Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ქარჩხაძე COVID-19-ის ფონზე ჩანაცვლებითი თერაპიის წესებზე


ზაზა ქარჩხაძე COVID-19-ის ფონზე ჩანაცვლებითი თერაპიის წესებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:43 0:00

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულია 12 ათასზე მეტი ბენეფიციარი. პროგრამის განხორციელება გრძელდება COVID-19-ის გამოწვევის ფონზეც და როგორც პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი პირი, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი ზაზა ქარჩხაძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, პროცესი გრძელდება საგანგებო მდგომარეობისას გათვალისწინებული წესების დარღვევით და ეს შეეხება ადამიანების თავშეყრისა და მათი დიდხანს, ერთ სივრცეში ყოფნის თავიდან აცილების რეკომენდაციის დარღვევას. უნდა ითქვას, რომ პროგრამის ორგანიზატორებმა ნაწილობრივ გაითვალისწინეს საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ შექმნილ ვითარებაში ჩანაცვლებითი თერაპიის მიმღებ პირებს, ნაცვლად ადგილზე მიღებისა, თან ატანენ წამლის 5 დღის სამყოფ დოზას. ნაწილობრივ, რადგან ასეთ ვითარებაში რეკომენდებულია პაციენტებისთვის 14 და რიგ შემთხვევაში 28 დღის დოზის გატანებაც კი. ზაზა ქარჩხაძე ამბობს, რომ ადგილებზე ისეთი რიგები იქმნება, რომ ყველა თვალსაზრისით ირღვევა დისტანცირების პრინციპი და წამლის გაცემისთვის საჭირო დრო იძულებულს ხდის პაციენტებს, რომ დიდხანს იყვნენ შენობაში შეჯგუფებულები. რადიო თავისუფლებას ზაზა ქარჩხაძე ქუთაისიდან ჩაერთო: „დღეს, მაგალითად, უნდა გამომეტანა ხუთი დღის დოზა, მაგრამ იქ ისეთი ამბავი დამხვდა, იმხელა რიგი, შეჯგუფებული ადამიანები, რომ შეუძლებელი იყო იქ დალოდება. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები ითვლება მაღალი რისკის ადგილებად ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით. 15 ათასზე მეტი პაციენტი ჰყავს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს. ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში, აქვთ ურთიერთობა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან, რომლებიც ასევე ხშირად მიგრირებენ სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ ამ ადამიანებში ვირუსის გადადების რისკი მაღალია. ეს გაითვალისწინა მთავრობამ და დაიწყო მათთვის წამლის გატანება. მხოლოდ, ცუდი ის არის, რომ არ გაითვალისწინეს რეკომენდაციები. აშშ-ის ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურები ამბობენ, რომ სტაბილურ პაციენტებს უნდა გაატანონ 28 დღის დოზა, დანარჩენებს კი 14 დღის დოზა მაინც. ევროპის ქვეყნებში ეპიდემიური ფონის გარეშეც ატანენ 10 დღის დოზას. ჩვენებმა გაითვალისწინეს ეს რეკომენდაცია, მაგრამ შემოიღეს მხოლოდ 5 დღის დოზის გატანება, რაც ნამდვილად არ აღმოჩნდა საკმარისი. ადგილზე გროვდება 800 კაცი. ისეთი რეგულაციები აქვთ წამლის გაცემის, თითო პაციენტის მომსახურებას სჭირდება ნახევარი საათი: ის უნდა შევიდეს შენობაში, ავიდეს ექიმთან, რაღაც ქაღალდები შეივსოს, მერე უნდა ჩამოვიდეს, ჩამოუსხან პრეპარატი ცალ-ცალკე ჭურჭელში, უნდა დალუქონ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. ამიტომ ჩნდება ეს რიგები და მივიღეთ ისეთი სურათი - გავრცელების რისკის შემცირების ნაცვლად, ის ასეთ ვითარებაში მაღალია". ზაზა ქარჩხაძე ფიქრობს, რომ ეპიდემიის საფრთხის ფონზე ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებისთვის წამლის გაცემა უნდა გამარტივდეს: „სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს რეგულაციები, ეს ბიუროკრატიული მექანიზმები და ეს შიშები, რომ ცალ-ცალკე უნდა ჩამოვუსხათ, რამე არ შეეშალოთ... ეს ყველაფერი უნდა გადაწიონ გვერდზე და გაამარტივონ გაცემის პროცედურა. მაგალითად, თავისუფლად შეუძლიათ წინა დღეს გააამზადონ იმ ადამიანების დოზები, ვისაც უწევს გატანა და პირდაპირ, ექიმთან ასვლის და ხელის მოწერის გარეშე, კარებში მიაწოდონ თავიანთი დოზები ამ ადამიანებს. ამას დასჭირდება ორი წამი, ნაცვლად იმ ნახევარი საათისა, რაც ახლა სჭირდება და დახურულ სივრცეში ტრიალებს რამდენიმე ათეული ადამიანი, ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე". "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს: „მივმართავდი ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელსაც შეიძლება უშუალოდ სულ არ ეხება ჩანაცვლებითი პროგრამების რეგულაციები, მაგრამ, რადგან ეპიდემიაზეა პასუხისმგებელი, აუცილებლად უნდა მისცეს რეკომენდაციები შესაბამის სტრუქტურებს, რომ მაქსიმალურად გაამარტივონ გაცემის პროცედურები და რაც მთავარია, გაზარდონ დღეების რაოდენობა, მინიმუმ ორი კვირის ულუფა მაინც რომ გაატანონ პაციენტებს, რომ მათ ორ კვირაში ერთხელ მოუწიოთ ადგილზე მისვლა. აუცილებელია ამის გაკეთება, რომ ამხელა შრომა წყალში არ ჩაიყაროს და ეპიდემიის ბუდედ არ გადაიქცეს ჩანაცვლებითი თერაპიის საიტები".

XS
SM
MD
LG