ერთი თვე კორონავირუსის გამოვლენიდან

26 მარტი, 2020
ავტორი: გელა ბოჩიკაშვილი

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვე გავიდა.

ამ მომენტისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. დაავადების გავრცელების შესაკავებლად მთავრობამ ჯერ რეკომენდაციები გასცა, შემდეგ კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საფრთხის გამო ჩაკეტილია 150 ათასზე მეტი ადამიანით დასახლებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. რადიო თავისუფლება გთავაზობთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას.

26 თებერვალი - პირველი დადასტურებელი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სამშობლოში მომავალ მგზავრს აღმოჩნდა. დადასტურებამდე ერთი დღით ადრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მებაჟეებმა მას მაღალი სიცხე აღმოუჩინეს და იგი საზღვრიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩინეთი, ირანი და კორეა უკვე მაღალი რისკის ქვეყნებად აქვს მიჩნეული. თანდათან იცვლება მსოფლიო სტატისტიკაც ვირუსის ახალი შემთხვევების მეტი წილი ჩინეთს გარეთ ფიქსირდება. თანდათან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაშიც. ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მილანის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხიდან ერთამდე ამცირებს. მალევე მსგავს გადაწყვეტილებას იღებს Ryanair და თბილისი-მილანის რეისზე ფრენებს ანახევრებს. პირველ შემთხვევას თან მოსდევს პირველი რეკომენდაციებიც. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ჯერ არ არსებობს შიდა გავრცელების პრეცედენტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი მოქალაქეებს ურჩევს, აღარ გადაკოცნონ ერთმანეთი და არ ჩამოართვან ხელი შეხვედრისას.

27 თებერვალი - თვითიზოლაციის პირველი რეკომენდაცია

კორონავირუსის მეორე შემთხვევა ლაბორატორიულად მომდევნო დღეს 27 თებერვალს გვიან ღამით დასტურდება ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე იტალიაში დაინფიცირდა. ამ დროიდან სწრაფად მკაცრდება რეგულაციები. მათ, ვინც სამშობლოში ჩრდილოეთ იტალიიდან ბრუნდება 14-დღიან თვითიზოლაციას ურჩევენ. მომეტებული საფრთხის გამო ჩერდება სატვირთო გადაზიდვები იტალიასთან და ირანთან, “საქართველოს ფოსტით” ქვეყნიდან პირბადეების გაგზავნა იკრძალება. საქართველოში შემოსვლა აეკრძალა ყველა უცხოელს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ირანში იყო.

29 თებერვალი - ჩერდება სასწავლო პროცესი

29 თებერვლის დღის პირველ ნახევარში მესამე შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. : ეს პაციენტი და პირველი ინფიცირებული ირანში ერთად მოგზაუროობდნენ. ამ მოქალაქემ საქართველოს საზღვარი 38 გრადუსი სიცხით 28 თებრვალს გადმოკვეთა.
კორონავირუსის ამ შემთხვევის დადასტურება დროში ემთხვევა საჯარო სკოლებში არდადეგების ერთი კვირით ადრე დაწყებას. სკოლები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან იკეტება. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს თბილისის საბავშვო ბაღებმაც. ამ დღიდან მუშაობას წყვეტენ სახელმწიფო თეატრებისა და ბიბლიოთეკების ნაწილი მაყურებლის გარეშე ტარდება წყალბურთის ჩემპიონატი. მალევე სასწავლო პროცესი ჩერდება ყველა სკოლასა და უნივერსიტეტში.

1 მარტი - ეწყობა პირველი საველე კარვები საზღვრებთან

პირველი მარტიდან აქტიურად იწყება საჯარო სივრცეების, მათ შორის სკოლებისა და ტრანსპორტის დეზინფექცია; სახმელეთო საზღვრებთან და აეროპორტებთან იშლება საველე კარვები, გაიცა რეკომენდაცია “ქეშით” გადახდისგან თავის შეკავების შესახებ. საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 3 მარტიდან ხელმისაწვდომი ხდება ვებგვერდი - stopCoV.ge. აქ მთავრობა ინფიცირებული, კარანტინსა და სტაციონარში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციას ათავსებს, აქვე ქვეყნდება რეკომენდაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე, უმცირესობების მშობლიურ ენებიდან კი მხოლოდ აზერბაიჯანულად არის ხელმისაწვდომი.

5 მარტი - ფიქსირდება შიდა გადადების პირველი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს იტალიაში. შემდეგი, საქართველოსთვის რიგით მეოთხე შემთხვევა 5 მარტით თარიღდება. მოქალაქემ იტალიაში იმოგზაურა და შემდეგ თვითიზოლაციაში იყო. ამავე კლასტერში მყოფ 5 პირს ვირუსი მოგვიანებით უდასტურდება. იტალიიდან მომეტებული საფრთხე მთავრობას ფრენების შეზღუდვაზე აფიქრებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი მოქალაქეებს მოუწოდებს თავად მოერიდონ იტალიიდან ჩამოსულ ნაცნობებს, რომლებსაც არ ჰყოფნით პასუხისმგებლობა იზოლაციაში დარჩნენ.

7-8-9 მარტი - წყდება ავიამიმოსვლა იტალიასთან, წესდება სავალდებულო კარანტინი

ავიაკომპანია Ryanair, საქართველოს აეროპორტების თხოვნით, 7 მარტიდან წყვეტს ფრენებს ქუთაისიდან, 8 მარტიდან კი თბილისში ფრენების შემცირებაზეც ვრცელდება ინფორმაცია. მალევე უწყებათშორისი კომისია იტალიასთან ყველა ავიამიმოსვლას წყვეტს. ამ დღიდან საფრთხის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწესდებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ვალდებულები ხდებიან საზღვარზე თან იქონიონ კორონავირუსის ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტები. რეისების გაუქმებიდან რამდენიმე დღეში მთავრობა აცხადებს, რომ მზადაა სახელმწიფოს ხარჯებით იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად. მარტის დასაწყისშივე ირკვევა, რომ საავიაციო ბიზნესი წლის ბოლომდე 28 მილიარდ დოლარს იზარალებს, თბილისის აეროპორტებში ფრენები უკვე 21 %-ითაა შემცირებული. თებერვალში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა უკვე ჩნდება მოლოდინი კრიზისის დასაწყისზე. მარტის დასაწყისშივე ირკვევა, რომ საავიაციო ბიზნესი წლის ბოლომდე 28 მილიარდ დოლარს იზარალებს, თბილისის აეროპორტებში ფრენები უკვე 21 %-ითაა შემცირებული. თებერვალში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა უკვე ჩნდება მოლოდინი კრიზისის დასაწყისზე.

10-11 მარტი - ინფიცირებულთა რაოდენობა 24-მდე იზრდება, საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლაზე ამბობს უარს

საქართველოში კორონავირუსის მეათე შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს უდასტურდება. ის იმ კლასტერის კონტაქტია, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. იმავე დღეს შემთხვევების რაოდენობა 13-მდე იზრდება ორი დღის შემდეგ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ხდება. ინფიცირებულ პაციენტებს შორის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრიცაა.

10 მარტს, საღამოს მთავრობას თბილისში რომიდან 156 მოქალაქე ჩამოჰყავს. ყველა მათგანს სავალდებულო 14-დღიან კარანტინში ყოფნის ვადა ჯერ ისევ არ ამოწურვიათ. ამ საღამოს ინფიცირებულთა რაოდენობა 15-დან 23-მდე იზრდება. მანამ საქართველოში კორონავირუსის 24-ე შემთხვევა გამოვლინდება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა პირველ აპრილამდე ჩერდება, „კათარზისი“ საკვების ღია სივრციდან გაცემას იწყებს, საპატრიარქოში დეზინფექციის ჩატარებაზე მზაობა გამოთქვეს, პარლამენტში კი კონსტიტუციის დისტანციურად განხილვის წესზე დაიწყეს ფიქრი. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის საფრთხეებზე მუდმივად გრძელდებოდა საუბარი, ზუგდიდის სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი გამოცხადდა. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიას პანდემიად აცხადებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საფრთხე უკვე ყველა კონტინენტის მოსახლეობას ემუქრება. მეორე დღიდან კი იტალიის, ირანისა და ჩინეთის მსგავსად, გამკაცრებულ წესს დაექვემდებარნენ გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში შემომსვლელი პირებიც.

12-13 მარტი - მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ზუსტად ამ დროიდან, 12 მარტიდან მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის, კერძო კომპანიებსა და სამთავრობო უწყებებს კი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას ურჩევს. ამავე დღეს პირველად ითქვა, რომ ქვეყანა შესაძლებელია მალე უკონტროლო გავრცელების ეტაპზე გადავიდეს. “თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ უკონტროლოდ ვრცელდება ვირუსი”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ

ხელისუფლება
შეღავათებზე იწყებს საუბარს. 13 აპრილამდე ჩერდება სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა, სამინისტროების თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადადის, პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულება აღარ აქვთ, პატიმრებს კი პაემნები სატელეფონო ზარებით ეცვლებათ. ამ დღიდან ჩერდება სპორტული ღონისძიებები და იხურება ღამის კლუბები, ბასიანი, ხიდი და მტკვარზე.
მორიგი, 25-ე შემთხვევის დადასტურებასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დამრღვევების იძულებით კარანტინში მოთავსებას იწყებს. რამდენიმე საათში მთავრობა ტურზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს ოთხი თვით უვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს, თბილისის მერია ღია კაფე-ბარებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ქონებას იყენებს, 2020 წლის იჯარის თანხისგან ათავისუფლებს. იგივე რეკომენდაცია გაიცა რეგიონებზეც.

14-15 მარტი - დაფიქსირდა მესამეული გადაცემა, თუმცა კვალი ისევ არ იკარგება

კიდევ უფრო მკაცრდება სასაზღვრო შეზღუდვები 14 მარტიდან - შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან საქართველოში შემომსვლელებმა დამატებითი დოკუმენტები უნდა წარადგინონ. ამ დღეს საქართველოში 5 ახალი შემთხვევა, მათ შორის ე.წ. მესამეული გადაცემა ფიქსირდება.

16-21 მარტი - იკეტება საზღვრები, იხურება კურორტები და ქვეყანას პირველი განკურნებული პაციენტი ჰყავს

ორ დღეში საქართველო რუსეთთან მიმოსვლას აჩერებს. ამ დღესვე ითქვა, რომ ჩაიკეტება ყველა საზღვარი და დაიხურებოდა კომპანია Wizz Air-მა ერთი მიმართულების გარდა, საქართველოდან ყველა ფრენა შეაჩერა. 16 მარტს ინფიცირებულთა რაოდენობა თუმცა ამ დღეს საქართველოში პირველი ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან.
მომდევნო ოთხ დღეში 44-მდე იზრდება საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი. გაზრდილი მონაცემების ფონზე ამბობენ, რომ საქართველო შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. პრევენციის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა იკრძალება, პარალელურად, იწყება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევთა დაჯარიმებაზე საუბარიც. გარდა ამისა, იკეტება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები, Wizz Air ყველა ფრენას აუქმებს, საქართველოში კი საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება. ითქვა ისიც, რომ საქართველოში შემომსვლელი ყველა პირი კარანტინში მოხვდება.
გაზრდილი რისკების მიუხედავად, სინოდი გადაწყვეტილებას არ ცვლის და მრევლს კვლავ ერთი კოვზით აზიარებს.

21-26 მარტი - ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, კარანტინში ექცევა 2 მუნიციპალიტეტი

ბოლო ერთ კვირაში 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 44-დან 79-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ხელისუფლებას კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უწევს. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებას იზიარებს, პარლამენტი კი იმავე დღეს კენჭისყრით უჭერს მხარს. ითქვა, რომ 10 კაცის შეკრებაზე შეზღუდვა ეკლესიებსაც ეხება, საპატრიარქო კი განმარტავს, რომ ეს მათთვის “ბუკვალურად” გასაგები არ უნდა ყოფილიყო.
ახალი კორონავირუსით მარნეულში ინფიცირების შემთხვევა ვითარებას მკვეთრად ცვლის. 22 მარტს რაიონში 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირების წყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის. ამ მიზეზის გამო გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად ცხადდება და იკეტება. მალევე იხსნება საველე ჰოსპიტალიც. მეორე დღეს, ღამის 12 საათიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება და 21 აპრილამდე ხანგრძლივდება არდადეგები სკოლებში.

გარდა ამისა, მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლითაც ქორწილებისა და ქელეხების გამართვა და 10 კაცზე მეტის ერთად შეკრება აიკრძალა, აღმასრულებლებს კი უფლებამოსილებები შეუზღუდა. რეგულაციები შეეხოთ კვების ობიექტებსაც. რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისის ან ე.წ. დელივერის შეთავაზება შეუძლია სტუმრისთვის.
23 მარტითვე თარიღდება მთავრობის გამოცემული კიდევ ერთი დადგენილება, რომლითაც ცხრა პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარს გამოყოფს. ამ თანხით ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, ხორბლის, ხორბლის ფქვილის, რძის ფხვნილისა და ლობიოს ფასი არ უნდა გაიზარდოს.
ჯანდაცვის მინისტრი 25 მარტს კორონავირუსით გარდაცვლილთა დამარხვის წესს ამტკიცებს. რეგულაციების მიხედვით, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო. შემდეგ კი გვამის ჩანთას დეზინფექციას უკეთებენ. თუ ადამიანი სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვლება, გვამს სასახლით გადაასვენებენ, რომელშიც გარდაცვლილი ჩანთით იქნება მოთავსებული. ჩანთის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია. გარადცვლილი მაქსიმუმ 72 საათში ხალხმრავალი პანაშვიდის გარეშე უნდა დაიკრძალოს

თანმდევი ეფექტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდასთან და გამკაცრებულ რეგულაციებთან ერთად, უფასურდება ეროვნული ვალუტა. 26 თებერვლიდან მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ლარი დოლართან 66 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 70 თეთრით.