Accessibility links

logo-print logo-print

ვის სჯერა და ვის არა ივანიშვილის „ნამდვილი წასვლის“ - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 იანვარს


ბიძინას ოცნება წასვლაზე

11 იანვრის დილა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილით დაიწყო, სადაც ის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობდა. განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მმართველი პარტია შეიკრიბა და ივანიშვილის შემცვლელად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილმა 8-წლიანი მმართველობის თავზე შეძლო ქართული საზოგადოების გაერთიანება ერთ რამეში მაინც: თითქმის არავის სჯერა, რომ ის მართლა აპირებს ძალაუფლების დათმობას!

ვრცელი წერილი, რომლითაც „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დაემშვიდობა საზოგადოებას, კიდევ უფრო ამყარებს ამ მოსაზრებას. ივანიშვილის „ნამდვილი წასვლისა“ ყველაზე მეტად არ სჯერა იმ ხალხს, ვინც შიგნიდან იცნობს სისტემას. გია ხუხაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ ყველა ძაფი ივანიშვილამდე მიდის.

ვინ როგორ აღიქვა „ქართული ოცნების“ ლიდერის გადაწყვეტილება მეორედ წასვლის შესახებ, წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დარღვევების შესახებ თებერვლის თვეში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტის გამო პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ სადეპუტატო მანდატები.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“, საქართველოს პარლამენტი უკვე აღარ არის „ერთპარტიული პარლამენტი“ და ოპოზიციის „საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა“.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კოვიდსტატისტიკას გუშინ 551 ინფიცირებული დაემატა. კორონავირუსის შედეგად 23 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, ორშაბათს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე იმოქმედებს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, თებერვლამდე დარჩენილ დროს ხელისუფლება გამოიყენებს ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციისა და „უსაფრთხო გახსნისთვის“ მოსამზადებლად.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე 2020 წლის ანგარიშით პარლამენტში მიდის

დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პარლამენტში 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი მოხსენებით მივა.

როგორც საპროკურორო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიში შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა მეორედ, გასული წლის თებერვალში დაიკავა. ეს მისი პირველი მოხსენებაა მეათე მოწვევის პარლამენტში.

წარმომადგენელთა პალატა ამ კვირაში შეეცდება ტრამპის გადაყენებას

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები მიმდინარე კვირაში შეეცდებიან დონალდ ტრამპის გადაყენებას პრეზიდენტის პოსტიდან. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამ განცხადებით გამოვიდა კანონმდებლებისადმი გაგზავნილ წერილში.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლის, თუმცა მისი იმპიჩმენტის საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში მას მერე, რაც გასულ კვირაში მისი მოწოდებებით წაქეზებული მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

წაიკითხე მეტი.

ჩინური თუ არა, მაშ რომელი? - რა ვიცით კოვიდვაქცინაციის შესახებ საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე, არ განიხილება ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანა.

ვაქცინაციის პროცესი ჩინეთმა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო. ჩინეთის მიერ წარმოებული „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ისე ჩაეშვა მოხმარებაში, რომ მათ არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ევროპის მედიცინის სააგენტოსა და არც ამერიკის წამლებისა და საკვების ადმინისტრაციის ავტორიზაცია არ მიუღიათ. ჩინეთმა ვაქცინაციის პროცესი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამოკვლევის სამი სავალდებულო ფაზის გავლის გარეშე, გამოკვლევის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო.

მაშ, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოვა, მხოლოდ და მხოლოდ, ის ვაქცინა, რომელსაც გავლილი ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია ან მინიჭებული ექნება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია.

რა ვიცით კოვიდვაქცინაციის შესახებ საქართველოში? ამის შესახებ ვრცლად წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

„სპუტნიკთან“ დაკავშირებით ისევ უამრავი შეკითხვა რჩება. თუმცა სულ უფრო მატულობს შანსი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა მართლაც ეფექტიანი იყოს. ეს კი ყველასთვის კარგია...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG