი კოვიდპასპორტის პერსპექტივა - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ნოემბერს


Georgia -- Green passport of COVID vaccinated people

„მარადმწვანე სტატუსი“ - მინისტრის ოხუნჯობა და სახიფათო გადაწყვეტილება

ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრისგან ჟურნალისტებმა გუშინ ხუმრობანარევი კომენტარი მიიღეს. საქმე ეხებოდა ე.წ. მწვანე პასპორტებს, რომელიც 1 დეკემბრიდან რიგ დაწესებულებაში საშვი იქნება (კოვიდგადატანილებისთვის, აცრილებისთვის ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის პასუხის მქონე პირებისთვის).

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ქვეყანამ ორი ასეთი პასპორტი შემოიღოს. ამ თემაზე დასმულ კითხვას კი ჯანდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა: „ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი „მწვანე პასპორტით“, „უვადო პასპორტით“ და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არა მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს“.

რეალურად, ქვეყანას ორი კოვიდპასპორტის საჭიროება მას მერე დაუდგა, რაც აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ ქართული მწვანე პასპორტი წითლდება, თუკი პირს კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ აქვს გადატანილი და მას მერე არ აცრილა. მეორე კოვიდპასპორტი კი მოქალაქემ უნდა აჩვენოს იმის დასამტკიცებლად, რომ ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო კოვიდინფიცირებული.

გარდა იმისა, რომ ვირუსისგან ერთი წლის წინ გამოჯანმრთელებულ პირს შესაძლოა საზღვარგარეთ შეექმნას პრობლემები, ამ კატეგორიაზე მწვანე სტატუსის გავრცელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხითაც არ არის გამართლებული. ამ ვარაუდს კი პანდემიის ორწლიანი გამოცდილება და კვლევები უმაგრებს ზურგს.

რა საფრთხეებს შეიცავს „მარადმწვანე სტატუსი“? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ნებისმიერი ტელევიზიისთვის ეს იქნება დარტყმა - რა „პრობლემას აგვარებს“ ღარიბაშვილი აზარტული თამაშების ბიზნესის შევიწროებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას აზარტული თამაშების ჯერ შევიწროებას, შემდეგ კი საერთოდ აკრძალვას ჰპირდება. ეს განცხადება საფრთხედ აღიქვა არა მხოლოდ თავად სათამაშო ბიზნესმა, არამედ მედიამაც. ტელევიზიების მენეჯერები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო დამკვეთია.

„გადაცემები, რომელსაც სპონსორად მსგავსი კომპანიები ჰყავს, ვერ იარსებებს, მათი თანხებით ვინახავთ. ნებისმიერი ტელევიზიისთვის, მათ შორის სამთავრობო არხებისთვისაც, ეს იქნება დარტყმა“, - ამბობს თეა გვარამია, „მთავარი არხის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი.

„ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აზარტული ბიზნესი რეკლამისა თუ სასპონსორო პაკეტების შესყიდვით ტელევიზიების კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავს, 2020 წელს ეს „მთავარი არხისთვის“ 2 მილიონ ლარზე მეტია, „ფორმულასთვის“ კი ნახევარ მილიონს აღემატება.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ონლაინკაზინოებსა და სათამაშო ბიზნესს ჯერ რეკლამა აეკრძალებათ, შემდეგ კი გაჩერება მოუწევთ.

რა „პრობლემას აგვარებს“ ღარიბაშვილი აზარტული თამაშების ბიზნესის შევიწროებით? წაიკითხე გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

სააკაშვილის ახალი ულტიმატუმი: სააკაშვილი შეწყვეტს მკურნალობას, თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ მასთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ ულტიმატუმს აყენებს, ის შეწყვეტს მკურნალობას, თუ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, დღის ბოლოს კი ექსპრეზიდენტის პოზიცია მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც გადასცა ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე დღეა შესვლას ცდილობს პარლამენტის დეპუტატი აკო მინაშვილი, თუმცა ვერ ახერხებს. სანამ ექსპრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებებში იყო, მასთან დეპუტატების შესვლაზე საშვს პარლამენტის თავმჯდომარე გასცემდა. როგორც გაირკვა, ახლა, როცა სააკაშვილი სამკურნალოდ გორში თავდაცვის სამინისტროს კლინიკაშია გადაყვანილი, დეპუტატებს მასთან შეხვედრის პრობლემა ექმნებათ.

რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში საკითხის მოკვლევას დაჰპირდნენ, იუსტიციის სამინისტროში კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნახულობს უამრავი ექიმი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც სურს ლაპარაკი, ის პრაქტიკულად, ვერ ხედავს.

წაიკითხე მეტი.

ხმაურის შემდეგ დღეს ბათუმის საკრებულოში სხდომაა ჩანიშნული

ბათუმის წინა მოწვევის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას შეეცდება. სწორედ ეს ფაქტი გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი საკრებულოში 25 ნოემბერს. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციონერები ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან. საკრებულოში მობილიზებული იყო პოლიცია.

2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით შეცვლილია. ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატია და ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს დროში მოასწროს ახალი ბიუჯეტის დამტკიცება.

ოპოზიციის წევრები, რომლებიც საკითხის 26 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

"ეს კაცი აღარ იქნება მომავალი წლის საკრებულოში. როგორ უნდა მისცეს ახალი წლის ბიუჯეტს ხმა", - იკითხა მირდატ ქამადაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომელმაც ყურადღების მიპყრობა მაგიდაზე ასვლით სცადა.

მიუხედავად დაპირისპირებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებული წინა საკრებულო მაინც არ ცვლის გეგმებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ტიტე აროშიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გუშინ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს სხდომის ჩაშლის საშუალებას.

წაიკითხე მეტი.

გერმანიის ახალ კოალიციას სურს განვითარდეს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამა

გერმანიაში სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია და თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ დაასრულეს კოალიციური მოლაპარაკება - რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას, სავარაუდოდ, უკვე შობის დღესასწაულამდე ახალი მთავრობა ეყოლება.

სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, გერმანიის კანცლერი გახდება, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ სამი პარტია შეთანხმდა ახალ მთავრობაზე, რომლითაც დასრულდება ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის ეპოქა.

24 ნოემბერსვე გამოქვეყნდა კოალიციის შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა 2030 წლისთვის გერმანიაში ქვანახშირის გამოყენების აღმოფხვრა და 80 პროცენტით გადასვლა განახლების შესაძლებლობის მქონე ენერგიაზე, იმიგრანტების უფლება, გერმანიაში ხუთი წლის გატარების შემდეგ მოქალაქეობაზე შეიტანონ განაცხადი, მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდა და სხვა.

წაიკითხე მეტი.

რა გსურთ საქართველოსთვის? - "სიხარული და სრული დამოუკიდებლობა" - უცნობი არქივი

  • სახელი, მამის სახელი და გვარი, (ფსევდონიმიც) - კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია (ს.კ. აბაშისპირელი).
  • სწავლა სად მიიღეთ - ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება: პეტროგრადის, ლაიპციგის და ბერლინის უნივერსიტეტებში.
  • რა არის თქვენი ცხოვრების წყარო - პედაგოგიური მოღვაწეობა.
  • ყოველ წელს ბეჭდავთ რამეს თუ არა? - ყოველ წელს.
  • გრძნობთ თუ არა თქვენს თავს პროფესიონალ მწერლად? - ვგრძნობ.
  • რა გსურთ საქართველოსთვის? - ეროვნულ ტერიტორიული ავტონომია.

ეს არის ნაწყვეტი მწერლის მიერ შევსებული ანკეტიდან და იგი იმ საარქივო მასალის ნაწილია, რომელიც სულ ახლახან შეემატა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის კოლექციას.

უნიკალური არქივი, რომელშიც თავმოყრილია 1917 წელს დაარსებული მწერალთა კავშირის მასალები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს, მაშინ ცნობილ პუბლიცისტს, ილია აგლაძეს ეკუთვნოდა.

ეს საარქივო მასალა - მათ შორის, ყრილობის წესდების ორი ვარიანტი, მწერლების მიერ შევსებული ანკეტები, მათი ფაქსიმილეები, მწერალთა კავშირისგან ფულის სესხების წერილები, სხდომის ოქმები, ლექსების ხელნაწერები და ა.შ., იმ დროის მწერალთა კავშირზე ბევრ რამეს გვიყვება და მის ისტორიას საინტერესო ფაქტებით ავსებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, უთხრა რადიო თავისუფლებას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, როცა საარქივო მასალა ლიტერატურის მუზეუმისთვის კულტურის სამინისტრომ შეიძინა.

ლაშა ბაქრაძე გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს ფართო საზოგადოებისთვის არც კი იყო ცნობილი, რომ მწერალთა კავშირი 1917 წელს ჩამოყალიბდა. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, მისი თქმით, სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, ეს გაერთიანება უკვე არსებობდა. მწერალთა კავშირის საბჭოს მაშინ კოტე მაყაშვილი ედგა სათავეში.

სწორედ კოტე მაყაშვილია ჩანახატზე, რომელიც პაოლო იაშვილს ეკუთვნის და რომელიც გაკეთებულია 7 ოქტომბერს გამართულ მწერალთა კავშირის პირველ ყრილობამდე. ეს იყო ქართველი მწერლების პირველი კონფერენცია.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას „კლანის“ არსებობაზე და ამით თავს ესხმიან სასამართლო სისტემის ავტორიტეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG