აშშ-მა და თურქეთმა სენატის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ამერიკული გამანადგურებელი F-35-ის ერთობლივი პროგრამის გაგრძელების შესაძლო ვარიანტები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ. ტრამპმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თანამშრომლობის გასაგრძელებლად მთელი რიგი ალტერნატივები არსებობს.
„ჩემი პროგნოზით, რამეს მოვიფიქრებთ“, აღნიშნა ტრამპმა. მან ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებებზე შეეხნენ თურქეთის მიერ რუსული S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის თემას. ტრამპის სიტყვებით, მხარეები მზად არიან ამ საკითხის განსახილველად. ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ და თურქეთი გეგმავენ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას.
მოლაპარაკებების ფონია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სერიოზული გართულება ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. ვაშინგტონი აპირებს, ანკარა გაიყვანოს F-35-ის წარმოების პროგრამიდან მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შეიძინა.
დაწერეთ კომენტარი