Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ჰპარავს ირანს ღრუბლებს?


ირანელმა ოფიციალურმა პირმა ქვეყნის მტრები - მათ შორის ისრაელი - დაადანაშაულა ამინდზე ზემოქმედებაში, რათა ირანი გვალვამ დააზარალოს. „პასიური თავდაცვის ორგანიზაციის“ - ირანის შეიარაღებული ძალების შემადგენელი შენაერთის - მეთაური, ღოლამრეზა ჯალალი, 2 ივლისს გამოვიდა ასეთი ბრალდებით შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა სოფლის მეურნეობის პრობლემებს, მათ შორის გვალვას. ბოლო დღეებში სამხრეთ-დასავლეთ ირანში რამდენიმე აქციაზე გააპროტესტეს სასმელი წყლის ნაკლებობა. როგორც ჯალალი ამბობს, ირანის „კვლევით ცენტრებში“ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამინდი შეცვლილია უცხოეთიდან მანიპულირების შედეგად. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდნენ მთიან რეგიონებს ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. დაადგინეს, რომ 2200 მეტრს ზემოთ იქ თოვლი იდო, მაშინ როცა ჩვენი მთები მშრალი რჩებოდა“, ამბობს ჯალალი. მისივე განმარტებით, „ისრაელისა და ირანის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ერთობლივი ჯგუფები ქმნიან ღრუბლებს, რომლებიც ირანში შედის“ და ასეთი ღრუბლებიდან წვიმა არ მოდის... ჯალალის არ დაუზუსტებია, რომელ მეზობელ ქვეყანას გულისხმობს, მაგრამ თქვა ის, რომ არსებობს „ღრუბლების მოპარვისა“ და „თოვლის მოპარვის“ პრობლემაც. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასობაში, საკუთრივ ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უარყო ღოლამრეზა ჯალალის მტკიცება. ამინდის პროგნოზის განყოფილების უფროს აჰმად ვაზიფეჰის განმარტებით, ქვეყნებს არ შეუძლიათ „თოვლის ან ღრუბლების მოპარვა“. საინფორმაციო სააგენტო „ილნასთან“ საუბრისას ვაზიფეჰმა თქვა, რომ არაფერი სმენია კვლევაზე, რომელიც ჯალალიმ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში მართლაც გახშირდა გვალვები, რაც მსოფლიო მასშტაბის ტენდენციაა. მეცნიერის აზრით, ჯალალის კომენტარებს ყურადღება პრობლემის რეალურად მოგვარების საჭიროებიდან სხვა საგანზე გადააქვს.

სპეციალისტები კლიმატურ ცვლილებებსა და წყლის რესურსების არასწორ მართვას მიიჩნევენ ირანში ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის ნაკლებობის მიზეზად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG