Accessibility links

logo-print logo-print

ექიმის ცოლი კუხიანიძეზე: შემიძლია ვაპატიო კიდეც


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს:

„ჩემი მეუღლე ტყვეობაშია. ოჯახში დარჩენილები ვართ მე და ჩემი ორი ქალიშვილი. ის, რომ მაგალითად ერეკლე კუხიანიძე ჩვენ გვაგინებს, ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება. ეს მისი პრობლემაა. როგორც მორალური თვალსაზრისით, ისე კაცობით. ჩვენ ეს უფრო გვაძლიერებს. მე არავის დავუპირისპირდები, შემიძლია ვაპატიო კიდეც. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ამას მივესალმები“.

რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, გატაცებული ექიმის ოჯახი „პროვოკატორობაში“ დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

16 დეკემბერს, ერეკლე კუხიანიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „კორექტულობის ზღვარს გადავიდა“ და ამაზე ბოდიშს იხდის.

კუხიანიძემ საკუთარი სიტყვები ასე განმარტა: „მე ვთქვი, რომ როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს და შენ მაინც მას შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის პროვოკაცია ან რაღაც... მე იმ მომენტში გამიჩნდა შეგრძნება და ვთქვი, რომ ის ფორმა არ არის სწორი“.

17 დეკემბერს, დილიდან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი. აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ, დატოვონ კუხიანიძის ოთახი, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. საკრებულოს დეპუტატის სამუშაო ოთახსა და მისაღებში მათ გააკრეს სტიკერები „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG