Accessibility links

ე.წ. ამომრჩეველთა სია ჰაკერების “ვიწრო წრეს” 9 წლის წინ ჩაუვარდა ხელში


ჰაკერულ ფორუმზე ანონიმი მომხმარებლის მიერ ატვირთული მონაცემთა ბაზა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიას წარმოადგენდა და 5 მილიონამდე ადამიანის პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, ჰაკერების “ვიწრო წრეს” პირველად ხელში 9 წლის წინ ჩაუვარდა.

მონაცემთა ბაზა, რომელიც 28 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა ინტერნეტში, საქართველოს 4 მილიონზე მეტი მოქალაქის პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, მისამართებს, მობილური ტელეფონის ნომრებს და სხვა მნიშვნელოვან პირად მონაცემებს შეიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა გამოცემამ, ZDNet- მა გაავრცელა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ მონაცემთა ბაზაში საქართველოს მოქალაქეთა რეალურ რაოდენობაზე მეტი ამომრჩევლის არსებობა იმით აიხსნებოდა, რომ მასში გარდაცვლილი ადამიანებიც იყვნენ შეყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისია კი უარყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ბაზა მათ საარჩევნო სიას წარმოადგენს.

“გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ”, - ეს არის განცხადება, რომელიც 30 მარტს ცესკომ გაავრცელა.

ZDNet-ი, რომელმაც ინფორმაცია მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფ Under the Breach-ზე დაყრდნობით გაავრცელა, აღნიშნავდა, რომ ის მოძველებულია და სწორედ ამიტომ მოიცავს გარდაცვლილ პირებს.

„ეს ძალიან ჰგავს უამრავ რუსულ მონაცემთა ბაზას, რომლებიც არა პოპულარულ ფორუმებზე, არამედ რუს ჰაკერთა ვიწრო წრეებში ტრიალებს. საერთაშორისო მასშტაბით ეს მონაცემთა ბაზები არავის აინტერესებს, რადგან მათი მონეტიზაცია მხოლოდ ლოკალურ დონეზეა შესაძლებელი“, - განუცხადეს Under The Breach-ის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას.

ZDNet-ი ინფორმაციის მიხედვით, ფორუმის მომხმარებელი, რომელმაც 1.04 გიგაბაიტი ზომის ფაილი გამოაქვეყნა, ფაილის წყაროდ საქართველოს საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პორტალს ასახელებდა.

ჰაკერულ საიტებზე მონაცემების გავრცელებას გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე, რომელმაც ამ თემაზე საუბარს “ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი” უწოდა და თქვა, რომ “მითქმა-მოთქმა, რომელსაც ამ თემაზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი უზრუნველყოფს, არასერიოზულია”.

31 მარტს ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული დახმარების ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას იწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG