ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, 23 იანვარს საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, როცა ათიათასობით ადამიანი სოციალისტი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აქციას მართავდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ზოგიერთი დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა და სავარაუდოდ, დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი. ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში მადურო კიდევ ერთხელ პრეზიდენტად შარშან აირჩიეს, თუმცა არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ვენესუელასა და მის საზღვრებს გარეთ. არჩევნების გაყალბების ბრალდების გარდა, მადუროს ვენესუელის ჩამოშლილი ეკონომიკისა და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის აკრიტიკებენ.