Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის შეხვდა ამერიკის ელჩი პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში


აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პატრიარქს, მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

კელი დეგნანი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 31 იანვარს შეუდგა.

„რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე.

ილია მეორეს ელჩი 4 თებერვალს შეხვდა.

„პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, - თქვა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ შეხვედრისას და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის შეხვედრა 7 თებერვალს, ბიზნესცენტრში გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ცხოვრობს. შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეც.

ამერიკის ელჩს საქართველოში პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში მიმართეს აქტივისტების გაერთიანება #სირცხვილიას წევრებმა.

„გვინდა გთხოვოთ, დაეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ, რისი მიღწევაც პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაარწმუნოთ მმართველი პარტია, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა“, - ნათქვამი იყო მათ მისასალმებელ მიმართვაში.

ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

17 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის ოკუპაციას.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიალზე.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი, იგი მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG